თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოში გასაჩივრდება, არასრულწლოვნის დედას კი, სასამართლო, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, ბავშვის საქართველოდან გაყვანა (გადაადგილება) აეკრძალა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქე არასრულწლოვანი კვიპროსის რესპუბლიკაში დაბრუნდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ბავშვი საქართველოში არ არის ადაპტირებული, საქართველოში გადაადგილებულია არამართლზომიერად და მშობლებს შორის არ არის გადაწყვეტილი ბავშვის საცხოვრებელი ადგილი, თუმცა რომელი მტკიცებულების საფუძველზე დააფუძნა თავის გადაწყვეტილება სასამართლომ, უცნობია. სააპელაციო სასამართლომ ბავშვთან გასაუბრების მეტი დრო ქართულ ენაზე აწარმოა. ბავშვი, ბოლო 1 წლის განმავლობაში, იმდენად ინტეგრირებული გახდა გარემოსთან, რომ შეძლო ქართული ენის შესწავლა, რაც გაზიარებული არ ჰქონია. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მტკიცებულებები, რა დროსაც, ბავშვის საქართველოში შემოსვლის პერიოდში, მშობლებს შორის არსებობდა კონტაქტი არასრუწლოვნის გადაადგილების შესახებ. შესაბამისად, არ მომხდარა არამართლზომიერად გადადაგილების გამომრიცხავი სხვა მტკციებულებების გაზიარება. რაც შეეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხს, აღნიშნული არ წარმოადგენდა სასამართლოს კვლევის საგანს, რითაც „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის არასწორ განმარტებასთან გვაქვს დაშვება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, ჰგავს პასუხისმგებლობის აღებაზე შეგნებულ უარს და პრობლემის საქართველოს უზენაესს სასამართლოსკენ დამისამართებას. სასამართლოს გადაწყვეტილება ორიენტირებული უნდა ყოფილიყო ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებზე და არა - მშობლების სურვილებზე, სასამართლოს სწორად უნდა განესაზღვრა არასრულწლოვნის ეს ინტერესები, რაც კრიტიკას ვერ უძლებს. იმ პირობებში, როდესაც ბავშვის არც ერთი მშობელი აღარ ცხოვრობს კვიპროსის რესპუბლიკაში, სასამართლომ დედისგან მიიღო ინფორმაცია, რომ დასაქმებული არ არის კვიპროსში, არც საცხოვრებელით არის უზრუნველყოფი, ბავშვი 2018 წლიდან ცხოვრობს და ვითარდება საქართველოში, ჰყავს ქართველი მეგობრები, დადის ბაღში, მამა მუდმივად ცხოვრობს და საქმიანობს საქართველოში ოჯახთან ერთად. საქმეში არსებობს მშობლებს შორის 2015 წლის 17 დეკემბრის შეთანხმება, რომელიც ადგენს შვილის მიმართ მამის ექსკლუზიურ მზრუნველობას და ბავშვი დაბადებიდან ცხოვრობს მამის ოჯახთან ერთად, სასამართლოს უნდა ეფიქრა ახალ გარემოებებზე და მიეღო ბავშვის საქართველოში დარჩენის გადაწყვეტილება, რადგანაც საქართველო, ყველა წინაპირობით, უკვე ითვლება ბავშვის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არც ერთ შემთხვევაში, არ ეხება ბავშვის უფლებების დაცვას. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებიდან „ბავშვი“ დაცვის ღირსი ინტერესის გარეშე დატოვა, შეგნებულად უარი თქვა „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის სწორ განმარტებსა და დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე, რა შემთხვევაშიც, არ არსებობდა არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი სინამდვილე, არასრუწლოვანი კვიპროსის რესპუბლიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება გაზიარებულიყო.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლომ ფორმალური მართლმსაჯულება განახორციელა, რომლის გასწორების შესაძლობა აქვს საქართველოს უზენაესს სასამართლოს. მისივე განმარტებით, ანტონების საქმე, შესაძლოა, ევროსასამართლოშიც გაიგზვანოს, ვინაიდან უკვე სახეზეა სისტემური ხასიათის დარღვევები, რომელიც საქმეში წარმოდგენილი სოციალური მომსახურების სამსახურის დასკვნებს, არასრულწლოვნის ინტერესების უგულვებელყოფას, სასამართლო განხილვის ეტაპზე საპროცესო უფლებების დარღვევისა და საქმის გონივრულ ვადაში განხილვის საკითხებს შეეხება. არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, საქმეზე დოკუმენტური ფილმიც გამოქვეყნდება, რომელიც დეტალურად წარმოაჩენს ქართული სასამართლოს როლს და სახელმწიფო ინსტიტუციების დაუჯერებელ მოქმედებებს, რაც საბოლოო ჯამში, არასრულწლოვნის წინააღმდეგ მეტყველებს.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეში 2019 წლის ნოემბერში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩაერთო. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე ნატალია ნაზღაიძემ (თავმჯდომარე), მაია სულხანიშვილმა, მაია გიგაურმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში კი საქმე - ირინა ზარქუამ განიხილეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომ გასაჩივრდება.