დღეს ქვეყანაში გაცილებით ბევრი პრობლემა და საკითხია, რომელზედაც უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ქვეყანა შედგება პროფესიებისგან და ინსტიტუციებისგან, კონკრეტული შემთხვევები ქმნის ტენდენციებს და უარყოფითი მოვლენები ძირს უთხრის მართველობის სისტემას, რომელიც კანონიერებასა და თანასწორუფლებიანობას უნდა ემყარებოდეს. გვსურს საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ შემთხვევაზე, რომელიც საყურადღებოა მისი გამოვლინებებით და ტენდენციებით. სამწუხაროდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, სულ უფრო მეტ სირთულეებს უქმნის მომხმარებლებს და პროფესიულ საზოგადოებას, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მხრიდანდ ადგილი აქვს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ მოპყრობას.
2021 წლის 3 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დარღვეული იქნა ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ და მისი ხელმძღვანელის უფლება საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის, საჯაროობის, კანონიერებისა და ღიაობის შესახებ.
ჩვენ საჯარო სერვისის მიღების მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში გამოვცხადდით სამუშაო დროის ამოწურვამდე 3 წუთით ადრე, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკეტილი იქნა კარი და არ მოგვეცა გადაადგილების საშუალება. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების განმარტებით, ობიექტზე მიღებული იყო სპეციალური ზომები და სჯობდა გვეცქირა ტელევიზორისთვის და გაგვეგო, თუ რის გამო ხდებოდა მიღებული ზომების გამოყენება. სავარაუდოდ, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა იგულისხმეს კრიმინალური ფაქტი, რომელიც მოხდა სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში, რაც ერთ-ერთი ტელეკომპანიის საშუალებით საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. სავარაუდო კრიმინალური ფაქტი, რომლის აღკვეთა უშუალოდ შედიოდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების უფლებამოსილებაში და მათ კრიმინალთან ბრძოლა, სავარაუდოდ, წარმატებით ვერ შეასრულეს.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილი ჰქონდა სამუშაო საათის ამოწურვამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ეზოდან ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის ფიზიკური ზემოქმედებით გაძევებას, არაჯენტლმენურ ქცევას, ცინიკურ დამოკიდებულებას, როდესაც ორგანიზაციის მხრიდან განიმარტა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მივმართავდით ადვოკატის პროფესიული მოვალეობის შესრულების ფარგლებში და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების ქმედებები მიმართული იყო კლიენტის საუკეთესო ინტერესების წინააღმდეგ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებად უნდა შეფასდეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის კობა კუჭუხიძის განცხადება, რომ ორგანიზაციას მისთვის მოეხდინა სარეგისტრაციოდ გამზადებული მასალების გადაცემა და დოკუმენტების რეგისტრაციას პირადად უზრუნველყოფდა მეორე დღეს, რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე კი ორგანიზაციის ხელმძღვანელს მიუვიდოდა მოკლე ტექსტური შეტყობინება. კობა კუჭუხიძეს განემარტა, რომ კონკრეტული სასამართლოს საქმის მასალების გადაცემა წარმოადგენდა კონფიდენციალობის დარღვევას და ასეთი წინადადების გაჩენაც დასაშვებ აზრს იყო მოკლებული. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული მოხელის მხრიდან არამართლზომიერ ქცევას, რომელიც არ გამომდინარეობდა მისი სამსახურეობრივი უფლებამოსილებიდან და ინსტრუქციებიდან.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, პროფესიული საქმიანობის ხელშეშლისა და გადაადგილების თავისუფლების უკანონოდ შეღზღუდვის გამო, ასევე საჯარო სერვისის მიღებაზე უკანონო უარის შესახებ დაუყოვნებლივ უზრუნველყო საქმის კურსში ჩაეყენებია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ქალბატონ ეკატერინე ჭუმბურიძის სახით, რომელმაც განმარტა, რომ ვითარებაში გარკვევის შემდეგ აღადგენდა კონტაქტს ორგანიზაციის ხელმძღვანელთან. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეკატერინე ჭუმბურიძეს ამ დრომდე კომუნიკაცია არ მოუხდენია და მისი დუმილი კიდევ უფრო მეტად აზარალებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს. ამასთან, ორგანიზაციამ წერილობითი ფორმით უკვე მიმართა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ბატონ ანზორ ჩუბინიძეს და მოითხოვა გატარდეს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა სამსახურის კონკრეტული თანამშრომლების შოთა დვალიშვილისა და ლევან ტიტვინიძის ქმედებათა სამართლებრივი შეფასების მიზნით, რომლებმაც განახორციელეს გადაადგილებისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების ხელშეშლა.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ფაქტზე რეაგირების მიზნით განცხადებით უკვე მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანს და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსს, მამუკა ჯანგულაშვილს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია, თითოეული შემთხვევის დროს, სათანადო წესით მოხდეს ადვოკატის საქმიანობის დაცვის გარანტიების შექმნა, მეორეს მხრივ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ვალდებულია ბოდიში მოიხადოს შექმნილი დისკომფორტისა და ვითარების გამო. ამასთან, ორგანიზაციამ ადგილზე გამოიძახა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რათა მომხდარიყო უკანონო ქმედებების იდენტიფიცირება. შედგენილი რეაგირების ოქმი დეტალურად გადმოსცემს ადგილზე ფაქტობრივი გარემოებების მნიშვნელობას და არ წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას ორგანიზაციის იურიდიული ინტერესის ფარგლებში - დადგინდეს უკანონო ქმედების ფაქტი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ როგორც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ასევე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მხრიდან უკვე მოითხოვა გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელითაც უნდა შემოწმდეს ობიექტზე გამოცხადების გარემოება. ორგანიზაციამ მიიღო ინფორმაცია, რომ თითქოსდა ადგილზე გამოცხადება ხდება სამუშაო დროის ამოუწურვიდან 2 წუთის შემდეგ. ორგანიზაცია კატეგორიულად გამორიცხავს სამუშაო დროის დასრულების შემდეგ ადგილზე გამოცხადებას და ყურადღებას მიაქცევს ჩანაწერის დროის შესაძლო აცდენას რეალურ დროსთან, რაც ტექნიკური პარამეტრებით, ასევე ამ დარგის სპეციალისტებისგან მიღებული განმარტებებით - სავსებით დასაშვებია. შესაბამისად, ამ კუთხით, სიმართლის დადგენა გაგრძელდება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ დღევანდელი განცხადება ემსახურება მოწოდებას, არ შეიქმნას ფასადური დემოკრატია და ყველა ინსტიტუციაში ადგილი ჰქონდეს კანონზე დაფუძნებული სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთა ქცევას. მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, გახდეს კანონის დაცვის მაგალითი. მოქალაქეების ჩაგვრისკენ და აბუჩად აგდებისკენ მიმართული ქცევა, მით უფრო, თუ ამას სჩადის მართლწესრიგის დამცველი, სიკეთეს არ მოუტანს არც საზოგადოებას და არც ქვეყანას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, მიიღოს სამართლიანი, გადამჭრელი და შესატყვისი ზომები ფაქტის შესაწავლის და პასუხისმგებელი პირების მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. მოვუწოდებთ უწყებას, ბოდიში მოუხადოს დამოუკდიებელ არასამთავრობო ორგანიზაციას ქვეყანაში, რომელიც წარმატებით ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვას და გამოარჩევს მაღალი პროფესიონალიზმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შემთხვევა გახდება პრეცედენტი, რომელსაც განიხილავს სასამართლო.