საქართველო, სეისმური მონაცემების გამჭვირვალობის სტანდარტით, ჩრდ კორეას და რუსეთის გვერდით დგას

28 ივლისი, 2021

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას მიმართავს და მოუწოდებს გადამჭრელი ზომები მიიღოს საქართველოში სეისმური ინფორმაციის ხელმისწავდომობაზე, აიღოს პასუხისმგებლობა სეისმური მონაცემების ღიაობაზე, საშუალება მისცეს ყველა მეცნიერს და დაინტერესებულ პირს ამ მონაცემების თავისუფალ წვდომაზე, ვინაიდან მიწისძვრის სრული კატალოგები (მცირე მაგნიტუდის მიწისძვრის ჩათვლით) ყველა ქვეყანაში ღიაა, გარდა ისეთი მმართველობის მქონე ქვეყნებში, როგორიც ჩრდილოეთ კორეა და რუსეთია, ინფორმაციის გაუმჭვირვალობა და ხელმისწავდომობაზე არსებული ბარიერები კი, საქართველოს მათ რიცხვში ამყოფებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საკითხი შეეხება ქვეყნის სეისმურ მონაცემებს, რომელსაც ფლობს და დღემდე ამუშავებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. ირკვევა, რომ დაწესებულება უარს ამბობს გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებისთვის ხელმისწავდომი გახადოს სეისმური მონაცემები და განმარტებულია, რომ მეცნიერები აღნიშნულ მონაცემებს იღებენ საერთაშორისო ბაზებიდან, სადაც განთავსებულია მწირი მონაცემები მაგნიტუდა 3-ის ზემოთ საქართველოს ტერიტორიისთვის. ორგანიზაცია დაინტერესდა საკითხის შესწავლით და სხვადასხვა უწყებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, აქვს თუ არა სახელმწიფოს სეისმური უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და ერთიანი ხედვა. ამასთან, რადენად ხელმისწავდომია ან ღია უნდა იყოს სეისმური მონაცემები დაინტერესებული პირებისთვის, მეტადრე სფეროს კვლევით დაინტერესებული მეცნიერებისთვის, რომლთა პრეტენზიები სეისმური მონაცემების ხელმისწავდომობაზე - სამართლიანია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც წარმატებული საგანმანათლებლო და მეცნიერული ცენტრი საქართველოში, არ უნდა დაემსგავსოს კიმ ჩენ ინის ჩრდილოეთ კორეას. ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, ინსტიტუტი სარგებლოს უნივერსიტეტის ქონებით, მისი დაფინანსების წყაროა: საბიუჯეტო ასიგნებანი უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან, სამეცნიერო ან/და სხვა სახის გრანტები, შემოწირულობანი, სამეურნეო საქმიანობით მიღებული და სხვა შემოსავლები, რომლებიც კანონით არის ნებადართული (იხ. ინსტიტუტის/ცენტრის დებულება).

მეტიც, ცენტრის საქმიანობის პირდაპირ მიზანს, ამოცანასა და სტარტეგიას წარმოადგენს: საქართველოში განავითაროს სამეცნიერო/გამოყენებითი სახის კვლევები დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა მიმართულებებით, რომელთაც შეიძლება ჰქონდეს როგორც წმინდა პრაქტიკული ასევე ფუნდამენტური სამეცნიერო ღირებულება, როგორც კვლევითი ასევე სასწავლო მიმართულებების შერჩევისას იხელმძღვანელოს საქართველოს ინტერესებით და პრიორიტეტებით, როგორიცაა ქვეყნის უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება და ეკონომიკური ზრდა, უზრუნველყოს ინსტიტუტის კვლევითი სტრატეგიის შემუშავება და კვლევით პროგრამებზე მუშაობა, პროფესორების და მკვლევარების მაქსიმალური ჩართულობა, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა პოპულარიზაცია (სკოლებში, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში), სამეცნიერო კვლევითი, საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სფეროში, შეძლოს ბუნებრივი კატასტროფების კვლევა, საშიშროებების და რისკების შეფასება, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე მიწისძვრებზე უწყვეტი დაკვირვებების წარმოება. სეისმური საშიშროების და რისკის შეფასება, სეისმური ქსელის ორგანიზება, მონაცემთა რეალურ დროში გადაცემა. განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტებზე ადრეული შეტყობინების სისტემების შექმნა. ასევე, ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში, სასწრაფო (ოპერატიული) შეტყობინება. ქვეყნის მოსახლეობასა და მთავრობისათვის ინფორმაციის მიწოდება სტიქიის მასშტაბების შესახებ და კვალიფიციური შეფასება.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საკითხის შესწავლით დგინდება, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია ერთიანი ხედვა და ეროვნული სტრატეგია სეისმური უსაფრთხოების საკითხებზე. დემოკრატიული ქვეყნების მაგალითზე, ნაცვლად საჯაროობისა და გამჭვირვალობისა, საქართველო ირჩევს სფეროს მონოპოლიზირების გზას, ხელმისწავდომი არ არის ინფორმაცია მიწისძვრების სრული და ზუსტი სტატისტიკის თაობაზე, არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ გააჩნია ინფორმაცია და წარმოდგენა ბუნებრივი კატასტროფების ხარისხისა და მნიშვნელობის შესახებ, რაც ქვეყანას და ქვეყნის მოსახლეობას საზოგადოებრივი თავდაცვის საკითხებში, სრულიად მოუმზადებელსა და დაუცველს ხდის. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ მოქმედებს არც ერთი ამკრძალავი ნორმა, რომელიც მიწისძვრების თაობაზე არსებულ ინფორმაციას ან/და სეისმურ მონაცემებს განაკუთვნებდა სახელმწიფო საიდუმლოებად ან/და განსაზღვრავდა მონაცემების ხელმისწავდომობაზე რაიმე ფორმით ბარიერს, ცენტრის დამოკიდებულებები და რექტორის უმოქმედობა გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში, კიდევ უფრო მეტად გაუგებარია.

მიწისძვრის სრული კატალოგები (მცირე მაგნიტუდის მიწისძვრის ჩათვლით) განვითარებული დემოკრატიის ყველა ქვეყანაში ღიაა. ნებისმიერი მასალა, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივი ბუნებრივი საფრთხეების შეფასებასთან, აუცილებლად უნდა იყოს ხელმისწავდომი არამხოლო მეცნიერებისთვის, თუმცა დგინდება, რომ მთავრობას სეისმური უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და ერთიანი ხედვა არ გააჩნია, ნ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორის მეცნიერები, რომლებმაც უნდა შექმნან სეისმურ უსაფრთხოებაზე კვლევები და მეცნიერული ნაშრომები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრისგან სეისმურ მონაცემებს ვერ ღებულობენ, თავად ცენტრი/ინსტიტუტი კი გარკვეული შეზღუდვების არსებობას, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ასეთ მონაცემების მიმართ საავტორო უფლებით ხსნის.

მოქმედი კანონმდებლობით, სამეცნიერო მიმართულებით, საქართველოს მთავრობის მრჩეველს წარმოადგენს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. სწორედ მეცნიერებათა აკადემიაა უფლებამოსილი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით დარგებში შექმნას კომისიები და განიხილოს საკითხები.

ორგანიზაციამ შესწავლის ფარგლებში წერილით მიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და მოისმინა ოფიციალური პოზიცია საკითხზე, ვის ეკუთვნის სეისმური მონაცემები საქართველოში. აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილება მიიჩნევს, რომ მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის მოთხოვნა მისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში დაცული ე.წ. საწყისს მონაცემთა ბაზაზე ხელმისწვდომობასთან დაკავშირებით - სამართლიანია. ამავდროულად, როგორც ირკვევა, ილიას უნივერსიტეტის შესაბამისი ერთეულის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე, კვლავ კატეგორიულ უარს აცხადებს ამ მონაცემების გადაცემაზე.  

მოცემულობა ასეთია, რომ მეცნიერებათა აკადემიას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, ასეთ შემთხვევაში, რაიმე დირექტიული გადაწყვეტილების მისაღებად და საკითხზე მიუკერძოებელი და ობიექტური კომისიის შექმნა შეუძლებელია, ვინაიდან საქართველოში ამ დარგის ყველა სპეციალისტი წარმოადგენს ან ერთ ან მეორე მხარეს, კომისიის მუშაობა კი კვლავ უსაშველო დავად გადაიქცევა. საკითხზე გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, სასამართლომ უნდა მიიღოს. ამდენად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღნიშნული პოზიცია, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საკითხის სიმწვავეს და მისი კანონიერი საფუძვლებით გადაჭრის აუცილებლობას. „მსოფლიოს უამრავი ქვეყნის პრაქტიკის შესწავლის შემდეგ, სამწუხაროდ დასკვნამდე მივდივართ,  - სეისმური ცენტრის დირექტორის ქმედებების გამო, საქართველო ჩრდილოეთ კორეას ემსგავსება. სეისმურ მონაცემებს მეცნიერებს მხოლოდ კიმ ჩენ ინი და თეა გოდოლაძე უმალავენ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აგრძელებს საკითხზე ადვოკატირებას, რომელმაც უკვე მიმართა საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს, ნ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტს. ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას საკითხი დასვას, მათ შორის საერთო სასამართლოების გზით, თუკი სეისმური მონაცემების ხელმისწავდომობის საკითხი არ გადაწყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.



კომენტარები