ოცი ჯარისკაცი ისევ მოიწამლა

7 ოქტომბერი, 2013
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ბოლო სამი თვის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ჯარისკაცების საკვებით მოწამვლის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებებს აკეთებს, თუმცა დღემდე რეაგირების გარეშე რჩება ფაქტებთან დაკავშირებული მიმართვები, ლოჯისტიკის სფეროში სამართლებრივი და სისტემური პრობლემები კი ისევ გრძელდება. 
ორგანიზაციამ, 31 ივლისსა და 28 ოქტომბერს, საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია 1) სენაკის სამხედრო ბაზაზე, ივლისის თვეში 52 ჯარისკაცის მოწავლისა და 2) 16–22 სექტემბრის შუალედში, 31–ე ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ბრიგადაში, მე–11 ბრიგადასა და საინჟინრო ბრიგადაში 330 ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტები. პირველი შემთხვევა სამინისტრომ დაადასტურა, მეორე ფაქტთან დაკავშირებით კი, სამინისტრომ საჯარო განცხადებაში, კომენტარი არ გააკეთა. ორგანიზაცია კვლავ ფლობს ინფორმაციას ჯარისკაცების საკვები პროდუქტებით მოწამვლასთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შემთხვევა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, I ქვეით ბრიგადაში მოხდა. მიღებული ინფორმაციით, კვებითი ინტოქსიკაციით მოიწამლა 20 სამხედო მოსამსახურე. 
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს სამხედრო ნაწილებში არსებული სასადილოების შემოწმება, მათ შორის ჰიგიენური ნორმების დადგენის მიზნით და უმკაცრესად დაისაჯონ პირები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ სფეროს გამართულ მენეჯმენტს და უმოქმედობით ზიანს აყენებენ, როგორც სამინისტროს, ასევე საჯარისო ნაწილებს. ორგანიზაციას გააჩნია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გაუმართავია ინფრასტრუქტურა რამდენიმე სამხედრო ნაწილში. მაგალითად, მარნეულსა და ვაზიანის შენაერთებში არსებობს სასადულოებისა და საშხაპეების ნორმალური ფუნქციონირების პრობლემები. მართალია, ვაზიანის სამხედო ბაზა გარემონტდა, თუმცა არსებული მდგომარეობით, გაუმართავია საკანალიზაციო სისტემა. ყოველივე ეს, სერიოზულ დისკოფორტს ქმნის ჯარისკაცებისათვის და მომსახურე პერსონალთათვის. 
ორგანიზაცია მომავალშიც გამოავლენს შემთხვევებს და მიუთითებს საჯარო უწყებას, მიიღოს შესაბამისი ზომები პრობლემების აღმოსაფხვრელად. სამწუხაროდ, ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტები, მხოლოდ მიუთითებს საქართველოს შეიარაღებული ძალების კვების უსაფრთხოებაში არსებულ პრობლემების გამოუსწორებლობაზე. მართალია, კომპანია „ქართული კვების“ მენეჯმენტი შეიცვალა, რომელიც თავდაცვის სფეროში კვებითი უზრუნველყოფის მიმართულებით, ერთ–ერთი მთავარი კონტრაქტორია, თუმცა სამხედრო მოსამსახურეების საკვები პროდუქტებით მოწამვლის ფაქტი კვლავ რეალობაა. ორგანიზაცია სამინისტროს მიმართავს, დააყენოს კვებით უზრუნველყოფაზე კონტრაქტორი კომპანიების პასუხისმგებლობა და თითოეული გამოვლენილი შემთხვევის მიმართ, ჰქონდეს მკაცრი რეაგირება. ორგანიზაციას კომპანიის მიმართ უკვე გააჩნია შესაბამისი შეკითხვებიც: 
1. რა პრობლემები მოაგვარა ან ვერ მოაგვარა კომპანია „ქართული კვების“ ახალმა მენეჯმენტმა?
2. რამდენად შეძლო კომპანიამ პრიორიტეტად გამოცხადებული კვების ხარისხის ზრდა და მუშა პროცესების შეპირებული მმართვა?
3. რამდენად სრულყოფილად მოხდა დაპირებული სასადილოების პერსონალის ინდივიდუალური საქმეების შესწავლა და რა საკადრო ცვლილებები განხორციელდა ამ მიმართულებით?
4. რომელ საჯარისო ნაწილებში დაასრულდა სასადილოების რემონტი, რა პერიოდი დასჭირდა თითოეული სასადილოს მოწესრიგებას?
5. ვის მიერ და რა პერიოდულობით მოწმდება შინაგანაწესი, რომელიც პერსონალს მაღალ ჰიგიენურ სტანდარტს ავალდებულებს, გამოვლინდა თუ არა გადაცდომები ასეთი შესაძლო კონტროლის პროცესში?
6. რა კონტროლის მექანიზმია ჩართული საკვები პროდუქტების ვარგისიანობის შესამოწმებლად? მონაწილეობს თუ არა კონტროლის მექანიზმში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო?
7. რამდენად მაღალი ჰიგიენური სტანდარტებით გამოირჩევა ადგილები, სადაც დასაწყობებული სკავები პროდუქტები ინახება?
8. რა ღირებულების შესყიდვებს ანხორციელებს „ქართული კვების კომპანია?“ 
 
თუკი სამინისტროს შესაბამის რეაგირება „ქართული კვების“ კომპანიის მენეჯმენტის საქმიანობაზე მხოლოდ იმ მიზეზით არ ხდება, რომ კომპანიის დირექტორის მოადგილე, ეკა ხურციძე მინისტრის ოჯახის ახლობელია, ასეთი მიდგომები კიდევ უფრო მეტად დააზიანებს საერო საქმეს. ამიტომაც, მივმართავთ სამინისტროს გენერალური ინსპექციას, სამხედრო პოლიციას, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის განყოფილების შესაბამისს წარმომადგენლებს, რომ უპასუხოდ არ დატოვოს ლოჯისტიკის გამართულობასთან დაკავშირებული არც ერთი კითხვა. 


კომენტარები