კონფერენცია:„ევროკავშირის სტანდარტები, ვაჭრობა და კონკურენცია საქართველოში“

12 ოქტომბერი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ორგანიზებით, თემაზე „ევროკავშირის სტანდარები, თავისუფალი ვაჭრობა და კონკურენცია საქართველოში“, კონფერენცია გაიმართა. მრგვალ მაგიდაში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს კანონის ეფექტურობა და ნაკლოვანებები თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სფეროში; ევროპაში არსებული მაკონტროლებელი კომისიები; თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სფეროში არსებული ევროკავშირის სტანდარტები; ქართულ სინამდვილეში მონოპოლიებისა და ოლიგოპოლიების საკითხი, საქართველოს მთავრობის მიერ შესყიდვებისა და კონკურენციის სფეროში განხორციელებული ცვლილებების ანალიზი და სხვა. კონფერენციაზე სპეციალისტების მიერ გამოითქვა მოსაზრებები, რომელიც ემსახურებოდა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის სრულყოფის აუცილებლობას, პოლიტიკური ნების საჭიროებას ფარული მონოპოლიებისა და კარტერული გარიგებების გამოსავლენად, ანტიმონოპოლიური მარეგულირებელი სტრუქტურების შექმნას, ხოლო არსებულის გაძლიერებას, სახელმწიფოს როლს კონკურენციის რეგულირების მიმართულებით, საკანონმდებლო სანქციების ფორმებსა და საერთაშორისო პრაქტიკაში, ამ მიმართულებით, არსებული მდგომარეობის გადმოცემას. აგრეთვე, „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ მოქმედ კანონში არსებული ზოგიერთი ხარვეზის აღმოფხვრას და მიახლოებას ევროპულ სტანდარტებსა და გამოცდილებასთან.

საკითხზე: „საქართველოს კანონის ეფექტურობა და ნაკლოვანებების შეფასება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სფეროში“ მოხსენება წარმოადგინა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლექტორმა, ილია მეშველდიშვილმა, „ევროკავშირის ატიმონოპოლიური კანონმდებლობა – ინსტიტუციები და სტანდარტები“ – ისაუბრა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ხელმძღვანელმა, შალვა საბაურმა, „კონკურენციის პოლიტიკის რეფორმა და ინსტიტუციური ჩარჩო საქართველოში“ საკითხი წარმოადგინა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონკურენციის დეპარტამენტის უფროსმა, მანანა შურღულაიამ, ხოლო „ქართული მონოპოლიური კომპანიები, მონოპოლია თუ ოლიგოპოლია“, თემაზე ვრცლად ისაბრა ეკონომიკის ექსპერტმა, ვაჟა ბერიძემ. კონფერენციას, აგრეთვე ესწრებოდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ეკონომიკის ექსპერტები. კონფერენციის წარმატებულ ნაწილად ჩაითვალა სადისკუსიო ეტაპი, რა დროსაც საკითხთან დაკავშირებით, არაერთი მნიშვნელოვანი მოსაზრება და შეფასება გამოითქვა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას სარეკომენდაციო პაკეტს შესთავაზებს, სადაც ადგილს, კონფერენციაზე გამოთქმული შეხედულებებიც დაიჭერს. ორგანიზაცია აუცილებლობად მიიჩნევს ანტიმონოპოლიური კანონმდბელობის სრულყოფას და საქართველოში თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სფეროში არსებული მიდგომებისა და პრობლემური მხარეების დაძლევას, სფეროს დაახლოებას ევროკავშირის მოთხოვნებთან და რეკომენდაციების შესრულების ხარისხის შეფასებას შემდგომი ძირეული ცვლილებებისათვის. „ახალგაზრდა ადვოკატები“ სარეკომენდაციო პაკეტს 2013 წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს.

ორგანიზაციის მიერ მომზადებული კონფერენციის საინფორმაციო მხარდამჭერები  რადიო „კომერსანტი“ და ერთადერთი ეკონომიკური გაზეთი საქართველოში „ბანკები და ფინანსები“ გახლდათ.

 



კომენტარები