არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას სოციალური სფეროს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების – საპენსიო რეფორმის დაწყებას 2014 წლიდან და დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღებას, ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო დაპირების შესრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას, დაგროვებითი საპენსიო სისტემის განხორციელების პროცესში, აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, რადგანაც ორგანიზაციის სამართლის ჯგუფმა, ჯერ კიდევ 2013 წლის მაისში შეისწავლა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესაძლებლობები, დაასაბუთა რეფორმის განხორციელების საჭიროება საქართველოში და მოამზადა პროექტი: „საპენსიო ჩარჩო კანონმდებლობის განვითარება ხანდაზმულთა კეთილდღეობისათვის“, მიზნად დაისახვა რეფორმის პროცესში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება, თუმცა ორგანიზაციის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა საჭირო ფინანსური უზრუნველყოფის გამო, ვერ განხორციელდა. პროექტმა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვება ვერ მოიპოვა, არადა მისი რეკომენდატორი საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, საქართველოს სახალხო დამცველი და საკონსულტაციო ჯგუფი „ჯეპრა“ იყო. პროექტი 2013 წლის ივნისი–დეკემბრის შუალედში უნდა განხორციელებულიყო.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვფქირობთ, რომ აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეები ფლობდნენ სრულყოფილ ინფორმაციას საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღების მნიშვნელობისა და სხვადასხვა ქვეყანაში ასეთი სისტემის არსებობის სიკეთეების შესახებ. ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას, ამ მიმართულებით, მხარდაჭერას სთავაზობს და სამოქალაქო ინფორმირების კუთხით, სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან კვლავ მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეხედულება საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღების მნიშვნელობასთან მიმართებით, კვლავინდებურად უცვლელია.
ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ სოციალური სფერო და საციალური საკითხები, ერთ–ერთ პრობლემურ საკითხად რჩება, რადგანაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიების შექმნა საკუთარი მოქალაქეებისათვის. სახელმწიფოს ეს პრობლემა ყველაზე თვალსაჩინო სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და საპენსიო ასაკს მიღწეული მოქალაქეების სამართლებრივი დაცვის მექანიზმების სუსტ მიდგომებშია. სახელმწიფოს არ გააჩნდა შესაბამისი სტრატეგია შეექმნა სისტემა, რომელიც საზოგადოების ყველაზე სენსიტიური ჯგუფის სოციალურ დაცვასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფდა. ქვეყნის არცერთ მთავრობას, დღემდე კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს საიმისოდ, რომ შექმნილიყო სახელმწიფო საპენსიო დაზღვევის ერთიანი სისტემა.
უფრო მეტიც, ქვეყანას არც ეფექტური კერძო (ნებაყოფლობითი) საპენსიო დაზღვევის სისტემა გააჩნია, მაშინ როდესაც პენსია ადამიანის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სოციალურ–ეკონომიკური უფლებაა, რომელიც უზრუნველყოფს პირის საარსებო შესაძლებლობების რეალიზებას.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის მონაცემით, საქართველოში საპენსიო პაკეტის მიმღები (ასაკით პენსიონერი), 682.9 ათასი პირია, ხოლო სახელმწიფო პენსიონერების ანაზღაურებას დღემდე შემწეობასთნ აიგივებს. ქვეყანაში პენსიის ოდენობა დამოკიდებულია არაპროგნოზირებად სახელმწიფო რესურსებზე. პენსიის ოდენობას ყოველწლიურად მხოლოდ ქვეყნის ბიუჯეტი განსაზღვრავს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, დამოკიდებულია დასაქმებულთა რაოდენობაზე და კონკრეტულ პოლიტიკურ ნებაზე. ყოველივე ამან შედეგად მოიტანა ის სამართლებრივი მდგომარეობა, რომ საქართველოში 2004 წლიდან გაუქმდა სოციალური დაზღვევის კანონმდებლობა და სოციალური (საპენსიო) დაზღვევის შენატანი.
დღეს არსებულმა საპენსიო სისტემამ ერთის მხრივ, შესაძლოა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს, ხოლო მეორეს მხრივ, ვერ დააკმაყოფილოს პენსიონერის რეალური საჭიროება. არსებული რეალობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ქვეყანაში ახალი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნა და ჩამოყალიბება, რომელიც საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთს გადაანაწილებს საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე. შესაბამისი გამოცდილება, ამ მიმართულებით, არაერთ ეროპულ ქვეყანაში მოქმედებს. ამასთან, გასათვალიწინებელია, რომ მსგავსი სისტემა უკვე არსებობს პოსტ–საბჭოთა სივრცეშიც. საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე და არსებული პოლიტიკური ნების პირობებში, სავსებით რეალურია შეიქმნას საპენსიო დაზღვევის უნიფიცირებულ კანონმდებლობაზე დაფუძნებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც საპენსიო რეფორმის განვითარებისა და შედეგების წარმატებულობას უზრუნველყოფს.
მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფოს მიერ გაიცემა პენსია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარსებო მინიმუმს, მეორეს მხრივ 1998 წლიდან, საქართველოში მოქმედებს „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ კანონი, რომლითაც ქვეყანაში უნდა ფუნქციონირებდეს მყარი არასახელმწიფო საპენსიო სისტემა. მიუხედავად კერძო კომპანიების მცირე მცდელობებისა, აღნიშნული კანონი, პრაქტიკულად არ რეალიზდება. 2013 წლის 7 მარტს, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება „საპენსიო სისტემის რეფორმის საკითხებზე უწყებათაშორისო საბჭოს შექმნის შესახებ“. საბჭოს შექმნიდან გასული დროის მიუხედავად, 2013 წლის მაისის მდგომარეობით, არ იქნა გაწერილი მისი უფლება–მოვალეობა და სამოქმედო გეგმა.
საერთაშორისო გამოცდილებისა და ქართული რეალობის გათვალისწინებით, საჭიროა, შეიქმნას მოქნილი სამართლებრივი სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ახალი საპენსიო სისტემის შექმნას და მკაცრად გააკონტროლებს სიტემაში ჩამოყალიბებული კერძო თუ საჯარო იურიდიული პირების ფუნქცია–მოვალეობებს.