ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2012 წლამდე სახელმწიფოს მიერ საკუთრების უფლების ხელყოფის მასშტაბურ სისტემურ დანაშაულზე მომზადებული კვლევის პრეზენტაცია გამართა. კერძოდ, საქმე ეხება სააქციო საზოგადოება „მრეწვრკინიგზას“, რომელსაც ქონებები 2012 წლამდე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევის შედეგად, ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს. უკანონო ჩარევის შედეგად, სააქციო საზოგადოების დირექტორს ქონებების ნაწილი სახელმწიფოს სასარგებლოდ მიატოვებინეს, ნაწილი - სახელმწიფოს სასარგებლოდ გამიჯვნით მიისაკუთრეს. სააქციო საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონებების ნაწილი თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ქვეშ ექცეოდა. შესაბამისად, სახელმწიფომ კერძო მესაკუთრის უფლებების ხელყოფა ძალმომრეობით და უკანონო ჩარევის შედეგად გადაწყვიტა და არა - კანონის საფუძველზე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, ს.ს. „მრეწვრკინიგზას“ წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაცია ფართო საზოგადოებისთვის აქვეყნებს მორიგ კვლევას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში ბიზნესისა და საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტთან, სისტემური დანაშაულის შემთხვევასთან, რაც ჩვეულებრივი ნორმა აღმოჩნდა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე სახელმწიფოს მკაცრი და ადამიანის უფლების დამრღვევი პოლიტიკისთვის, რა დროსაც უკანონოდ განხორციელდა სააქციო საზოგადოება „მრეწვრკინიგზას“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები) სახელმწიფოს მხრიდან წართმევა, რამაც 2014 წლის აუდიტორული დასკვნის თანახმად, მთლიანობაში შეადგინა 778,515,00 ლარის ღირებლების ქონება. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ, სამართლიანობის აღდგენის პროცესში, უფლებადამდგენი ცალმხრივი გარიგებების სასამართლოს გზით გაუქმების მიუხედავად, სააქციო საზოგადოება სახელმწიფოსგან ისევ მოითხოვს ქონებრივ უფლებებში აღგენას, მიღებული ქონებრივი ზიანისა და ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებისთვის (დანაშაულისთვის) დაზარალებულად ცნობას, სახელმწიფო კი, როგორც მოთხოვნაზე, ასევე შემთხვევაზე - სდუმს.
„მრეწვრკინიგზას“ საქმე დეტალურად იქნა შესწავლილი, რომელიც დღემდე სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია. წართმეულ ქონებებს ისევ უკანონოდ ფლობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, რომლის მიმართაც, სასამართლოში, ქონებების დაბრუნების მოთხოვნით, მიმდინარეობს სამართალწარმოება. მეტიც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ლილოს სამრეწველო ზონაში მშენებლობის სამინისტროს მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების, დაზუსტებული მიწის ფართობი: 6448.00 კვ.მ და ლილოს სამრეწველო ზონაში მშენებლობის სამინისტროს N1 სახლმშენებელი კომბინატის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების, დაზუსტებული მიწის ფართობი: 10705.00 კვ.მ ნაკვეთის გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა აუკრძალა, რითაც სრულად დაკმაყოფილდა ს.ს. „მრეწვრკინიგზას“ მოთხოვნა 2012 წლამდე წართმეულ 778,515,00 ლარზე მეტი ღირებულების ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენისა და ქონების დაბრუნების კუთხით აუცილებელი სამართლებრივი ღონისძიებების გამოყენებაზე. სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე შესულია კანონიერ ძალაში და მან განვლო ორი ინსტანციის კონტროლი.
მართალია, სააქციო საზოგადოებამ 2012 წლის შემდგომ მიმართა სასამართლოს და იმ გადაწყვეტილებების გაუქმება მოითხოვა, რომლიც ნების საწინააღმდეგოდ, ქონებების დათმობის საფუძველი გახდა, თუმცა სასამართლომ სარჩელის ნაწილობრივ დააკმაყოფილა - გაუქმდა გადაწყვეტილებები, რომლითაც ქონებების მიტოვება სასამართლომ კანონსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებების ქვეშ მოაქცია, მაგრამ სააქციო საზოგადოებამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ვერ აღიდგინა. ამის მიზეზი სარჩელით სათაანდო მოთხოვნის დასმის არასებობა გახდა, თუმცა მოლოდინი, სახელმწიფო საკუთარი ინიციატივით, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, ს.ს. „მრეწვრკინიგზას“ დაუბრუნებდა დასახელებულ ქონებებს, არ გამართლდა. შესაბამისად, მხარემ ისევ მიმართა სასამართლოს და უძრავი ქონებების დაბრუნების კუთხით ამჟამად მიმდინარეობს სამართალწარმოება.
ს.ს. „მრეწვრკინიგზას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნანა ორაგველიძემ შეხვედრაზე ვრცელი ყურადღება დაუთმო, თუ როგორ მოხდა სახელმწიფოს მხრიდან ქონებების იძულებით წაღება. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც შპს „საქართველოს რკინიგზამ“ ს.ს. „მრეწვრკინიგზასთან“ შეთანხმებისა და ნებართვის გარეშე დაიწყო სააქციო საზოგადოების სახელზე რიცხული ლიანდაგებით სარგებლობა და ტვირთბრუნვა. ს.ს. „მრეწვრკინიგზამ“ კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით, შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიმართ, როგორც სამგორის რაიონის, ასევე ქ. თბილისის პროკურატურაში წარადგინა საჩივარი. სახელმწიფოს საწარმოსა და სააქციო საზოგადოების მენეჯმენტს შორის სადავო საკითხების გამო, ჩამოყალიბდა რთული ურთიერთობები, თუმცა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის ნაცვლად, სახელმწიფომ ს.ს. „მრეწვრკინიგზის“ იძულება და არამართლზომიერი გზით, უძრავი ქონებების დასაკუთრების სურვილი გამოხატა. შესაბამისად, იმ მოტივით, რომ სააქციო საზოგადოების სახელზე რიცხული უძრავი ქონებების რეგისტრაცია არ მოხდა კანონის სრული დაცვით, ფაქტზე ქ. თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციულ საგამოძიებო ნაწილში, 2011 წლის მაისში, დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2011 წლის 20 მაისს, ქ. თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის გელა ბარამაშვილის მიერ მოწმის სახით დაიკითხა სააქციო საზოგადოება „მრეწვრკინიგზის“ დირექტორი და 63% წილის მფლობელი ჯუმბერ შენგელია. ჯუმბერ შენგელიას ნების საწინააღმდეგოდ მოუწია განმარტება იმის შესახებ, რომ 47 906 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 35 706 კვ. მ მიწის ნაკვეთის ფართობის მესაკუთრე სააქციო საზოგადოება არ იყო, რადგანაც აღნიშნულ ფართს საზოგადოება თითქოსდა ფლობდა სამართლებრივი საფუძვლების გარეშე და საზოგადოების რეალურ საკუთრებას წარმოადგენდა მხოლოდ თავდაპირველი, 12 200 კვ. მ მიწის ფართობი, რაც აღრიცხული იყო ტექბიუროშიც და საზოგადოებამ მიიღო მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 და 1998 წლის დადგენილებებით. ჩვენება სრულდება იმ დათქმით, რომ ჯუმბერ შენგელია ნებაყოფლობით აცხადებდა აღნიშნული 47 906 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 35 706 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს სასარგებლოდ სააქციო საზოგადოების საკუთრების უფლების მიტოვებას. აგრეთვე, ჯუმბერ შენგელია ჩვენების დასასრულს აცხადებდა, რომ სურდა სახელმწიფოს სასარგებლოდ ნებაყოფლობით მიეტოვებინა სააქციო საზოგადოების საკუთრების უფლება ს.კ 01.19.26.004.032 – 10705 კვ.მ მიწის ფართობსა და ს/კ 01.19.26.004.035 – 6448 კვ.მ მიწის ფართობზე, რომელიც მდებარეობდა ლილოს სამრეწველო ზონაში .
ჯუმბერ შენგელია საგამოძიებო ნაწილში აიძულეს ადგილიდან დაერეკა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნანა ორაგველიძისთვის, რათა ამ უკანასკნელს მოეხდინა სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის დოკუმენტური გაფორმება დირექტორის მიერ მითითებულ მიწის ფართობების მიტოვებაზე. შესაბამისად, შედგა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დგებოდა წინდადადება ქონებების სახელმწიფოს მიმართ უსასყიდლოდ გადაცემაზე. ამდენად, სამეთვალყურეო საბჭომ ზეწოლის შედეგად, მიიღო ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვებისა და უსასყიდლოდ გადაცემის გადაწყვეტილება. 2012 წლის 26 ნოემბერს, პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, ს.ს. „მრეწვრკინიგზამ“ საჩივრით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, სადაც საქმეზე შემაჯემებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
ცნობისთვის: ორგანიზაციის კვლევის ნაწილი მოიცავს სარეკომენდაციო წინადადებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, შპს „საქართველოს რკინიგზას“, საქართველოს გენერალურ პროკურატურისა და საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ, რომელიც ქონებებზე საკუთრების უფლების აღდგენის პროცესში ინსტიტუციურ დახმარებას და გადაწყვეტილებების მიღებას შეეხება. ახალი დავის პრიობებში, კანონიერ ძალაში შესულმა სასამართლოს გადაწყვეტილებამ, იურიდიული საფუძველი გამოაცალა დასახელებული უძრავი კოდის ქვეშ არსებულ ქონებების შემდგომ განკარგვას, ვინაიდან მხარემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-312 მუხლების ერთობლიობაში, შეძლო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის დამტკიცება და დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფოს გამოაცალა დასახელებული საკუთრებების ფლობისა და განკარგვის კეთილსინდისიერი, ლეგალური და ობიექტური ყველა საფუძველი, რითაც აღიარებით სარჩელს გააჩნია წარმატების პერსპექტივა და არ არის ხანდაზმულობის ვადებით შემოსაზღვრული.