საზოგადოებრივი ადვოკატების ახალ შეფასებითი სისტემის გამოწვევებზე GBA-ში შეხვედრა შედგა

1 ოქტომბერი, 2020

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივ ადვოკატებს შეხვდა, რა დროსაც განხილილი იქნა საზოგადოებრივი ადვოკატის საქმიანობის შეფასების ახალი წესისა და კრიტერიუმების სამართლიანობის საკითხები და პრობლემური მხარეები, რომელიც ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობისა და საქმიანობის სამართლებრივი გარანტიების მნიშვნელობიდან გამომდინარეობს.

სამუშაო შეხვედრაზე საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ დეტალურად იქნა დასახელებული ის გარემოებები, მიდგომები და გამოწვევები, რომელიც ახალი დოკუმენტის მიღების შედეგებმა წარმოშვა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად დასახელდა ახალი დოკუმენტის გამოყენების საფუძველზე, საზოგადოებრივი ადვოკატის შეფასების შედეგად, მასთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფრთხე. ადვოკატების მიერ დასახელდა გარემოებები, რა დროსაც, ახალი დოკუმენტის გამოყენება, შესაძლებლობას აჩენს შეფასდეს დაცვის სტარტეგია და შედეგები აისახოს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებზე. ამასთან, ყურადღება დაეთმო ბენეფიციერებთან მრავალჯერადი კომუნიკაციის შესაძლებლობას, რომელიც გულისხმობს დასრულებულ საქმეებზე შეფასების თანხმობის მიღების საკითხებს, როდესაც კლიენტს ერთხელ უკვე დაფიქსირებული აქვს ასეთ შეფასებაზე უარი.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, ყველა პრობლემური საკითხი სიღმისეულად იქნება შესწავლილი, ხოლო ხარვეზები, რომელიც არ ემსახურება ადვოკატის პროფესიულ დამოუკიდებლობას, ნდობის ინსტიტუტსა და აჩენს საქმის სტრატეგიის დაგეგმვაში შეჭრის საშუალებებს, გასწორდება. შეხვედრის მონაწილეებმა დამეტებითი პოზიციებისთვის ერთკვირიანი ვადა ითხოვეს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 22 საზოგადოებრივმა ადვოკატმა საქმიანობის შეფასების ახალი სისტემა, ადვოკატის დამოუკიდებლობის სამართლებრივი გარანტიების შეზღუდვისა და პროფესიული საქმიანობაში ჩარევის საშიშროებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

2020 წლის 4 ივლისის იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებით, დამტკიცდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციის და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი და კრიტერიუმები. დოკუმენტში არსებით მნიშვნელობას იძენს „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაცია და იურიდიული დახმარების ხარისხის სტანდარტი", „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები", „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი", „იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების უფლებამოსილება და პროცედურა".

საზოგადოებრივი ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ პრობლემური საკითხების არსებითი განხილვისა და წარდგენილი ალტერნატიული წინადადებების მსჯელობის მოლოდინის მიუხედავად, შეფასების ახალი სისტემა წარმოადგენს შემზღუდველ ჩარევას ადვოკატის, როგორც თავისუფალი პროფესიის მქონე პირის საქმიანობაში, სათანადოდ არ იცავს ადვოკატის დამოუკიდებლობას და შეუვალობას, არ ქმნის საკმარისს საფუძვლებს საზოგადოებრივი ადვოკატის საქმიანობა შეფასდეს თანაბარი და სამართლიანი მიდგომებით, შეფასების დროს, არ ხდება საზოგადოებრივი ადვოკატის დღევანდელი დატვირთულობის და საქმეთა ნაკადის მართვის გათვალისწინება, საფრთხის წინაშე დგება კლიენტთან ურთიერთობის დროს მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია, ჩნდება პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების საფუძვლები, სახელმწიფოს ჩარევა საზოგადოებრივი ადვოკატის საქმიანობაში არ ქმნის ასეთი ჩარევის ლეგიტიმურ მიზანს იმ ამოცანების გადაჭრის უზრუნველსაყოფად, რასაც მომსახურების ხარისხის ამაღლების კეთილშობილური მიზანი და ამ კუთხით საზოგადოებრივი ადვოკატის ინსტიტუტის გაძლიერება ჰქვია.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საზოგადოებრივი ადვოკატების, სამსახურის ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობის შეფასების ახალ სისტემასთან დაკავშირები არსებული ცვლილებების პაკეტი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურიდან გამოითხოვა და სამართლებრივი ანალიზი მოახდინა. ამასთან, საკითხზე მოისმინა საზოგადოებრივი ადვოკატების განსხვავებული შეხედულებები და განაცხადა თანხმობა საერთო სასამართლოების წესით სარჩელის ადვოკატირებაზე. საქმეს მოსამართლე: ნანა აფციაური განიხილავს, სადაც გასაჩივრებულია შეფასების სისტემის მიღებასთან დაკავშირებით ორი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.



კომენტარები