სავარაუდო მოძალადე მამა ისევ სკოლაში მუშაობს და სამართალდამცავები საქმით ჯერ არ დაინტერესებულან

2 ივლისი, 2021

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პროკურატურას მიმართავს, გაატაროს ყველა სამართლებრივი ღონისძიება მამის მიერ 16 წლის გოგონა შვილის მიმართ საძინებელ ოთახში ფარული სათვალთვალო კამერის დამონტაჟების ფაქტზე, ასევე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება, ხოლო სავარაუდო მოძალადე კაცის დამსაქმებელ საგანმანათლებლო სკოლას „ინტელექტ-პლიუსს“ მიმართავს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა შეუჩეროს თანამშრომელს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციის ჩართულობის შედეგად, მხარემ შეძლო მამაკაცის მხრიდან წარმოდგენილი ყველა ბრალდების გაქარწყლება. მას შემდეგ, რაც მამაკაცმა სამართლებრივი წინააღმდეგობა იგრძნო და ქალბატონმა ვარგისი მტკიცებულებები წარუდგინა სასამართლოს, დაიგეგმა შურისძიების ახალი მიმართულება. აღმოჩნდა, რომ ჩვეული საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ოჯახი წლების განმავლობაში ცხოვრობდა, მამაკაცმა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა. სახლის ახალი მესაკუთრე მამაკაცის მირონით ნათესავი და თანასოფლელი ქალბატონი აღმოჩნდა. შესაბამისად, სახლის ახალმა მესაკუთრემ, რომელიც უძრავი ნივთი თვალთმაქცური გარიგებით მიიღო, ახალი სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას - ქალბატონის და მისი არასრულწლოვანი შვილების გამოსახლებას. საქმის მასალებით აღმოჩნდა, რომ მამაკაცს გააჩნდა საკუთარი შემოსავალი, დღემდე მუშაობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ინტელექტ-პლიუსში“ და სახელფასო დანარიცხი შეადგენდა 375 ლარს.

2021 წლის 18 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, არასრულწლოვნების ჩვენებების მათ სრულწლოვნებამდე გასაიდუმლოების თაობაზე. ამავე სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით, უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრის სარჩელის ფარგლებში, მიღებული იქნა გადაწყვეტილება არასრულწლოვანების ინტერესების დაცვის მიზნით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის ადვოკატად დანიშვნის შესახებ. საქმეზე სამართალწარმოება გრძელდება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ დასახელებულ საქმეებს სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია. ამასთან, ფაქტები მიუთითებენ ოჯახური ძალადობის, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განგრძობით ხასიათზე.



კომენტარები