უნდა შეიქმნას ინსტიტუციური მექანიზმები მსგავსი რყევების თავიდან ასაცილებლად - „ახალგაზრდა ადვოკატები“

5 ივლისი, 2021

2021 წლის 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენები, გამომწვევი მიზეზები და მოტივები ფართო დიალოგის საფუძველზე უნდა შეფასდეს, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ჯგუფს, რომელმაც გამოიწვია ძალადობა, ძალადობის მხარდაჭერა და ძალადობის პროვოცირება, რაც უკიდურესად აზიანებს საქართველოს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემას, კანონის უზენაესობის პრინციპებსა და მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ნებისმიერი მოქალაქის, ჯგუფის და პირის გამოხატვის თავისუფლება კანონით დაცული სიკეთეა. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შეზღუდვაც სამართლებრივი სიკეთის შემადგენელი ნაწილია, რომელიც უნდა ესმახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება.  ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლება, დაუშვებელია ამ უფლების განხორციელების შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ამდენად, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, სახელმწიფოს მიერ რამდენად დამაჯერებელი და თანიმდევრული ძალისხმევა იქნა მიმართული ძალადობის თავიდან აცილების მიზნით და რატომ ვერ მოხერხდა ესკალაციის შეჩერება.

ორგანიზაცია გმობს ჟურნალისტური კორპუსის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, რომელსაც ჰქონდა ყოვლისმომცველი და მიზანმიმართული ხასიათი. ჩვენ ყველამ ვიხილეთ სიძულვილით მოტივირებული თავდასხმა მედიის წარმომადგენლების მიმართ, მათი სარედაქციო პოლიტიკისა და პიროვნული შეხედულებების მიუხედავად, რაც მშვიდობიანი პროტესტის ფორმებს გასცდა. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მოახდინოს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია და დადგეს ძალადობის ჩამდენი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ორგანიზაცია სოლიდარულია ჟურნალისტური კორპუსის მიმართ, რომელთა საქმიანობასაც ხელი შეეშალა.

საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები, მგრძნობიარე და თვითმყოფადობასთან დაკავშირებული თემები, იდეოლოგიური და დოგმატური საკითხები, მიგვაჩნია, ყოველთვის მოითხოვს ობიექტური გაშუქებისა და  პროფესიული ანალიზის საფუძვლებს, არ უნდა გამომდინარეობდეს ცალსახა შეხედულებებით და განსხვავებული აზრის პატივისცემის გარეშე. ხელისუფლებამ, ეკლესიამ, საერთაშორისო პარტნიორებმა, საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა, აკადემიურმა და პროფესიულმა წრეებმა, მედიამ -ყველაფერი უნდა გააკეთოს სიძულვილის ენის დაძლევისთვის და შეიქმნას ინსტიტუციური მექანიზმები ქვეყანაში მსგავსი რყევების თავიდან ასაცილებლად.



კომენტარები