სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 22 საზოგადოებრივმა ადვოკატმა საქმიანობის შეფასების ახალი სისტემა, ადვოკატის დამოუკიდებლობის სამართლებრივი გარანტიების შეზღუდვისა და პროფესიული საქმიანობაში ჩარევის საშიშროებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, 2020 წლის 4 ივლისის იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებით, დამტკიცდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციის და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი და კრიტერიუმები. დოკუმენტში არსებით მნიშვნელობას იძენს „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაცია და იურიდიული დახმარების ხარისხის სტანდარტი", „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები", „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი", „იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების უფლებამოსილება და პროცედურა". საზოგადოებრივი ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ პრობლემური საკითხების არსებითი განხილვისა და წარდგენილი ალტერნატიული წინადადებების მსჯელობის მოლოდინის მიუხედავად, შეფასების ახალი სისტემა წარმოადგენს შემზღუდველ ჩარევას ადვოკატის, როგორც თავისუფალი პროფესიის მქონე პირის საქმიანობაში, სათანადოდ არ იცავს ადვოკატის დამოუკიდებლობას და შეუვალობას, არ ქმნის საკმარისს საფუძვლებს საზოგადოებრივი ადვოკატის საქმიანობა შეფასდეს თანაბარი და სამართლიანი მიდგომებით, შეფასების დროს, არ ხდება საზოგადოებრივი ადვოკატის დღევანდელი დატვირთულობის და საქმეთა ნაკადის მართვის გათვალისწინება, საფრთხის წინაშე დგება კლიენტთან ურთიერთობის დროს მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია, ჩნდება პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების საფუძვლები, სახელმწიფოს ჩარევა საზოგადოებრივი ადვოკატის საქმიანობაში არ ქმნის ასეთი ჩარევის ლეგიტიმურ მიზანს იმ ამოცანების გადაჭრის უზრუნველსაყოფად, რასაც მომსახურების ხარისხის ამაღლების კეთილშობილური მიზანი და ამ კუთხით საზოგადოებრივი ადვოკატის ინსტიტუტის გაძლიერება ჰქვია.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით. სახელმწიფოს მცდელობა ჩაეროს ადვოკატის თავისუფალ პროფესიაში მისი საქმიანობის შეფასების ან/და კონტროლის კუთხით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს და წარმოადგენს განსაკუთრებული დაცვის სფეროს. სასამართლომ, ერთხელ უკვე მიუთითა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს, რა დროსაც მკაფიო დასკვნები გაკეთდა იდენტური ხასიათის სადავო საკითხზე - „ადვოკატის დამოუკიდებლობის პრინციპი სახელმწიფოს ავალდებულებს, დაიცვას და შექმნას ქმედითი მექანიზმი ადვოკატის დამოუკიდებლობის სტანდარტის, როგორც ნორმატიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით და სრულიად მიუღებელია თვისობრივად განსხვავებული ამოცანების მქონე რეგულაციების, სათანადო და საფუძვლიანი გააზრების გარეშე დამკვიდრება. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული რეგულაციების დამდგენი წესები უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი, პირს უნდა შეეძლოს, ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვენ მისგან და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა" (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმეზე: #3/3094-16), თუმცა ახალი შეფასების სისტემა, კვლავ ახალი გამოწვევევის წინაშე ამყოფებს საზოგადოებრივ ადვოკატებს.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატები, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დაცვის ადვოკატები, მთავრობის მიერ არიან დაქირავებული, თუმცა ამავდროულად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები არიან. ისინი არ იძენენ საჯარო მოსამსახურის სტატუსს. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით, სამსახურის დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები მოქმედებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის შესაბამისად. ამდენად, საზოგადოებრივ ადვოკატზე, სრული მოცულობით ვრცელდება ის ვალდებულებები, რაც იმპერატიულად არის გათვალისწინებული ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით.
საზოგადოებრივი ადვოკატების სამართლებრივი დასაბუთება და მტკიცება შეეხება იმ გარემოებას, რა დროსაც, სახელმწიფოს არ აქვს არგუმენტი, მიიღოს ადვოკატის საქმიანობის კონტროლისთვის განსაკუთრებული ზომები. ცვლილებები ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-11 მუხლით დადგენილ სტანდარტებს და წარმოადგენს უფლებაში უხეშად ჩარევის ფაქტს. არ არსებობს არც ერთი სამართლებრივი წინაპირობა, რომელიც სახელმწიფოს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სახით, ადვოკატის საქმიანობის შეფასებისა და კონტროლის ლეგიტიმურ მიზანს შეუქმნიდა. ასეთი ლეგიტიმური მიზანი არ არის ხარისხიანი იურიდიული სერვისის მიღება, რომელიც თავისთავში ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ არა ევროკონვენციით და ქვეყნის ძირითადი კანონით - კონსტიტუციით დაცული ადვოკატის საქმიანობაზე ყოვლისმომცველი შებოჭვით და კონტროლის გზით. სახელმწიფოს აქვს რესურსი, იურიდიული მომსახურების ხარისხი და ნდობა ამ მომსახურების მიმართ, გაზარდოს ისეთი მეთოდოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ადვოკატების თანაბარ პირობებში ჩაყენებას და მათი მონაწილეობით, სტრატეგიული ამოცანების განხორციელებასაც. ამდენად, დოკუმენტი პირდაპირ ეხება ადვოკატების უფლებრივი და ინსტიტუციური ინტერესების დაცვას.
ცნობისთვის: ორგანიზაციამ საზოგადოებრივი ადვოკატების, სამსახურის ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობის შეფასების ახალ სისტემასთან დაკავშირები არსებული ცვლილებების პაკეტი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურიდან გამოითხოვა და სამართლებრივი ანალიზი მოახდინა. ამასთან, საკითხზე მოისმინა საზოგადოებრივი ადვოკატების განსხვავებული შეხედულებები და განაცხადა თანხმობა საერთო სასამართლოების წესით სარჩელის სამოქალაქო ადვოკატირებაზე. საქმეს მოსამართლე: ნანა აფციაური განიხილავს, სადაც გასაჩივრებულია შეფასების სისტემის მიღებასთან დაკავშირებით ორი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მხრიდან ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალები უკვე გამოითხოვა.