ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სამოქალაქო კამპანიის ფარგლებში, არჩევნების თემატიკაზე შექმნილი სპეციალური გაზეთი – „შენ ირჩევ პრეზიდენტს“ გამოსცა. ორგანიზაციამ მიზნად დაისახა მოქალაქეების ინფორმირება საპრეზიდენტო არჩევნების პროცედურებისა და საარჩევნო კანდიდატების, მათი საარჩევნო პროგრამების შესახებ. ამასთან, გაზეთი მკითხველს სთავაზობს სტატიებს, თუ რა უფლებამოსილებით ისარგებლებს ახლადარჩეული პრეზიდენტი, როდის და როგორ უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის ინაუგურაცია, რა უფლებები და ვალდებულებები გააჩნია ამომრჩეველს, როგორ ხდება სიების ფორმირება, როგორ ხდება არჩევნების შედეგების შეჯამება, რა შემთხვევაში იმართება მეორე ტური და ხელახალი არჩევნები, როგორია კვალიფიციური კანდიდატების საარჩევნო პროგრამები და სხვა.
ორგანიზაციის მიერ მომზადებულ სპეციალურ გაზეთში ფართოდ შუქდება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემები, აგრეთვე, ინფორმაცია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შესახებ, მათ შორის არჩევნებში მონაწილე უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების რაოდენობის შესახებ. გაზეთი მკითხველს სთავაზობს სრულ ჩამონათვალს იმ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებაც, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდებვიან. ასევე, ინფორმაციას არცევნების დამკვირვებელი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედია–გამოცემების შესახებ. გაზეთში მკითხველი, ასევე გაეცნობა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ 2013 წლის 5–6 ოქტომბერს ჩატარებულ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებსაც.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მომზადებული სპეციალური გაზეთი თბილისის ხალმხრავალ ადგილებში, უფასოდ გაავრცელეს.
ორგანიზაცია, საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ მაღალ ინტერესს გამოხატავს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ არჩევნებს ოფიციალურად დააკვირდებიან და განახორციელებენ პროცესის მონიტორინგს. ორგანიზაცია საპრეზიდენტო არჩევნებს თბილისის ათივე უბანზე დააკვირდება.