თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსების შედეგად თანამდებობებიდან გაშვებული მეცნიერების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოებული სრული საქმისწარმოება, მისგან გამომდინარე გადაწყვეტილებები და შედეგები - უკანონოდ ცნო, დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლების არსებითი დარღვევა და დააკმაყოფილა ნინო ღამბაშიძის, ლოლა სარალიძის, რუსუდან ლაბაძისა და მანანა ხვედელიძის სააპელაციო საჩივარი, რითაც საქმე არაგანსჯადი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიდან დაბრუნდა განსჯად - სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. შედეგად, საქმის განხილვას შეუდგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცალსახად დაინახა მასშტაბური დარღვევებით წარმოებული საქმის შედეგები და ჭეშმარიტად დადგა დაზარალებული მეცნიერების ინტერესების მხარეს. მოსამართლე მარიამ ცისკაძემ აჩვენა პრინციპულობა და შეუვალობა, რომელმაც თვალი არ დახუჭა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან გამოვლენილ მავნებლურ და მიზანმიმართულ ქმედებებზე. სააპელაციო ეტაპმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა არაგანსჯადი წესით საქმის განხილვა, რა მოტივები გააჩნდა რექტორს და მასთან პირდაპირ დაკავშირებულ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე დავით წერეთელს. წარმოებული დავის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს განჩინების შინაარსიდან გამომდინარე, უნივერსიტეტმა ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა, მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების დაცვა და რექტორ გიორგი შარვაშიძის რეპუტაციის გადარჩენა. მოსამართლის გადაწყვეტილება არამხოლოდ სამართლიანობის აღდგენისკენ მიმართული აქტია, არამედ საზოგადოებას ეუბნება - უნივერსიტეტი კერძო საკუთრება არ არის. უნივერსიტეტი, მათ შორის დაუმსახურებლად გაშვებული მეცნიერების სამსახურშია. ჩვენ დავიბრუნეთ სამართლიანი სასამართლოს უფლება. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით უნივერსიტეტშიც.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2018 წლის 25 აპრილს, თსუ-ის რექტორის ბრძანებით, თსუ-ის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და მეცნიერ-თანამშრომლის სამსახურში მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა 7 წევრის მონაწილეობით. 7 ივნისს, კომისიამ პროფესიული გამოცდილების შეუსაბამობის მოტივით, მოულოდნელად, წინასწარი განზრახვით, უარი თქვა ნინო ღამბაშიძის, ლოლა სარალიძის, რუსუდან ლაბაძისა და მანანა ხვედელიძის ვაკანტურ თანამდებობებზე არჩევაზე. ეს გადაწყვეტილება განსხვავებული წერილობითი აზრით გააპროტესტა კომისიის ორმა წევრმა. 14 ივნისს, კომისიის აღნიშნულმა წევრებმა კონკურსში არსებულ ფუნდამეტურ დარღვევებზე განსხვავებული წერილობითი ფორმით მიმართეს თსუ-ის რექტორს. 28 ივნისს, თსუ-ის რექტორის ბრძანებით, კონკურსში გამოვლენილ დარღვევების შესასწავლად, შექმნა დროებითი კომისია გიორგი ოთხმეზურის, ვახტანგ ლიჩელის, ვასილ გონაშვილის, მორის შალიკაშვილისა და ზურაბ გაიპარაშვილის შემადგენლობით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის ივლისში, თსუ-ის რექტორმა ჩატარებულ კონკურსზე დროებითი კომისიის მხრიდან მიიღო უარყოფითი დასკვნა, სადაც მკაფიოდ აღინიშნა, რომ არ ჩანდა, მოახდინა თუ არა საკონკურსო კომისიამ კონკურსის შედეგების ურთიერთშეჯერება და ეფუძნებოდა თუ არა კომისიის გადაწყვეტილებები წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას. ასევე, იყო ბუნდოვანი და ოქმებიდან არ იკვეთებოდა კონკურსანტთა გამარჯვებულად გამოცხადების ან გამოცხადებაზე უარის თქმის შინაარსობრივი საფუძვლები და დასაბუთება. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. ამასთან, 2018 წლის 3 აგვისტოს თსუ-ს რექტორს მიეწოდა უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიც, რომელიც, აგრეთვე უარყოფითად და კრიტიკულად აფასებდა კომისიის გადაწყვეტილებებს. იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათში აღინიშნა, რომ კომისიამ იმსჯელა მხოლოდ კანდიდატების გამოცდილებაზე და არ იმსჯელა სხვა კანდიდატების მიმართ უარის თქმის ნაწილში შინაარსობრივ შედარებით დახასიათებაზე.
სწორედ ამ პროცესის შემდეგ, 2018 წლის 20 სექტემბერს, საკონკურსო კომისიის სამმა წევრმა - ზურაბ ბრაგვაძემ, ხათუნა თოდაძემ და დარეჯან კლდიაშვილმა განცხადებით მომართეს თსუ-ის რექტორს და უარი განაცხადეს საკონკურსო კომისიაში მუშაობის გაგრძელებაზე. უფრო ადრე კომისიის წევრობაზე უარი განაცხადა კომისიის წევრმა ნინო აბაკელიამ. საკონკურსო კომისიის მუშაობა შეწყდა და კომისია გახდა არაუფლებამოსილი, რაც დადასტურდა კიდეც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ზაზა აბაშიძის თსუ-ის რექტორის მიმართ წარდგენილ 2018 წლის 21 სექტემბრის მოხსენებით ბარათში. ასეთ ვითარებაში, ზაზა აბაშიძემ ერთპიროვნულად აიღო პასუხისმგებლობა თსუ-ში ჩატარებული კონკურსის შედეგების გაფორმებაზე და 2018 წლის 11 ოქტომბერს ხელი მოაწერა ონკურსში გასულ და არგასულ (დამარცხებულ) კონკურსანტთა გამარჯვების და გამარჯვებაზე უარის თქმის დასაბუთებების ოქმს.
მოწმის სახით, 2019 წლის 27 მაისის სხდომაზე, დაკითხულმა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ზაზა აბაშიძემ აღიარა, რომ შემაჯემებელ ოქმს კომისიამ ხელი ქუჩაში მოაწერა და კონკურსს თავადვე უწოდა ვაკხანალია, ხოლო კიდევ ერთმა წევრმა, ომარ არდაშელიამ სასამართლოს მიაწოდა ღირებული ინფორმაცია, თუ როგორ ხდებოდა კონკურსანტთა განაცხადებზე მუშაობა და შერჩევა. ზაზა აბაშიძის მსგავსად, ომარ არდაშელიამაც დაადასტურა, რომ კომისიის შემაჯამებელ ოქმს ხელი გმირთა მოედანზე, სამშობლოსთვის დაღუპული მეომრების მემორიალთან მოაწერა, სადაც ზაზა აბაშიძემ დაიბარა. შემდეგ, 2019 წლის 9 ივლისის სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა საკონკურსო კომისიის სამმა წევრმა - დარეჯან კლდიაშვილმა, ნინო აბაკელიამ და ბეჟან ხორავამ სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცეს. დარეჯან კლდიაშვილმა განაცხადა, რომ კონკრეტული კანდიდატების სასარგებლოდ, მის მიმართ განხორციელდა ზეწოლა, რაც მომდინარეობდა საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებული პირებისგან. კომისიის წევრის განცხადებით, კანდიდატების შერჩევის დროს, უპირატესობა მინიჭა მათთან ახლობლობას და აღნიშნა, რომ წარმოადგენდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა აბაშიძესთან ნათელმირონობით დაკავშირებულ პირსაც. კანდიდატების მიმართ პირადი შეხედულებებით შეფასებაზე ისაუბრა კომისიის წევრმა ნინო აბაკელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ვინაიდან არ სურდა კონკურსში მონაწილე ცალკეული მეცნიერებების მიმართ პერსონალური დამოკიდებულებების დაფიქსირება, კომისიის სხდომებში მუშაობაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება ბეჟან ხორავას, აღნიშნულმა მოწმემ დაადასტურა, რომ კომისიის შემაჯამებელ ოქმს ხელი გმირთა მოედანზე, სამშობლოსთვის დაღუპული მეომრების მემორიალთან მოაწერა. ასევე, ბეჟან ხორავამ აღნიშნა, რომ კომისიამ ცალკეული კანდიდატები ობიექტური კრიტერიუმებით ვერ შეაფასა, რადგანაც გადამწყვეტი გახდა არა - სამეცნიერო ნაშრომების შეფასება, არამედ - გამარჯვებულ კონკურსანტებთან პირადი ურთიერთობები.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ მოისმინა ინფორმაცია, რომ საკონკურსო კომისიის წევრებმა კომისიის მუშაობაში უარი მათი „სულიერი აღელვების“ საფუძველზე განაცხადეს და მათ წევრის სტატუსი იურიდიულად არ ჩამორთმევიათ, მაშინ, როდესაც საქმეზე წარმოდგენილია ზაზა აბაშიძის თსუ-ის რექტორის მიმართ წარდგენილი 2018 წლის 21 სექტემბრის მოხსენებითი ბარათი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დაშლისა და მუშაობის შეუძლებლობის შესახებ. იქედან გამომდინარე, რომ უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ არჩევანი გააკეთა ნეპოტიზმით და დისკრიმინაციული წესით შერჩეულ კანდიდატებზე, შედეგები გააპროტესტა კონკურსის მიღმა უკანონოდ დარჩენილმა მეცნიერებმა. მხარემ მოითხოვა რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის No252/01-01 ბრძანების ნაწილობრივ გაუქმება ა) ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილებაში ვალერიან ვაშაკიძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, ბ) შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში ქეთევან ქუთათელიძისა და ალექსანდრე თვარაძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, გ) ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილებაში არჩილ კოხრეიძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, დ) საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილებაში ხათუნა იოსელიანის არჩეულად გამოცხადების ნაწილში. ამასთან, სადავო ბრძანების მიღებისთვის წარმოდგენილი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 11 ოქტომბრის სხდომის ოქმის ნაწილობრივ გაუქმება, შესაბამის თანამდებობებზე დანიშნვა ან ტოლფასი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფა, იძულებითი შრომითი განაცდურის ანაზღაურება.
2018 წლის 21 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი იქნა ნინო ღამბაშიძის, ლოლა სარალიძის, რუსუდან ლაბაძისა და მანანა ხვედელიძის სარჩელი, მაგრამ სასამართლოს 22 ნოემბრის განჩინებით (მოსამართლე: ქეთევან კუჭავა), სარჩელი წარმოებაში არ იქნა მიღებული და აღინიშნა, რომ საქმე უნდა განეხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მხარემ 2018 წლის 30 ნოემბერს ხელთავიდან მიმართა სარჩელით სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სასამართლომ კი, 3 დეკემბერს მიიღო განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების, დასაშვებად ცნობისა და მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ. მხარე ამტკიცებდა, რომ სარჩელი უნდა განხილულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, სასამართლოს საკითხზე მსჯელობა არ გაუმართავს. განსჯადობის შემოწმების მიზნით, საქმე არ გადაგზავნილა არც საქართველოს უზენაესს სასამართლოში, რამაც მომჩივანი მხარის მასშტაბური საპროცესო უფლებების დარღვევა გამოიწვია. ვინაიდან სასამართლოს 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინება ცალკე არ საჩივრდებოდა, განჩინება გასაჩივრდა შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განჩინებით კი, სრულად იქნა გაზიარებული მხარის სამართლებრივი პრეტენზიები და პალატა დარწმუნდა, რომ საქმე წარმოებული იქნა არაგანსჯადი კოლეგიის მიერ, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საქმის განხილვამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით პირდაპირ შექმნა უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძისთვის ხელსაყრელი გარემო და გადაწყვეტილების დასაბუთებისთვის საჭირო მდგომარეობა. 2019 წლის 10 იანვარს, სასამართლოს პირველ სხდომაზე მხარემ საქმის განმხილველი მოსამართლე დავით წერეთლის აცილების შუამდგომლობა დააყენა და საქმეზე მაღალი სტანდარტის მართლმსაჯულების განხორციდელება მოითხოვა. მხარემ წარმოადგინა საჯარო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე დავით წერეთელი და თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე საქმიანობით დაკავშირებული აღმოჩდნენ 2006-2007 წლებში. კერძოდ, თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე 2004-2013 წლებში უმაღლესი განათლების პროგრამის მხარდაჭერით, პროგრამების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა ცეტრლაური ევროპის უნივერსიტეტში. 2006-2007 წლებში, ამავე უნივერისტეტში, ამავე პროგრამით სწავლობდა მოსამართლე დავით წერეთელიც. ამასთან, მოსამართლის დამსაქმებელი, წლების განმავლობაში, იმყოფებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ მოსამართლემ სადავო აქტების მიმღებ უნივერსიტეტის რექტორთან და ადმინისტარციასთან პირადი და საქმიანი ურთიერთობები გამორიცხა და აცილების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. „ვინ არის უნივერსიტეტის რექტორი, რა გვარისაა?“ - იკითხა შუამდგომლობის მოსმენის დროს მოსამართლემ და აღნიშნა, რომ საქმის მიუკერძოებლად განხილვის საფრთხე არ არსებობდა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში დამდგარი შედეგებით, მხარეს თამამად შეუძლია განაცხადოს, რომ მოსამართლე არათუ მიკერძოებული, არამედ სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების დამრღვევიც აღმოჩნდა. მისმა გამონათქვამებმა შეურაცხყოფა მიაყენა თსუ მეცნიერებს - მოსამართლემ ადამიანებს, რომლებმაც მთელი შეგნებული ცხოვრება სამეცნიერო საქმიანობას დაუთმეს, არიან დარგის აღიარებული სპეციალისტები, აგრესორები, ადამიანთა მოძულე და კონკურსისთვის შეუფერებელი უწოდა. საქმეზე გადაწყვეტილება 2019 წლის 9 სექტემბერს გამოცხადდა. მაშინ, ორგანიზაციამ შეაფასა არსებული სინამდვილე და გააკეთა საჯარო განცხადება, რომ მოსამართლე დავით წერეთელი თსუ-ის მეცნიერების საქმეს „ჩაწყობილი დავების“ რიგში აყენებდა და განხორციელებული მართლმსაჯულება, სამართალწარმოება იყო აბსოლუტურად უკანონო.
ცნობისთვის: მხარემ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბერს წარუდგინა. საქმე ერთპიროვნულად მოსამართლე: მარიამ ცისკაძემ განიხილა. ნინო ღამბაშიძის, ლოლა სარალიძის, რუსუდან ლაბაძისა და მანანა ხვედელიძის ინტერესებს არჩილ კაიკაციშვილი, ირმა მახათაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერესებს სერგი ჯორბენაძე და ფიქრია ჩხაიძე, მესამე პირის ინტერესებს კი ლევან ხირჩილაშვილი და ანი მჭედლიძე წარმოადგენდნენ. ორგანიზაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლსი 12 მარტის განჩინებას მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.