25 000 ათასი ლარის ჯარიმა, რომლიც თბილისის მერიამ მოქალაქეს გამოუწერა, სასამართლომ უკანონოდ ცნო

2 თებერვალი, 2021

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ბათილად ცნო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 იანვრის დადგენილებით მოქალაქის მიმართ დაკისრებული 25 000 ათასი ლარის ჯარიმა და შესაბამისი საურავის გადახდა

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოქალაქე 2012 წლიდან რუსთავის გზატკეცილის ქუჩაზე ფლობდა უძრავი ქონებას, რომელიც ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო მამისგან, თუმცა ქონების 193 კვ.მ-დან 155 კვ.მ. ფართის დარეგისტრირება ვერ განხორციელდა, რადგანაც მე-20 საუკუნის 60-იან წლებში აშენებული სახლი, ერთის მხრივ, რეგისტრაციის მომენტისთვის სატრანსპორტო ზონაში მოექცა, მეორეს მხრივ კი მოქალაქის უძრავ ქონებასა და მისი მეზობლის ნაკვეთს შორის დაფიქსირდა ინსტრუქციით გათვალიწინებული ზედდება.

2019 წლის 16 იანვარს, ქ. თბილისის მუნიციპალტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოქალაქის მიმართ გამოიცა დადგენილება, რომლის თანახმადაც იგი ცნობილ იქნა სამართლადამრღვევად. კერძოდ, მერიამ ,,პროდიქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 44-ე უხლის საფუძველზე უნებართვო სამშენებლო სამუშაოების გამო, მოქალაქეს დააკისრა 25 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა და სადავო მშენებლობის დემონტაჟი. ადმინისტრაციული წარმოება წარიმართა მთელი რიგი დარღვევებით,  სადაო დადგენილების დასაბუთება არის ბუნდოვანი და კანონთან შეუსაბამო. შესაბამისად, მოქალაქემ სამართლებრივი გზით დაიწყო საკუთარი უფლებების დაცვა და მომართა დახმარებისთვის ორგანიზაციას.

მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლო ასევე, მიუთითებს ,,ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად, აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

აღნიშნული კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია; ბ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან); გ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი; ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი; ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი − დევნილი. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისა - ჯარიმისა და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ მოქალაქე კანონის ამოქმედების დროისთვის იყო ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იგი უნდა გათავისუფლებულიყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 იანვრის დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან (ჯარიმის გადაუხდელობის გამო საურავისაგან).

მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული და უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სააპელაციო წესით. საქმე მოსამართლე: ლელა მილდენბერგერმა განიხილა.



კომენტარები