STOPCOV ფონდში, კომუნიკაციების კომისიისგან განსხვავებით, სემეკ-ი გადარიცხვის მონაცემებს მალავს

5 ნოემბერი, 2020

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ STOPCOV ფონდში ორი მდიდარი მარეგულირებელი კომისიის მონაწილეობისა და შესაბამისად, სოციალური პასუხისმგებლობის საკითხით დაინტერესდა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ჩართულობა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ  კომუნიკაციების კომისიისგან განსხვავებით, სემეკ-ს STOPCOV ფონდთან მიმართებით, არავითარი სოციალური პასუხისმგებლობა და მონაწილეობა არ განუხორციელებია, რაც საჯარო უწყების მენეჯმენტის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მხოლოდ ფორმალურ საფუძვლებზე მეტყველებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ნიკა მენოგნიშვილის განცხადებით, როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, დასაქმებული პირების შრომითი ანაზღაურების მაჩვენებლებით, საქართველოში ყველაზე მდიდარი ორი საჯარო ორგანოა. მართალია, მათი ყოველწლიური შემოსავლები, რომლებსაც კომისიები სფეროში მოღვაწე რეგულირების საფასურის გადამხდელი სუბიექტებისაგან იღებენ, ყოველწლიურად მზარდია, კომისიის თავმჯდომარეების ყოველთვიური ხელფასი 16-20 ათასი ლარის ფარგლებში გაიცემა, ამავე თანხის ფარგლებში გაიცემა ხელფასი კომისიის წევრების მიმართაც, თუმცა მასშტაბური საზოგადოებრივი პრობლემის წინაშე დასახელებული საჯარო უწყებები ნაკლები პასუხისმგებლობით ან ერთჯერადი ვალდებულების შესრულებით გამოირჩევიან. COVID19-თან ბრძოლის ფარგლებში, როგორც ცნობილია, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოთქვა სახელმწიფოსთან თანამშრომლობისა და ფინანსური რესურსის გამოყოფის სურვილი. ამ ინიციატივის განხორციელების მიზნით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში შეიქმნა შესაბამისი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც დაარსდა STOPCOV ფონდი, სადაც, როგორც ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელს შეეძლო ვირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინტერესს წარმოადგენდა ინფორმაციის მიღება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან და კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან. კერძოდ, მოხდა თუ არა დასახელებული უწყებების, როგორც ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან, ასევე კომისიის წევრების მიერ ფონდისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, თანხის გადარიცხვა ფონდში არ განუხორციელებია. მიღებული წერილით განმარტებულია, რომ დაუშვებელია, ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ გაიღოს ისეთი ხარჯები, რომელიც არ შეესაბამება მისთვის კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს. კომისიის ბიუჯეტი, რომელიც დადგენილი წესით ივსება რეგულირების საფასურით, ემსახურება მხოლოდ მარეგულირებელი საჯარო ფუნქციების განხორციელებას და დაუშვებელია კომისიის საბიუჯეტო თანხების სხვა მიზნით გამოყენება. რაც შეეხება კომისიის წევრების მიერ კომისიისგან დამოუკიდებლად ამ ფონდში თანხის გადარიცხვას, საჯარო უწყებამ ინფორმაცია დახურა. კომისიამ საზოგადოების წინაშე თავი ვალდებულად არ ჩათვალა მეტი გამჭვირვალობა ეჩვენებია. კომისიამ განმარტა, რომ საკითხი წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას და კონფიდენციალურია, რაც არ პასუხობს საჯარო ინტერესებს და არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე, კომისია ანგარიშვალდებულებას არ ავლენს.

რაც შეეხება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, უწყება განმარტავს, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად 2020 წლის ხარჯები შეამცირა და ფონდში 500,000.00 (ხუთასი ათასი) ლარი გადარიცხა. ასევე, კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა ფონდში გადარიცხა ერთი თვის ხელფასი - 12,168.00 ლარი. კომისიის წევრებმა: ელისო ასანიძემ და მერაბ ქათამაძემ გადარიცხეს, ასევე ერთი თვის ხელფასი - 12,147.00 ლარი. რაც შეეხება კომისიის კიდევ ერთ წევრს ვახტანგ აბაშიძეს, ხელფასიდან გადარიცხულია 5,996.00 ლარი (თანხა განსხვავებულია, ვინაიდან დასახელებული წევრი 2020 წლის 16 აპრილიდან 21 მაისამდე არ წარმოადგენდა კომისიის წევრს წევრობის ვადის გასვლის გამო). აღსანიშნავია, რომ STOPCOV ფონდში პირადი შენატანი ცალკე განახორციელა კომისიის თავმჯდომარემ. კომისიამ ორგანიზაციას დამატებით აცნობა, რომ კახა ბექაურმა გადარიცხა 20,000.00 ლარი. ორგანიზაცია მიესალმება კომისიის თავმჯდომარისა და წევრების სოციალურ პასუხისმგებლობას და სემეკ-ისაგან განსხვავებით, ღიაობას. ამასთან, იმედს გამოვთქვამთ, რომ კომისიას პრობლემის მიმართ არ ექნება ერთჯერადი ვალდებულების შესრულების სახეც.

ცნობისთვის: მთავრობის განმარტებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში აკუმულირებული თანხების განკარგვა იმ პრიორიტეტების მიხედვით მოხდებოდა, რომელსაც განსაზღვრავდა მთავრობა სამუშაო ჯგუფთან ერთად. STOPCOV ფონდში თანხების აკუმულირების პროცესში, მრავალი ორგანიზაცია ჩაერთო და  სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით, არაერთმა ბიზნესმენმა, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისფლების წარმომადგენელმა გაიღო ხელფასიდან თანხა. დღესდღეობით, აღნიშნულ ფონდში, ჯამში, აკუმულირებულია 134,411,300 ლარზე მეტი თანხა.



კომენტარები