„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი საქართველოს სტუდენტური პარლამენტის მიერ ორგანიზებულ ვებინარში მონაწილეობდა

5 დეკემბერი, 2020

2020 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოწვევით და ორგანიზებით, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ვებინარში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას მოდერაცია კომიტეტის წევრმა ნინო ცაავამ გაუწია, შეხვედრის თემა კი სასამართლოს სამართალწარმოების აქტუალური საკითხები იყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა სარჩელის მომზადების სტადიებზე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტზე, სარჩელზე შესაგებლისა და შეგებებული სარჩელის მნიშვნელობაზე, მტკიცების ტვირთსა და მტკიცებულების უზრუნველყოფაზე, სახელმწიფო ბაჟის საკითხზე. ამასთან, დისკუსია შეეხო სასამართლო და საპროცესო ვადების მნიშვნელობას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობებს.

ვებინარზე მონაწილეებმა ინტერესი გამოთქვეს სარჩელის მსვლელობის შედეგები განხილულიყო ერთ-ერთი საოჯახო დავის ფარგლებში. შესაბამისად, მსჯელობა მთლიანად შეეხო დავის საგანზე: განქორწინება, შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება, შვილებთან ურთიერთობის წესისა და უძრავ ნივთზე თანამესაკუთრედ ცნობის იმიტირებულ სარჩელზე პროცესის შეფასებას. არჩილ კაიკაციშვილმა სამართალწარმოების აქტუალურ საკითხებზე მსმენელებს გააცნო სასამართლო გადაწყვეტილებებისა და მიდგომების პრაქტიკა, მათ შორის პირადი საადვოკატო გამოცდილების საფუძველზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრ ნინო ცაავას შეხვედრის მომზადებისა და ინიციატივისთვის. ამასთან, გამოითქვა მომავალში ერთობლივი თანამშრომლობის და პროფესიული კონტაქტის სურვილი.

 

 

 



კომენტარები