„ახალგაზრდა ადვოკატები“ პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგზე გამოკითხვას ჩაატარებს

8 ოქტომბერი, 2020

2020 წლის 9 ოქტომბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდი თბილისში სოცილოგიურ გამოკითხვას ჩაატარებს. სოციოლოგიური გამოკითხა მომზადდება საკითხზე: „პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“. გამოკითხვის მიზანია დედაქალაქის მოსახლეობის რეალური განწყობებისა და საპარლამენტო არჩევნების პროცესში, მათი მოლოდინების და სამოქალაქო განწყობების დადგენა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისში 500 რესპოდენტს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხავს. გამოკითხვა მარჯანიშვილის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანსა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. ორგანიზაცია სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს 15-16 ოქტომბრის შუალედში გამოაქვეყნებს. გამოკითხვა თბილისის ქუჩებში დღის მეორე ნახევარში ჩატარდება.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ წინასაარჩევნოდ მოსახლეობის განწყობების დადგენას 2013 წლიდან ახორციელებს. 2013 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „საპრეზიდენტო კანდიდატებისა და საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგი“, 2014 წლის ივნისში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ნდობის რეიტინგი“, 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, 2018 წელს გამოქვეყნდა „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“. უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის ყველა კვლევის მონაცემი უმნიშვნელო ცდომილებით დაემთხვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დასახელებულ არჩევნებზე მიღებულ ოფიციალურ შედეგებს.  



კომენტარები