საქართველო, ძალადობის რისკის გამო, უარს ამბობს გერმანიას არასრულწლოვანი გადასცეს

1 ივნისი, 2021

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, ქართულ სასამართლოში წარმოებული საქმე მოიგო. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე მამის სარჩელი არამართლზომიერად გატაცებული არასრულწლოვანი შვილის გერმანიაში დაბრუნებაზე. საქართველო, საქმის მასალების მიხედვით, ძალადობის რისკების გამო, უარ თქვა გერმანიაში არასრუწლოვანი დაბრუნებაზე - აღნიშნულის შესახებ განცხადებას „ახალგაზრდა ადვოკატების“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მშობლები 2015 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ 2016 წელს შეეძინათ ქალიშვილი. მამამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში ჩაიდინა ქმედება - შვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაერთგზის ძალმომრეობის აქტს. ამასთან, 2019 წლის 30 დეკემბერს, მამაკაცი სასტიკად გაუსწორდა დედას. ბავშვის თანდასწრებით, სახეში სცემდა ქალბატონს, რამაც გამოიწვია მსხვერპლის დაზიანებები. 2020 წლის 3 იანვარს ინგელჰაიმის საპოლიციო ინსპქციამ მამაკაცის მიმართ მიიღო შემაკავებელი ორდერი, რითაც 6 თვის ვადით აეკრძალა მას ქალბატონთან არათუ ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია, არამედ მიახლოებაც კი. მშობელმა ბავშვზე ძალადობის ფაქტებზე 2020 წლის 7 იანვარს განცხადებით მიმართა „ვილდვასერ ვისბადენს", ძალადობის წინააღმდეგ დარგობრივი კონსულტაციების დაწესებულებას გერმანიაში, რომელმაც საკითხზე კვლევა მთელი 4 თვის განმავლობაში განახორციელა, რომლის დასკვნითაც დგინდება, რომ ბავშვმა მამის მხრიდან ძალადობა განიცადა.

2020 წლის ივლისის თვეში, სწორედ ბავშვის დაბადების დღეზე, მამაკაცი გამოცხადდა დედის საცხოვრებელ მისამართზე, რა დროსაც ძალის გამოყენებით ცდილობდა საცხოვრებელ ფართში შეღწევას და ბავშვის წაყვანას, რაზედაც ქალბატონმა მამაკაცის განეიტრალება მეზობლების დახმარებით შეძლო. შემდგომ, 2020 წლის აგვისტოს თვეში, მამაკაცი ისევ  გამოცხადდა დედის საცხოვრებელ მისამართზე და ისევ ითხოვდა ბავშვის გაყვანას. მამაკაცი დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, იმყოფებოდა სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში, რამაც დედა ბავშვთან ერთად, კვლავ სტრესისა და გაუსაძლისი რეალობის წინაშე დააყენა. ბავშვის და პირადი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დედამ გერმანია დატოვა და 2020 წლის სექტემბერში საქართველოში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი და მისი გარემოცვა ინფორმირებული იყო საქართველოში გამგზავრების შესახებ, მამამ განცხადებით მიმართა გერმანიის იუსტიციის სამინისტროს და ბავშვის უნებართოდ გადაადგილების საფუძვლით, საქმისწარმოების დაწყება მოითხოვა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, 2020 წლის ოქტომბრის თვიდან საქართველოს სასამართლოში ქალბატონმა სარჩელი აღძრა და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად, მის სრულწლოვანებამდე, საქართველოს განსაზღვრა მოითხოვა. ამასთან, მამის უფლების შეზღუდვის მოთხოვნით, განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. დასახელებული საქმეების წარმოება შეჩერდა, ვინაიდან მამაკაცმა არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვანის გერმანიის ფედრაციულ რესპუბლიკაში დაბრუნების მოთხოვნით განცხადების მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც საქმეში ცენტრალური ორგანოა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ამასთან, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის მიხედვით, ეროვნული დონის სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას სავარაუდოდ არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ: ბავშვის ასაკი, მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გათვალისწინებულ იქნეს მისი აზრი, და იგი ცალსახად უარს აცხადებს დაბრუნებაზე და არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის ანდა სხვაგვარად ჩააყენებს აუტანელ მდგომარეობაში. დავის წარმოების ფარგლებში, ორგანიზაციამ შეძლო სასამართლოსთვის თვალნათელი ყოფილიყო ის რისკები, რომელიც ბავშვის გერმანიაში დაბრუნების შემთხვევაში მას ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას მოუტანდა. ორგანიზაცია, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ძალადობის ფაქტების დასახელებისგან თავს იკავებს, ისევე, როგორც იმ ვარგისს მტკიცებულებებზე მითითებით, რითაც სასამართლო დარწმუნდა, რომ ბავშვს ძალადობის ყველა ფორმა შეიძლება დამუქრებოდა.

ცნობისთვის: სასამართლო არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ საქმეებზე გადაწყვეტილებას დაჩქარებული წესით, საქმის წარმოებაში მიღებიდან ექვსი კვირის განმავლობაში იღებს. „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, დასახელებული დავა ორგანიზაციის წარმოებაში არსებული მეორე საქმეა. საქმე მოსამართლე ლელა ცანავამ განიხილა. ორგანიზაცია მოპასუხედ დასახელებული საქართველოს მოქალაქე დედის კანონიერ ინტერესებს იცავდა.



კომენტარები