თბილისის სააპელაციო სასამართლო თსუ მეცნიერების საქმეს 16 ოქტომბერს დაასრულებს

1 ოქტომბერი, 2020

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსების შედეგად თანამდებობებიდან გაშვებული მეცნიერების საქმის განხილვას 2020 წლის 16 ოქტომბერს დაასრულებს. სასამართლომ უკვე მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და ამჟამად საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევის ეტაპზეა. პალატამ დააკმაყოფილა ახალი შუამდგომლობა და საქმეს დაერთო ერთ-ერთი კონკურსანტის, რუსუდან ლაბაძის აკადემიური საქმიანობის გამომხატველი დოკუმენტაციაც, რაც ადასტურებს, რომ დასახელებული მომჩივანს სამეცნიერო საქმიანობა არ შეუჩერებია და სფეროში აგრძელებს წარმატებულ მოღვაწეობას.

სააპელაციო საჩივარი ასაბუთებს, რომ ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ბ) არ ასახავს მოწმეთა ჩვენებებს და არ აკეთებს სწორ დასკვნებს სადავო გარემოებებზე, გ) საქმე წარმოებულია არაგანსჯადი კოლეგიის მიერ, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს და დ) სადავო აქტები მიღებულია არაუფლებამოსილი კომისიის პირობებში, ადმინისტრაციული წარმოების ქუჩაში ჩატარების გზით, კანონის და საკონკურსო პირობების არსებითი დარღვევით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორედ აღნიშნული სამართლებრივი პრეტენზიების ფარგლებში უნდა იმსჯელოს, სადაც გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც თსუ მეცნიერების ნინო ღამბაშიძის, ლოლა სარალიძის, რუსუდან ლაბაძისა და მანანა ხვედელიძის სარჩელი, სრულიად დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ, არ დაკმაყოფილდა.

დადგენილია, რომ 2018 წლის 25 აპრილს, თსუ-ის რექტორის ბრძანებით, გამოცხადდა კონკურსი ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და მეცნიერ-თანამშრომლის სამსახურში მისაღებად. ამავე ბრძანებით დადგინდა კონკურსში მონაწილე პირთა მიმართ მოთხოვნები, რომელიც სრულად დააკმაყოფილეს მოსარჩელეებმა. საკონკურსო შემადგენლობა დამტკიცდა 7 წევრის მონაწილეობით. 7 ივნისს, კომისიამ პროფესიული გამოცდილების შეუსაბამობის მოტივით, მოულოდნელად, უარი თქვა მოსარჩელეების ვაკანტურ თანამდებობებზე არჩევაზე, მიღებული გადაწყვეტილება კი განსხვავებული აზრით გააპროტესტა თავად კომისიის ორმა წევრმა. 14 ივნისს, კომისიის აღნიშნულმა წევრებმა კონკურსში არსებულ ფუნდამეტურ დარღვევებზე განსხვავებული წერილობითი ფორმით მიმართეს თსუ-ის რექტორს. 28 ივნისს, თსუ-ის რექტორის ბრძანებით, კონკურსში გამოვლენილ დარღვევების შესასწავლად, შექმნა დროებითი კომისია გიორგი ოთხმეზურის, ვახტანგ ლიჩელის, ვასილ გონაშვილის, მორის შალიკაშვილისა და ზურაბ გაიპარაშვილის შემადგენლობით.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ მოისმინა ინფორმაცია, რომ საკონკურსო კომისიის წევრებმა კომისიის მუშაობაში უარი მათი „სულიერი აღელვების“ საფუძველზე განაცხადეს და მათ წევრის სტატუსი იურიდიულად არ ჩამორთმევიათ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით, კომისია ფაქტობრივად და რეალურად, შედგებოდა 3 წევრისგან: ზაზა აბაშიძე (თავმჯდომარე), ომარ არდაშელია და ბეჟან ხორავა. დადგენილია, რომ კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3. კომისიის თავმჯდომარე სხდომაზე ერთპიროვნულად არ იყო უფლებამოსილი მიეღო რაიმე სახის იურიდიული გადაწყვეტილება. მეტიც, კომისიის მუშაობა ოფიციალური წესით დაედასტურებინა. შესაბამისად, არავითარი იურიდიული ძალმოსილება არ გააჩნია 2018 წლის 11 ოქტომბრის დამატებით ოქმს შემაჯამებელი ოქმისთვის, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ თსუ-ის რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება - უკანონოა. 

ფაქტები ერთია - 2019 წლის 27 მაისის სხდომაზე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ზაზა აბაშიძემ აღიარა, რომ შემაჯემებელ ოქმს კომისიამ ხელი ქუჩაში მოაწერა და კონკურსს თავადვე უწოდა ვაკხანალია, ხოლო კიდევ ერთმა წევრმა, ომარ არდაშელიამ სასამართლოს მიაწოდა ღირებული ინფორმაცია, თუ როგორ ხდებოდა კონკურსანტთა განაცხადებზე მუშაობა და შერჩევა. ზაზა აბაშიძის მსგავსად, ომარ არდაშელიამაც დაადასტურა, რომ კომისიის შემაჯამებელ ოქმს ხელი გმირთა მოედანზე, სამშობლოსთვის დაღუპული მეომრების მემორიალთან მოაწერა, სადაც ზაზა აბაშიძემ დაიბარა. 2019 წლის 9 ივლისის სხდომაზე, მოწმის სახით დამატებით დაკითხულმა საკონკურსო კომისიის სამმა წევრმა - დარეჯან კლდიაშვილმა, ნინო აბაკელიამ და ბეჟან ხორავამ სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცეს. დარეჯან კლდიაშვილმა განაცხადა, რომ კონკრეტული კანდიდატების სასარგებლოდ, მის მიმართ განხორციელდა ზეწოლა, რაც მომდინარეობდა საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებული პირებისგან. კომისიის წევრის განცხადებით, კანდიდატების შერჩევის დროს, უპირატესობა მინიჭა მათთან ახლობლობას და აღნიშნა, რომ წარმოადგენდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა აბაშიძესთან ნათელმირონობით დაკავშირებულ პირსაც. კანდიდატების მიმართ პირადი შეხედულებებით შეფასებაზე ისაუბრა კომისიის წევრმა ნინო აბაკელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ვინაიდან არ სურდა კონკურსში მონაწილე ცალკეული მეცნიერებების მიმართ პერსონალური დამოკიდებულებების დაფიქსირება, კომისიის სხდომებში მუშაობაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება ბეჟან ხორავას, აღნიშნულმა მოწმემ დაადასტურა, რომ კომისიის შემაჯამებელ ოქმს ხელი გმირთა მოედანზე, სამშობლოსთვის დაღუპული მეომრების მემორიალთან მოაწერა. ასევე, ბეჟან ხორავამ აღნიშნა, რომ კომისიამ ცალკეული კანდიდატები ობიექტური კრიტერიუმებით ვერ შეაფასა, რადგანაც გადამწყვეტი გახდა არა - სამეცნიერო ნაშრომების შეფასება, არამედ - გამარჯვებულ კონკურსანტებთან პირადი ურთიერთობები.

ცნობისთვის: მოსარჩელეებმა სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბერს მიმართეს. სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა 2019 წლის 8 ოქტომბერს. საქმეს ერთპიროვნულად მოსამართლე: მარიამ ცისკაძე განიხილავს. აპელანტების: ნინო ღამბაშიძის, ლოლა სარალიძის, რუსუდან ლაბაძისა და მანანა ხვედელიძის ინტერესებს არჩილ კაიკაციშვილი და ირმა მახათაძე წარმოადგენენ. შემაჯამებელი სხდომა 16 ოქტომბერს, 14:00 საათზეა დანიშნული.



კომენტარები