საზოგადოებრივი ადვოკატების ახალი შეფასების სისტემა ხარვეზიანია - "ახალგაზრდა ადვოკატები"

31 აგვისტო, 2020

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატების, სამსახურის ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობის შეფასების ახალ სისტემასთან დაკავშირებით შესწავლის შედეგებზე განცხადებას ავრცელებს, გამოკვეთს პრობლემურ მხარეებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ფორმით ცვლილებების დანერგვა სფეროში არსებულ პრობლემებს ვერ გადაჭრის. პირიქით, შესაძლებელია, გაცილებით მეტი სირთულის საფუძველი გახდეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, 2020 წლის 4 ივლისის იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებით, დამტკიცდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციის და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი და კრიტერიუმები. არსებით მნიშვნელობას იძენს დოკუმენტში წარმოდგენილი "სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაცია და იურიდიული დახმარების ხარისხის სტანდარტი", „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები", „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი", „იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების უფლებამოსილება და პროცედურა". ორგანიზაცია საკითხის ყოველმხრივი შესწავლის შედეგად აღნიშნავს, რომ დებულებებში არსებული კონკრეტული ჩანაწერები და რეგულაციები წარმოადგენს შემზღუდველ ჩარევას ადვოკატის, როგორც თავისუფალი პროფესიის მქონე პირის საქმიანობაში, სათანადოდ არ იცავს ადვოკატის დამოუკიდებლობას და შეუვალობას, არ ქმნის საკმარისს საფუძვლებს საზოგადოებრივი ადვოკატის საქმიანობა შეფასდეს თანაბარი და სამართლიანი მიდგომებით, შეფასების დროს, არ ხდება საზოგადოებრივი ადვოკატის დღევანდელი დატვირთულობის და საქმეთა ნაკადის მართვის გათვალისწინება, საფრთხის წინაშე დგება კლიენტთან ურთიერთობის დროს მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია, ჩნდება პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების საფუძვლები, სახელმწიფოს ჩარევა საზოგადოებრივი ადვოკატის საქმიანობაში არ ქმნის ასეთი ჩარევის ლეგიტიმურ მიზანს იმ ამოცანების გადაჭრის უზრუნველსაყოფად, რასაც მომსახურების ხარისხის ამაღლების კეთილშობილური მიზანი და ამ კუთხით საზოგადოებრივი ადვოკატის ინსტიტუტის გაძლიერება ჰქვია.

1. ბენეფიციართან კომუნიკაციის კითხვარი წარმოადგენს პირველად დოკუმენტს, რომელსაც ავსებს ადვოკატი/კონსულტანტი ბენეფიციართან კომუნიკაციისას, ივსება ბენეფიციართან პირველივე კომუნიკაციის ეტაპიდან და გრძელდება საქმის მიმდინარეობის შესაბამისად. სწორედ აღნიშნული დოკუმენტი ხდება ადვოკატის/კონსულტანტის შეფასების დაწყების საფუძველი. ეს დოკუმენტი შეიცავს ბენეფიციარის მონაცემებს, თუმცა თუ ბენეფიციარი უარს აცხადებს კითხვარის ხელმოწერაზე, მართალია, აღნიშნულზე ხდება ჩანაწერი, მაგრამ დოკუმენტს ხელს აწერს ადვოკატი/კონსულტანტი. ბუნებრივია, აღნიშნული პირდაპირ თუ ირიბად, ქმნის ბენეფიციარის შესახებ პერსონალური ან/და კონფიდენციალური ინფორმაციის მიღების საფუძვლებს ისე, რომ მონაცემების დამუშავებას, შენახვასა და გამოყენებაზე, საჭირო არ ხდება ბენეფიციარის ხელმოწერა. ამასთან, თუ ბენეფიციარი რამდენჯერმე ცხადდება კონსულტაციაზე სხვადასხვა საკითხზე, მაშინ ბენეფიციართან კომუნიკაციის კითხვარი ივსება ყოველ ჯერზე, ხოლო სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის შემთხვევაში, კონსულტაციის შევსება ხდება ბენეფიციართან კომუნიკაციის კითხვარის გარეშე. ეს უკანასკნელი, კიდევ უფრო მეტად ართულებს პრობლემურ საკითხს.

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციებისა და იურიდიული დახმარების აღრიცხვის ელექტრონულ სისტემას წარმოადგენს Case-Bank-ი. ახალი ცვლილებითაც, იგი განმარტებულია, როგორც მიმდინარე და დასრულებული საქმეების, კონსულტაციების, ადვოკატის/კონსულტანტის მიერ განხორციელებული ქმედებების/აქტივობების მართვის საინფორმაციო სისტემა. სისტემა, დღესდღეობითაც ქმნის ადვოკატის/კონსულტანტის პრაქტიკული კომპეტენციის შეფასების საშუალებას. შესაბამისად, ბენეფიციართან კომუნიკაციის კითხვარის პირველად დოკუმენტად მიჩნევა, გარდა პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის უნებართვოდ მიღება/გამოყენება/გავრცელების საფრთხისა, წარმოადგენს დამატებით ბიოროკრატიულ მექანიზმს, რაც მოითხოვს ადვოკატის/კონსულტანტის პროფესიული დროის არარელევანტური კუთხით გამოყენებას. Case-Bank-ის დღევანდელი სისტემა სრულად პასუხობს იმ მიზნებსა და ამოცანებს, რაც კომუნიკაციის კითხვარს შემოაქვს.

2. საქმის/კონსულტაციის დასრულების შემდგომ ბენეფიციარს ეგზავნება ბენეფიციარის კმაყოფილების კვლევა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების შესახებ. ბენეფიციარის კმაყოფილების კვლევაში, ბენეფიციარი მიუთითებს მის შეფასებას სამსახურის (ადვოკატის/კონსულტანტის) მიერ გაწეული მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. უცნობია, ბენეფიციარის კმაყოფილების კვლევა ნებაყოფლობითია თუ სავალდებულო ხასიათის. ერთ შემთხვევაში, შემფასებელი კითხვარს გასაგებ ენაზე ფოსტით უგზავნის ბენეფიციარს, თუმცა ჩანაწერი არ გვხდება, არის თუ არა სავალდებულო გამოკითხვაში მონაწილეობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციართან კავშირი ხდება სატელეფონო ან სხვა ელექტრონული საშუალებით, შემფასებელი ვალდებულია, კითხვარის შევსებამდე გააფრთხილოს ბენეფიციარი ვიდეო ან აუდიო ჩანაწერის მომზადებაზე. უცნობია, რა მექანიზმი მუშაობს, თუკი ბენეფიციარი თანხმობას არ გამოთქვამს კვლევაში მონაწილეობაზე ან/და გაფრთხილებაზე თანხმობის შემთხვევაში, ონლაინ კომუნიკაციის პროცესში, უარი განაცხადა გამოკითხვის გაგრძელებაზე, ხოლო შემფასებელს მიღებული აქვს გარკვეული ხასიათის კონფიდენციალური ან პერსონალური მნიშვნელობის ინფორმაცია, ან ადვოკატის/კონსულტანტის საწინააღმდეგო ან დადებითი შეფასება.

ამასთან, ყურადღებას იპყრობს კმაყოფილების კვლევის კითხვარი. ასეთი გამოკითხვის არსებობის შემთხვევაში, მკაფიოდ უნდა გაირკვეს, რა მიზანს ემსახურება გამოკითხვა - მომსახურების ხარისხის შემოწმებას და ინსტიტუციური ნდობის საკითხზე საზოგადოებრივი აზრის გაცნობას თუ კონკრეტული ადვოკატის/კონსულტანტის საქმიანობის რევიზიას/კონტროლს.

იმ შემთხვევაში, თუკი ბენეფიციართან კომუნიკაციის კითხვარი ხაზს უსმევს ადვოკატის/კონსულტანტის ყოველმხრივ მომზადებას, კეთილსინდისიერებასა და კლიენტის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებულ მიდგომებს ან პირიქით, ხოლო კმაყოფილების კვლევა ერთსა და იმავე საქმეზე აჩენს ბენეფიციარისგან დადებით და უარყოფით ტენდენციებზე შეპირისპირებულ მდგომარეობას, როგორ იქცევა შემფასებელი, რომელი ინფორმაციაა უტყუარი და სანდო ან რა ბერკეტი არსებობს ბენეფიციარის კეთილსინდისიერების, გამოთქმული აზრის ჭეშმარიტების და განზრახვების დასადგენად.

წარმოდგენილი ცვლილებები აღნიშნული საკითხის რეგულაციას და ზღვარს ვერ გვთავაზობს. კითხვარის შინაარსი ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების საშუალებას არ იძლევა, თუ ის დათრგუნული იქნება ბენეფიციარის მოსალოდნელი შეხედულებით. ამდენად, საჭიროა, მკვეთრი პარალელები - რისი მიღწევაა მიზანი - თუ ადვოკატის/კონსულტანტის საქმიანობა და მის წარმოებაში არსებული საქმე უნდა შეფასდეს, აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს ადვოკატის, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლის კონტროლის და მის საქმიანობაში ჩარევის საშუალებას. მართებულია, შემოწმდეს ინსტიტუციის ნდობა, ვინაიდან ადვოკატი/კონსულტანტი არის სათანადო პროფესიული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონს და პროფესიული ეთიკის ნორმებს.

თავის მხრივ, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასებას ახორციელებს იურიდიული დახმარების სამსახურის ხარისხის შეფასების სამმართველო წარმოდგენილი სამმართველოს იურისტებით. ასეთ ვითარებაში, კიდევ უფრო მეტად ვიწროვდება სტანდარტების წრე, ვინაიდან საფუძვლიანად დაისმის შეკითხვები შემფასებლების ნეიტრალიტეტის, მიუკერძოებლობის, კომპეტენციის, სუბიექტურობის და დაინტერესების შესახებ. შემფასებელს, როგორც ინსტიტუციურად, ასევე განპიროვნებულად, არ შესწევს ძალა ყველა სხვა ადვოკატის/კონსულტანტის თვალში იყოს ობიექტური დამკვირვებელი. სამწუხაროდ, მწირია ნდობა ასეთ ვითარებაში, ერთის მხრივ, ადვოკატი/კონსულტანტი ახორციელებდეს თავისუფალ პროფესიას, მეორეს მხრივ სახელმწიფოს სახელით, მასზედ ახდენდნენ კონტროლს. ეს ყოველთვის ქმნის არასამართლიანი, არაჯეროვანი და შერჩევითი მოპყრობის საფრთხეს. შესაბამისად, მოდელი, რომელიც შემოთავაზებულია, თანხვედრაში არ არის თავისუფალი პროფესიის განხორციელების პრინციპებთან, გააჩნია დაბალი ლეგიტიმაცია და არ ქმნის ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. პირიქით, შეიძლება გააჩინოს დასჯის და ნაცვალგების პრეცედენტები. ხელი შეუწყოს ანტაგონისტური სამუშაო და პროფესიული გარემოს ჩამოყალიბებას, რამაც შესაძლო ასახვა შეიძლება ჰპოვოს ხარისხიან მართლმსაჯულებაზე, კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვისა და საქმის წარმართვის ცალკეულ სტადიებზე. ამდენად, თუ შემფასებელი იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემაში (Case-Bank) ახდენს ბენეფიციართან კომუნიკაციის კითხვარსა და ბენეფიციარის კმაყოფილების კვლევაში მითითებული იმ საკითხების მოძიებას, რომლის შეფასებაც სურს და მონაცემების ურთიერთშედარებისა და ანალიზის საფუძველზე, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით აყალიბებს დადებით დასკვნას ან უარყოფით რეკომენდაციას, მისი რეალური მიზნებიდან გამომდინარე, მკაფიოდ უარსაყოფია.

3. მოპასუხის მიერ ადვოკატის საქმიანობაში ჩარევის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მოდერაცია სასამართლო პროცესზე დასწრებისა და შესაფასებელი საქმეების შერჩევის კუთხით. იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეაფასოს ადვოკატის ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარები, საჭიროა შემფასებელი დაესწროს სასამართლო სხდომებს, ხოლო წელიწადში ერთხელ, მოწმდება მიმდინარე წელს ერთი ადვოკატის/კონსულტანტის მიერ დასრულებული სულ მცირე 10 საქმე/კონსულტაცია ან ადვოკატის/კონსულტანტის მიერ დასრულებული ყველა საქმე/კონსულტაცია.

სხდომებზე დასწრება ხდება მწარმოებელ ადვოკატთან წინასწარი შეთანხმებით, თუმცა თუ ასეთი თანხმობა გაცემული არ არის, უცნობია, რა რეაგირება დგება, ხოლო შემფასებელი უფლებამოსილია შეაფასოს საქმე, თუ ბენეფიციარს გამოთქმული აქვს თანხმობა მისი პერსონალური მონაცემის შეფასების მიზნებისათვის დამუშავებაზე. თუ საქმის შერჩევისას Case-Bank-ში არ ფიქსირდება ბენეფიციარის თანხმობა, მაშინ შემფასებელი ბენეფიციარს უგზავნის თანხმობის წერილს და მხოლოდ ბენეფიციარისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში იწყებს საქმის შეფასებას. ბენეფიციარის თანხმობის მოპოვება შესაძლებელია სატელეფონო ან სხვა ელექტრონული საშუალებით, თუმცა ბენეფიციარის თანხმობის მიღება, თუნდაც სატელეფონო ან სხვა ელექტრონული საშუალებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე თანხმობა, საჭიროებს გაცილებით მეტ ძალისხმევას და საკითხის განმარტების მეტ ინსტიტუციურ მექანიზმს, რაც წარმოდგენილი ცვლილებით, განსახორციელებელი ღონისძიებების სახით, არ იკვეთება.

იარსებებს შემთხვევა, რა დროსაც, შესაძლებელია, ადვოკატი გამოთქვამდეს შემფასებლის სხდომაზე დასწრების თანხმობას, მაგრამ აღნიშნულზე თანხმობას არ აცხადებდეს კლიენტი. ასეთ გარემოებაზე მისი განმარტების შესახებ ცვლილებებში საუბარი არ არის. ამასთან, საქმე თავისი შემადგენელი და მონაწილე პირთა სტატუსით, არ მოიცავს მხოლოდ დაზარალებულს ან/და ბრალდებულს ან/და განსასჯელს. საქმის პროცესუალური მონაწილეებია: მესამე პირები, მოწმეები, ა.შ. შესაბამისად, თუ წარმოდგენილი დოკუმენტის პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობას დავუშვებთ, სახელმწიფო, ერთი დათქმით, მთლიანად ხდება საქმეში მონაწილე ყველა პროცესუალური მხარის პერსონალური ინფორმაციის მიმღები, უშუალოდ ბენეფიციარის თუ უშუალოდ ადვოკატის თანხმობით, რაც უკიდურესად სახიფათო საკითხია.

წარმოდგენილი შეფასების სისტემით ნათლად არ ხდება შემფასებლის საქმიანობის ფარგლების დადგენაც, თუ რა პრინციპით არჩევს ის საქმეებს შესაფასებლად. დადგენილია მხოლოდ მინიმალური ზღვარი (10 საქმის ოდენობით), ხოლო მაქსიმალური ზღვარი არ არის გაწერილი. ასევე,  არ არის ახსნილი, თუ რატომ უნდა შეაფასოს შემფასებელმა ერთი ადვოკატის შემთხვევაში, მაგალითად 15 საქმე და სხვა ადვოკატის შემთხვევაში, მაგალითად 20 საქმე. ჩანს, ეს გარემოება მთლიანად შემფასებლის სუბიექტურ ნებაზეა დამოკიდებული. არ არის განსაზღვრული ადვოკატისთვის გადასაცემი საქმეთა რაოდენობის ყოველთვიური ზღვარი, ვინაიდან ერთსა და იმავე საზოგადოებრივ ადვოკატს, ყოველდღიურად წარმოებაში გადაეცემა 2 ან 2-ზე მეტი საქმე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რეფორმის პროცესში, უწინარეს ყოვლისა, სწორედ აღნიშნული საკითხის მოწესრიგებას უნდა დათმობოდა განსაკუთრებული და სწორი ყურადღება, ვინაიდან ახალ საქმეებთან ერთად, საზოგადოებრივ ადვოკატების წარმოებაში მიმდინარე საქმეებიც, საქმეთა ნაკადის მართვისა და საჭირო ზღვრის დაწესების (განსაზღვრის) გარეშე კი, იურიდული მომსახურების ხარისხია ამაღლებაზე საფუძვლიანი დისკუსია, შედეგს ვერ მოიტანს.

ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია შეფასების სისტემაში ჩაიწეროს, რომ ადვოკატის/კონსულტანტის შეფასების შემდგომ შემფასებლის მიერ უარყოფითი რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში, არ მოხდება ადვოკატთან/კონსულტანტთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. შეფასების სისტემის მიზანი ზოგადად არის შესრულებული სამუშაოს შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება, ასევე თანამშრომელთათვის მოტივაციის ამაღლება და არა - მათი დასჯა. „ყველა საქმის შემოწმების“ პირობა ობიექტურად აჩენს ადვოკატის საქმიანობაში სახელმწიფო კონტროლის მექანიზმს, არ გამორიცხავს პირადი ინტერესების გაჩენას, რაც უთანაბრდება ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნებს.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით. სახელმწიფოს მცდელობა ჩაეროს ადვოკატის თავისუფალ პროფესიაში მისი საქმიანობის შეფასების ან/და კონტროლის კუთხით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს და წარმოადგენს განსაკუთრებული დაცვის სფეროს. სასამართლომ, ერთხელ უკვე მიუთითა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს, რა დროსაც მკაფიო დასკვნები გაკეთდა იდენტური ხასიათის სადავო საკითხზე - „ადვოკატის დამოუკიდებლობის პრინციპი სახელმწიფოს ავალდებულებს, დაიცვას და შექმნას ქმედითი მექანიზმი ადვოკატის დამოუკიდებლობის სტანდარტის, როგორც ნორმატიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით და სრულიად მიუღებელია თვისობრივად განსხვავებული ამოცანების მქონე რეგულაციების, სათანადო და საფუძვლიანი გააზრების გარეშე დამკვიდრება. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული რეგულაციების დამდგენი წესები უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი, პირს უნდა შეეძლოს, ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვენ მისგან და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა" (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმეზე: #3/3094-16).

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატები, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დაცვის ადვოკატები, მთავრობის მიერ არიან დაქირავებული, თუმცა ამავდროულად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები არიან. ისინი არ იძენენ საჯარო მოსამსახურის სტატუსს. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით, სამსახურის დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები მოქმედებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის შესაბამისად. ამდენად, საზოგადოებრივ ადვოკატზე, სრული მოცულობით ვრცელდება ის ვალდებულებები, რაც იმპერატიულად არის გათვალისწინებული ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით.

განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფოს არ აქვს არგუმენტი, მიიღოს ადვოკატის საქმიანობის კონტროლისთვის განსაკუთრებული ზომები. ცვლილებები ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-11 მუხლით დადგენილ სტანდარტებს და წარმოადგენს უფლებაში უხეშად ჩარევის ფაქტს. არ არსებობს არც ერთი სამართლებრივი წინაპირობა, რომელიც სახელმწიფოს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სახით, ადვოკატის საქმიანობის შეფასებისა და კონტროლის ლეგიტიმურ მიზანს შეუქმნიდა. ასეთი ლეგიტიმური მიზანი არ არის ხარისხიანი იურიდიული სერვისის მიღება, რომელიც თავისთავში ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ არა ევროკონვენციით და ქვეყნის ძირითადი კანონით - კონსტიტუციით დაცული ადვოკატის საქმიანობაზე ყოვლისმომცველი შებოჭვით და კონტროლის გზით. სახელმწიფოს აქვს რესურსი, იურიდიული მომსახურების ხარისხი და ნდობა ამ მომსახურების მიმართ, გაზარდოს ისეთი მეთოდოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ადვოკატების თანაბარ პირობებში ჩაყენებას და მათი მონაწილეობით, სტრატეგიული ამოცანების განხორციელებასაც. ამდენად, დოკუმენტი პირდაპირ ეხება ადვოკატების უფლებრივი და ინსტიტუციური ინტერესების დაცვას.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ საზოგადოებრივი ადვოკატების, სამსახურის ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობის შეფასების ახალ სისტემასთან დაკავშირები არსებული ცვლილებების პაკეტი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურიდან გამოითხოვა და სამართლებრივი ანალიზი მოახდინა. ამასთან, საკითხზე მოისმინა საზოგადოებრივი ადვოკატების განსხვავებული შეხედულებები. ორგანიზაცია დაინტერესებულია საკითხზე განახორციელოს ადვოკატირება და აქტიური მონაწილეობა მიიღოს პროფესიულ დისკუსიაში.



კომენტარები