ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „რწმენისა და აღმსარებლობის შესაძლებლობა საქართველოში“ კვლევის პრეზენტაცია და თემაზე სადისკუსიო მრგვალი მაგიდა გამართა. ორგანიზაციამ წარმოადგინა სარეკომენდაციო პაკეტი საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოსა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების რედაქტორების მიმართ, სადაც საუბარი რელიგიურ კონფენსიებს შორის ტოლერანტული გარემოს შექმნისთვის საჭირო მოქმედებების აუცილებლობაზეა საუბარი. ორგანიზაციამ კვლევაში ფართოდ წარმოაჩინა ცოტა ხნის წინ, ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროსა და ბოლოს უკვე, 2013 წლის 26 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში რელიგიურ ნიადაგზე შექმნილი სირთულეების ანალიზი. კვლევის ავტორთა შეფასებით, ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროსა და ბოლოს უკვე ჭელაში მოვლენებმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული აზრისა და მოთხოვნილებების მიმართ, ამ შემთხვევაში, რელიგიური უმცირესობების მიმართ, შეუმწყნარებელი დამოკიდებულება, ანტაგონისტური გარემო, რომლის აღმოფხვრასაც, სახელმწიფოს მხრიდან, შესაბამისი მხარდაჭერა სჭირდება.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სოფელ ჭელაში, მანამდე კი ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში, უხეშად დაირღვა მუსლიმთა უფლებები. არასათაანდო ძალის გამოყენებით, ადგილი ჰქონდა მორწმუნეების ფიზიკურ შეურაცხყოფასაც. მუსლიმი მრევლის მიმართ სხვადასხვა შემთხვევების დროს განხორციელებული მუქარის, რელიგიური რიტუალისთვის ხელშეშლის, მათი დევნის ფაქტებს არც ერთ შემთხვევაში არ მოჰყოლია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რაც ზრდის შესაძლებლობას, ინციდენტების განმეორების შემთხვევაში, ანტაგონისტურად განწყობილ ადამიანებში ძალადობის წახალისება გამოიწვიოს. ამასთან, შესაძლებელია, ასეთმა „დაუსჯელობის სინდრომმა“ მუსლიმთა შევიწროვების პერიოდულ ხასიათს მყარი საფუძვლები შეუქმნას. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მუსლიმი მრევლის რელიგიური თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვისა და დისკრიმინაციის ფაქტებიდან, ჭელას შემთხვევა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის მთავარი შემთხვევა იყო.
მომზადებული დოკუმენტი მცდელობაა, უპასუხოს კითხვებს: რამდენად ობიექტურია დასახელებული წინაპირობები, რომელიც კონფესიებს შორის დაძაბულობას და შეუმწყნარებლობას იწვევს, რელიგიურ ნიადაგზე არსებული პრობლემები აჩვენებს რეალურ დაპირისპირებას თუ მიუთითებს საკითხის ხელოვნურ გამწვავებაზე, რამდენად უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, რა პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს საპატრიარქოს, ცალკეულ კონფესიებსა და სამთავრობო უწყებებს რელიგიურ ნიადაგზე არსებულ შესაძლო პრობლემების გადაჭრისათვის, რამდენად დაინტერესებულია რელიგიურ ნიადაგზე შესაძლო კონფლიქტით ისლამური სახელმწიფოები, აქტიური სოციალური ჯგუფები და საქართველოსთან მტრულად განწყობილი ქვეყნები, რა ეროვნული მექანიზმი და რესურსი არსებობს იმისთვის, რომ მიღებულ იქნეს რელიგიურ ნიადაგზე შესაძლო დაძაბულობების პრევენცია და ქვეყანაში არსებობდეს თანასწორუფლებიანი აღმსარებლობის გარემო, სხვა.
ორგანიზაციამ საკითხთან დაკავშირებით, რვა რეკომენდაცია შეიმუშავა. კვლევის პრეზენტაციას სხვადასხვა რელიგიური კონფენსიების წარმომადგენლებთან ერთად, საკითხის სპეციალისტები და უფლებადამცველები ესწრებოდნენ. „ახალგაზრდა ადვოკატები“ სარეკომენდაციო პაკეტს შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ინსტიტუციებს 7 ოქტომბერს გადაუგზვანის.
კვლევის სარეკომენდაციო ნაწილი
საქართველოს საპატრიარქოს, საქართელოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების რედაქტორებს
საპატრიარქოს მიმართ
რეკომენდაცია #1 - მნიშვნელოვანია, საქართველოს საპატრიარქომ გააძლიეროს ინტერრელიგიური ჯგუფის მუშაობა, რომელიც სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს შორის გააღრმავებს ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს წარმოშობილი პრობლემების ეფექტურ გადაჭრას და საყურადღებო საკითხების მიმართ, უზრუნველყოფს მრევლის ინფორმირებას. ინტერრელიგიურმა ჯგუფმა არ უნდა დაუშვას საქართველოში, რელიგიურ ნიადაგზე რაიმე სახის კონფლიქტის არსებობა და სათანადო რეაგირება მოახდინოს გარე ძალების ზემოქმედებაზე მორწმუნეებს შორის შუღლისა და დაპირისპირების გაღვივების მცდელობებისთვის.
რეკომენდაცია #2 – მნიშვნელოვანია, საქართველოს საპატრიარქომ სხვადასხვა კონფესიებთან ინსტიტუციური დიალოგის დროს, ერთობლივი ძალებით, განახორციელოს სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მოქალაქეთა საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობდა ტოლერანტობის, რწმენის თავისუფლებისა და რელიგიური შემწყნარებლობის პრინციპების გაძლიერებას. ამასთან, საპატრიარქოს ხელმძღვანელობით, შესაძლებელია, საქართველოში არსებულმა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა მიიღონ ერთობლივი კომუნიკე, რომელიც მორწმუნეებისთვის გახდებოდა გასათვალისწინებელი დოკუმენტი და იქნებოდა პირველი სერიოზული პრევენცია რელიგიურ ნიადაგზე შესაძლო დაძაბულობების პრევენციისათვის.
რეკომენდაცია #3 - საქართველოს ეკლესიამ უნდა გააძლიეროს მრევლის სამოქალაქო განათლების ამაღლებაზე ზრუნვა და იმავდროულად, კარგად იქნეს შეფასებული, საერო და სასულიერო პირთა ურთიერთჩაურევლობა ისეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც გამომდინარეობს სახელმწიფო კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხებიდან და არ რეგულირდება საეკელსიო სამართლით დადგენილი წესებითა და მოქმედებებით.
საქართველოს მთავრობის მიმართ
რეკომენდაცია #4 - საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს თანაზომიერი, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც არ ლახავს მოქალაქეთა რელიგიურ გრძნობებს და სრულად იცავს რწმენისა და აღმსარებლობის კონსტიტუციურად გარანტირებულ უფლებას. საქართველოს მთავრობის ვალდებულებას წარმოადგენს, უზრუნველყოს ეფექტური გამოძიება და პასუხისმგებლობის საკითხის დასმა 2012 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და 2013 წლის აგვისტოს რელიგიურ ნიადაგზე წამოჭრილ დავებში, ყველა კანონდამრღვევი პირის გამოვლენის მიმართულებით. დაუშვებელია შერჩევითი დამოკიდებულება, რომელიც, პრობლემის განმუხტვით, ვერ უზრუნველყოფს საკითხზე სამართლიანობის აღდგენას. ამასთან, მთავრობამ ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა აღარ მოხდეს, კონკრეტულ რეგიონებში რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევა, რათა აღარ მოხდეს ისეთი დანაშაულებრივი ქმედებები, რასაც უკვე ადგილი ჰქონდა განხულულ უთხივე შემთხვევაში.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა მოუწოდოს ადგილობრივ თვითმმართველობებს, რათა მეტი ყურადღება გამოიჩინონ მათ რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და არ დაუშვან ადგილობრივ დონეზე, რელიგიურ ნიადაგზე დაპირსპირების არსებობა.
სახელმწიფომ თავისი პოზიტიური ვალდებულება უნდა შეასრულოს და მყისიერად მოახდინოს ჩარევა ყველა კონკრეტულ სიტუაციაში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს რელიგიის თავისუფლებით ეფექტური სარგებლობა.
რეკომენდაცია #5 - მთავრობამ უნდა შეამოწმოს და დაადგინოს საქმიანობის განხორციელებით აღჭურვილი პირების კვალიფიკიურობის საკითხი. დაუშვებელია, საჯარო მოხელე ან საჯარო ხელისუფლების განხორციელების მქონე პირი წარმოადგენდეს არაკვალიფიციურ პიროვნებას, რომელიც მიღებული გადაწყვეტილებების დროს არ ხელმძღვანელობს მოქმედი სამართლით და უპირატესობას ანიჭებდეს საკითხისადმი ტრადიციულ მიდგომებს.
საქართველოს პარლამენტის მიმართ
რეკომენდაცია #6 - საქართველოს პარლამენტმა უნდა დახვეწოს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების უზრუნველყოფის შესახებ არსებული კანონმდებლობა და შექმნას/შემოიტანოს საერთაშორისო სტანდარტი/გამოცდილება, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს რელიგიური უმცირესობების უფლებებს, მეორე მხრივ გაამკაცრებს რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებების მიმართ პასუხისმგებლობას და სანქციას. ამასთან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ორგანომ მოამზადოს საკანონმდებლო ინიციტივა, რომელიც განსაზღვრავს, დააზუსტებს და მკაფიოდ გახდის რელიგიური და საკულტო ნაგებობების მშენებლობის რეგულაციას და ამ მიმართულებით, აღმოფხვრის საკანონმდებლო ხარვეზსს.
საქართველოს სასამართლოების მიმართ
რეკომენდაცია #7 - სასამართლო ორგანომ უნდა გამორიცხოს რელიგიური უმცირესობების უფლებების დავების განხილვასთან დაკავშირებით შერჩევითი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები დააფუძნოს მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. დაუშვებელია ლმობიერი დამოკიდებულება, რომელიც ეფუძნება საზოგადოებრივი აზრს და არა სამართლებრივ სინამდვილეს.
მასობრივი საინფორმაციო საშუალებების რედაქტორებს
რეკომენდაცია #8 – მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ დაბალანსებული და დაზუსტებული ინფორმაციის მომზადება, როდესაც გაშუქება რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და პრობლემური საკითხებს ეხება. მედიამ არ უნდა უზრუნველყოს „სიძულვილის ენის“ გავრცელება რელიგიური კონფესიების საქმიანობისა და მორწმუნეების მიმართ. მედია განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების წარმოჩენას საზოგადოებას და მყისიერად მოახდინოს, ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორება.