„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 2020 წელს „ახალგაზრდული იდეების ქომაგის“ ჯილდო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელზე ახალგაზრდულ ლიტერატურულ გადაცემას: „წიგნების თაროს“ გადაეცა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „წიგნების თარო” ლიტერატურული შოუა, რომლის თემატიკას ლიტერატურასთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს. გადაცემოს სასკოლო სეზონში რჩეული 32 სკოლის გუნდი მონაწილეობს. თითოეულ გუნდში სამი, მე-10, მე-11, ან მე-12 კლასის მოსწავლეა. სტუდენტურ სეზონში კი მთელი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საუკეთესო 16 გუნდი შეეჯიბრება ერთმანეთს. გადაცემა ერთ-ერთი ფლაგმანია, რომელიც ახალგაზრდა თაობაში ახდენს წიგნისა და ცოდნის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენას, რაც ზრდის გადაცემის მხარდაჭერას არამხოლოდ ახალგაზრდა თაობაში. „წიგნების თაროს“ ავტორი ნინო კელაურიძეა, ხოლო წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე. ორგანიზაციამ სწორედ მას გადასცა დასახელებული ჯილდო.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.
2020 წელს, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 13 ჟურნალისტი დაჯილდოვდა.
ორგანიზაციის ნომინაცია „ახალგაზრდული იდეების ქომაგი“ 2019 წელს გადაეცა საკონსულტაციო ჯგუფს: „ჯეპრა“, 2018 წელს - „ორბელიანი-საქართველოს“, 2017 წელს - გამომცემლობა: „წიგნები ბათუმში“, 2016 წელს - ქალთა ფონდს საქართველოში, 2015 წელს - ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკურ ცენტრს ACICC, ხოლო 2014 წელს - ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს.