გერმანიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქეს ინკრიმინირებულად მიჩნეული 5000 ევრო დაუბრუნა

1 აგვისტო, 2020

„ახალგაზრდა ადვოკატების“ დახმარებით, საქართველოს მოქალაქემ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს დაუსაბუთა, რომ 2019 წლის ოქტომბერში პოლიციის მიერ ჩამორთმეული 5000 ევრო არ იყო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და ინკრიმინირებული თანხა, რის გამოც, პოლიციამ გაიზიარა ორგანიზაციის მტკიცება და არგუმენტები თანხის ნამდვილი მესაკუთრისთვის დაბრუნების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ განცხადებას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, წარმატებით დასრულდა ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქართველოს მოქალაქის კიდევ ერთი საქმე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს. ბ. საქართველოს კიდევ სამ მოქალაქესთან ერთად, ავსტრიიდან გერმანიაში, ავტობუსის მეშვეობით, გამგზავრა 2019 წლის 4 ოქტომბერს, რა დროსაც მიუნხენის პოლიციამ შეაჩერა. პოლიციის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირდა, რომ ს.ბ-სთან ერთად თანმხლები პირები გერმანიასა და ავსტრიაში გადაადგილდებოდნენ სხვადასხვა სახელით. ისინი დასახელებულ ქვეყნებში ქურდობისთვის არაერთგზის იყვნენ დაკავებული. პოლიციამ აღნიშნა, რომ ვინაიდან ს.ბ. გერმანიაში შესვლას ცდილობდა დასახელებეულ თანმხლებ პირებთან ერთად, იმყოფებოდა მათთან კავშირში, ხოლო მისთვის ჩამორთმეული 5000 ევრო წარმოადგენდა სავარაუდო დანაშაულის გზით მოპოვებულ თანხას. შეჩერებისას, ს.ბ-მ პოლიციას განუმარტა, რომ აღმოჩენილი თანხით ნიუნბერგში სურდა ავტომობილის შეძენა, გააჩნდა ყოველთვიური შემოსავალი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის კუთხით, მაგრამ პოლიციის ანგარიში აღინიშნა, რომ საქართველოს მოქალაქის ეს პოზიცია სარწმუნოდ არ უნდა მიჩნეულიყო. პოლიციის შეხედულებით, მოქალაქეს თანამგზავრებისგან აღებული ჰქონდა ინკრიმინირებული თანხა შესანახად, რათა მომხდარიყო ამ თანხის შემდგომი ინვესტირება ავტომობილების შესაძენად. შესაბამისად, მიუნხენის პოლიციამ მოქალაქეს თანხა ჩამოართვა და ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ს.ბ-ს საქმეზე განახორციელეს ყოვლისმომცველი წარმომადგენლობა. მიუნხენის პოლიციისთვის წარდგენილი იქნა თანხის წარმომავლობის დამტკიცებისთვის ყველა ვარგისი მტკიცებულება. ორგანიზაციამ, თითქმის უიმედო ვითარებაში, დაამტკიცა, რომ ს.ბ-ს კუთვნილი თანხა წარმოადგენდა მოქალაქის საკუთრებას, მისი დაკავება კი - საკუთრების უფლების შეალხვის შემთხვევას. შესაბამისად, მიუნხენის პოლიციამ 2020 წლის ივლისის თვეში თანხის საქართველოს მოქალაქისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რაც უკვე მიიღო მესაკუთრემ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს მოქალაქის წინაშე მდგარი პრობლემის მოგვარებაში, განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ხაზს უსმევს მიუნხენის პოლიციასთან კარგი კომუნიკაციის სტანდარტს და პოლიციის მიუკერძოებელ დაინტერესებას, გაერკვია სიმართლე, არ შეელახა მოქალაქის უფლება და მიეღო სამართლიანი გადაწყვეტილება. მოქალაქემ ორგანიზაციას დახმარების აღმოჩენის მიზნით, 2019 წლის ნოემბერში მომართა. საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განახორციელა.



კომენტარები