არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა,“ ბოლო სამი თვის განმავლობაში, საქართველოს შეიარაღებულ ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვების სფეროში არსებული საგანგაშო ვითარების შესახებ, არაერთი განცახდება გაავრცელა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უხარისხო საკვების მიღების შედეგად შვიდასამდე ჯარისკაცი მოიწამლა. კვებითი ინტოქსიკაციის უმძიმესი ფაქტები დაფიქსირდა ვაზიანის, სენაკისა და ქუთაისის სამხედრო ბაზებზე, აგრეთვე, ოცდამეტერთმეტე ქარხანასთან არსებულ სამხედრო დანაყოფსა და საინჟინრო ბრიგადაში. ჯარისკაცების მასობრივი მოწამვლის ბოლო ფაქტს მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ორგანიზაციის განცხადებებს დაუსაბუთებული უწოდა, თუმცა, მოგვიანებით, თავადვე დაადასტურეს, რომ სამხედრო მოსამსახურეთა მოწამვლის ფაქტებზე სამხედრო პოლიციაში მიმდინარეობდა გამოძიება.
სამხედრო მოსამსახურეთა მოწამვლის ფაქტების მზარდი დინამიკა ცალსახად მიუთითებს, რომ თავდაცვის სამინისტრო არანაირ ქმედითი ნაბიჯებს არ დგამს სიტუაციის გამოსწორების კუთხით, ხოლო შიდა უწყებრივი გამოძიება ატარებს ფორმალურ ხასიათს, რადგან დღემდე არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
„ახალგაზრდა ადვოკატებს” მიგვაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროში აშკარად იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი და სიტუაციის გამოსწორების არანაირი პერსპექტივა არ ჩანს, ვინაიდან თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ „ქართული კვების კომპანიას” მართავს თავდაცვის მინისტრის მეუღლის მეჯვარე და უახლოეს მეგობარი, ქალბატონი ეკა ხურციძე, ხოლო სამხედრო პოლიციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსად დანიშნულია წარსულში კორუფციისთვის ნასამართლევი მიხეილ ჭანუყვაძე.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურორი ვალდებულია, ესოდენ აშკარა ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეები გამოსაძიებლად უშუალოდ პროკურატურის ორგანოებს დაუქვემდებაროს.
ამასთან „ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს თავდაცვის სამინისტროში არსებული საგანგაშო მდგომარეობა, ვინაიდან საკითხი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება.