„VTB ბანკის“ წინააღმდეგ მენეჯერის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არსებით მოთხოვნებზე დავა კი საკასაციო წესით გაგრძელდება

23 ივნისი, 2021

2021 წლის 23 ივნისის თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა „VTB ბანკ ჯორჯიას“ ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერის სააპელაციო საჩივარი, მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და მითღებული ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მენეჯერის სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც ბანკისთვის დასაქმებულის მიმართ სარეკომენდაციო ცნობის გაცემას დავალდებულებას შეეხებოდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, მუშაკის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნა.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, VTB ბანკ ჯორჯიას“ ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერის წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება საქართველოს უზენაესს სასამართლოში, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება სათანადო გამბედაობის გარეშეა, ნებსით და უნებლიეთ ანგარიშს უწევს ბანკის პოლიტიკას და სდუმს რეალური დარღვეული უფლებების აღდგენის ძალისხმევაში.

როგორც 18 ივნისის სასამართლოს შემაჯამებელ სხდომაზე მტკიცებულებების კვლევის ეტაპზე „VTB ბანკ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა, თამარ შუშიაშვილმა განაცხადა, მუშაკთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა ბევრი ფაქტორი და არა მხოლოდ თანამშრომლის მხრიდან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია. ბანკის წარმომადგენლის პოზიცია აღიარებითია, ვინაიდან ყველა სხვა გარემოებით დასტურდება, რომ გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული საფუძველი - შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა - არის ფორმალური საფუძველი და ემსახურებოდა მუშაკთან დაკავშირებით უკანონო გადაწყვეტილების მიღების სხვა მიზეზების გადაფარვას. მიუხედავად ბანკის წარმომადგენლის განცხადებებისა, სასამართლომ შეგნებული დუმილი არჩია, რითაც ღიად დარჩა საქმეში არსებული კრიტიკული გარემოებების შეფასება და მოწმეთა ჩვენებები. ამდენად, საქმეზე ქართული სასამართლოს სახელით, შემაჯამაბელ პოზიციას უკვე საკასაციო სასამართლო იტყვის.

უზენაესი სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტების, მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ თამარ მ.-ს მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას, უდავო ფაქტობრივ გარემოებად უნდა იქნეს მიჩნეული სამსახურში მომხდარი კონფლიქტი, ხოლო მის გამომწვევ მიზეზად დასაქმებულის მიმართ პიროვნული შეუთავსებლობა, რაც გამოხატული იყო ანალოგიურ მდგომარეობაში დასაქმებული ვერიკო ბოჭორიშვილის ვალდებულებების თამარ მ.-ს მიმართ გადაკისრებაში, მისი შესრულების დავალებაში, რასაც ახორციელებდა მისი უშუალო უფროსი - მამუკა ქავზინაძე. ფაქტობრივად, თამარ მ.-ს უწევდა, როგორც მის უფლებამოსილებაში არსებული საქმეების მოწესრიგება, ასევე ვერიკო ბოჭორიშვილის დავალებების შესრულება, რის გამოც, არაერთგზის გამოხატა უკმაყოფილება. აღმოჩნდა, რომ ბანკი მუშაკს, ასეთი სისტემატური დავალებების გაცემით, შრომით პირობებს უცვლიდა მხარეს, რაც არც სათანადო წესით გააფორმა დამსაქმებელმა და არც თანაბარი შრომითი გარემოს შექმნა უზრუნველყო მუშაკის მიმართ. ბანკმა თამარ მ. უსაფუძვლოდ მიიჩნია არასასურველ კადრად, რაც გახდა მუშაკთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველი, არასაპატიოდ შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან.

სასამართლო უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი არ მომხდარა მარტოოდენ კონტრაქტის ვადის გასვლის გამო, ვინაიდან დამსაქმებელმა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც საოპერაციო სამმართველოს უფროსმა ირინა ხელაიამ საოპერაციო სამმართველოს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების სადავო პერიოდში მოქმედი უფროსის მამუკა ქავზინაძისგან მიიღო. აღნიშნული წინაპირობა ანუ შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის მიზეზები დადასტურებული და განმარტებულია დასახელებული პირების ჩვენებებით. გათავისუფლება მოხდა პიროვნული შეუთავსებლობის გამო, რასაც ადასტურებს კიდეც ირინა ხელაია.

ის ფაქტი, რომ თამარ მ.-ს მიმართ არსებობდა პიროვნული შეუთავსებლობა და ბანკი საფუძვლიან მიზეზს ეძებდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმის სათქმელად, კარგად ასახავს მოწმის სახით დაკითხული მამუკა ქავზინაძის განმარტებაც. კერძოდ, მისი თქმით, მას შემდეგ, რაც თამარ მ.-მ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნდა სამსახურთან დაკავშირებული ტექსტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ადამინების უმეტესობა ვერ ხედავდა მეგობრულ თანადგომას და სიკეთეს ბოროტებით პასუხობდნენ. მე სამწუხაროდ სამსახურში განვიცადე ეს უსამართლო საქციელი იმ ადამიანებისგან, ვისგანაც არ მეკუთვნოდა“. ასევე, კიდევ ერთი ტექსტი შემდეგი შინაარსის: ბევრს არ ვუყვარვარ, მაგალითად სამსახურში, რადგანაც პირში მთქმელი ვარ, თვითონ კი მლიქვნელები არიან“, მამუკა ქავზინაძე განმარტავს: „ბოლო წერტილი იყო, რომ „ფეისბუქის“ ფეიჯზე დაპოსტილი ჰქონდა კოლეგებზე და „ვითიბიზე“  ცუდი ინფორმაცია. ეგრევე მივიღე ზომები, ჩავაყენე მაღალი მენეჯმენტი საქმის კურსში. მაშინ მოხდა გადაწყვეტიელბის მიღება, რომ აღარ გაგვეგრძელებინა ხელშეკრულება“ (სტილი დაცულია).  

უზენაესი სასამართლო უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ თამარ მ.-თან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების გაგრძელებაზე უარი გახდა არა მუშაკის კვალიფიკაცია, არამედ კონფლიქტის შედეგები, არასასურველ კადრად წარმოჩენა. დადგენილია, რომ თამარ მ. არ დაეთანხმა იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც უნდა განეხორციელებინა ანალოგიურ შრომით პირობებში დასაქმებულ ვერიკო ბოჭორიშვილს. ეს დავალებები გაიცემოდა მუშაკის უშუალო უფროსის - მამუკა ქავზინაძის მხრიდან, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი. აღნიშნულმა წარმოშვა თამარ მ.-ის სამართლიანი პრეტენზია, რათა დაცული ყოფილიყო იდენტურ უფლებამოსილებაში დასაქმებული პირების მიმართ გაცემული დავალებების გადანაწილების სამართლიანი ბალანსი.

დასაქმებულმა აღნიშნული საკითხი დასვა, როგორც უშუალო ხელმძღვანელთან, ასევე საოპერაციო განყოფილების უფროსთან და ვიცე-პრეზიდენტთან, თუმცა უშედეგოდ. ვითარებამ განაპირობა ვერიკო ბოჭორიშვილსა და თამარ მ.-ს შორის უთანხმობა, რამაც სამუშაო ადგილზე შექმნა სტრესული და არათანაბარი შრომითი გარემო. შექმნილი ვითარების გამო, თამარ მ. არასასურველ მუშაკად და თანამშრომლად ჩამოყალიბდა უშუალო უფროსის, მამუკა ქავზინაძის შეფასებაში. იმის ნაცვლად, რომ უშუალო უფროსს უზრუნველყო მშვიდი, კოლეგიალური და თანაბარი შრომითი გარემო, არ მოახდინა საკითხის სათანადო შეფასება და ბანკის საოპერაციო სამმართველოს უფროსის წინაშე დააყენა თამარ მ.-ის ბანკიდან გათავისუფლების საკითხი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძვლეზე, სრულიად დასაბუთებულად აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ დაადგინეს, თუ რამდენად კანონიერად ეთქვა უარი მოსარჩელეს შრომით ურთიერთობის გაგრძელებაზე და შემდეგ რამდენად კანონიერად მოხდა სადავო გათავისუფლების ბრძანების მიღება. ამ თვალსაზრისით, შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარსა და გათავისუფლების ბრძანების გამოცემას შორის, სასამართლოს უნდა მოეხდინა უფლების მართლზონმიერების გამოყენების საკითხის სამართლებრივი შეფასება და მიზეზ–შედეგობრივი კავშირების დადგენა. აღნიშნული პირობის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ ბანკის იურიდიული ნების და გამოცემული ბრძანების კანონთან მხოლოდ ფორმალური შესაბამისობა შეამოწმა და არა - ბანკის ყველა მოქმედების შინაარსობრივი მხარე. ამასთან, სასამართლომ გვერდი აუარა გათავისუფლებულის მიმართ ბულინგის ფაქტებს, რაც არაერთი დოკუმენტით გახდა ცნობილი, მათ შორის მოწმეთა ჩენებებით, რომ გათავისუფლებული მუშაკი სამსახურში ბულინგის მსხვერპლია.

სასამართლომ საქმეზე დაკითხა ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჭიბოშვილი, საოპერაციო სამმართველოს უფროსი ირინა ხელაია, საოპერაციო სამმართველოს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მენეჯერი ვერიკო ბოჭორიშვილი, საოპერაციო სამმართველოს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ანრი გოქსაძე და ამავე განყოფილების ყოფილი უფროსი, მამუკა ქავზინაძე. სასამართლოს წინაშე მოწმის სახით გამოკითხული პირების შინაარსი კრიტიკას ვერ უძლებს. დგინდება ბანკიდან ყოფილი თანამშრომლის გათავისუფლების რეალური მიზეზები და ახალი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, შემაშფოთებელია ტერმინოლოგია და სიძულვილის ენა, რომელიც ბანკის მოქმედი თანამდებობის პირების მხრიდან გათავისუფლებული მუშაკის მიმართ გამოითქვა. ამ თვალსაზრისით, საოპერაციო სამმართველოს უფროსის ირინა ხელაიას ჩვენება მთლიანად დაეფუძნა შრომითი დისკრიმინაციის, მტრული გარემოს ჩამოყალიბებისა და სიძულვილის გამომხატველ ფრაზებს. მოსარჩელემ მოითხოვა ბანკის მაღალი მენეჯმენტის წევრების მოწმის სახით დაკითხვა, რათა სასამართლო მისულიყო დასკვნამდე მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის: სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 27 მარტს დარეგისტრირდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე ერთპიროვნულად მოსამართლე გელა ქირიამ განიხილა, თბილისის საქალაქო სასამართლოში - მაია გიგაურმა. მხარეს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების დრო 2021 წლის აგვისტოში ეწურება.



კომენტარები