ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და აღნიშნავს, რომ მრავალპარტიული პარლამენტი ქვეყნის წარმატებაა, რომელიც სრულად ასახავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებს და საშუალებას იძლევა აქტუალურ საკითხებზე ნაყოფიერი საპარლამენტო საქმიანობა წარიმართოს. საქართველოს მოქალაქეებმა, პოლარიზებული და ეპიდემიისგან გამოწვეული რთული წინასაარჩევნო გარემოს მიუხედავად, თავისუფალდ შეძლეს საკუთარი ნების დაფიქსირება და დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის მიღება. მიუხედავად პროცედურული და ტექნიკური ხასიათის დარღვევებისა, რაზეც რეაგირება უნდა მოხდეს, შეუძლებელია გაზიარებული იქნეს არჩევნების შედეგების სიყალბესთან დაკავშირებით მოსაზრება, ვინაიდან ასეთი ბრალდების არც ერთი სერიოზული და დადასტურებული ფაქტი საზოგადოებისთვის წარმოდგენილი არ ყოფილა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი უნდა სცეს ამომრჩევლის ნებას და პოლიტიკურმა დებატებმა პარლამენტში გადაინაცვლოს. ამასთან, სხვადასხვა საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებს შორის მოსალოდნელი არჩევნების მეორე ტური, მნიშვნელოვანია მაღალი ორგანიზებულობით ჩატარდეს. ორგანიზაცია ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას ან ძალადობრივ მოწოდებას, რომელიც არ ექცევა პოლიტიკური დებატების ფარგლებში და მიზნად ისახავს საზოგადოებაში მტრული განწყობების ჩამოყალიბებას, პოლარიზაციის გაზრდას და დაუმსახურებელი ძალაუფლების მიღებას. პოლიტიკურმა პარტიებმა, ერთის მხრივ სწორად უნდა შეაფასონ არჩევნებში მიღებული შედეგების გამომწვევი მიზეზები, ანტიპარტიული განწყობების საფუძვლები და გააგრძელონ საზოგადოებასთან თანამშრომლობა. პარლამენტის ტრიბუნა და საკანონმდებლო საქმიანობის ხარისხი მრავალპარტიულ სისტემაში ქმნის კონკურენციას და ხელს შეუწყობს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის ეფექტიანად გამოყენებას.