არჩილ კაიკაციშვილი - გიგა ზედანიას დუმილი თეა გოდოლაძეზე ხელის დაფარებას ნიშნავს

13 სექტემბერი, 2021

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას საჯარო გახადოს უნივერსიტეტის პოზიცია, რომელიც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრის მხრიდან სეისმური მონაცემების ხელმისწადვომობისა და ღიაობის პრობლემას შეექმნა და საჯარო გახდეს, თუ რა როლი და მონაწილეობა აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ცენტრის დირექტორ თეა გოდოლაძის გადაწყვეტილებებში, რატომ არ ხდება გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებისთვის პირველადი სეისმური მონაცემების მიწოდება და რა სამართლებრივ პასუხისმგებლობას იღებს უნივერსიტეტის მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურის მუშაობაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ საკითხის შესწავლის პროცესში, ილიას უნივერსიტეტის რექტორს, 2021 წლის 28 ივლისს ოფიციალური წერილით მიმართა, რომლითაც ეთხოვა პრობლემის მიმართ შესაბამისი რეაგირება და პრობლემის გადაწყვეტა. „ჩვენ გვქონდა პოზიტიური მოლოდინი, რექტორი გიგა ზედანია, რომელიც თავადაც მეცნიერია და მეცნიერების წინაშე დასმულ საკითხს მეტი სოლიდარობით დაუთმობდა ყურადღებას, შეძლებდა სათანადო გამოხმაურების წარმოდგენას, დაინტერესებას და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინაშე დაისმებოდა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრის მუშაობის შემოწმების საკითხი. თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ გიგა ზედანიამ გამოხმაურებას დუმილი ამჯობინა, ეს დუმილი კი თეა გოდოლაძეზე ხელის დაფარებას ნიშნავს“ - აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.  

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის განმარტებით, ვინაიდან რექტორის მხრიდან არავითარი პოზიცია არ იქნა წარმოდგენილი, ორგანიზაციამ სექტემბრის თვეში, გიგა ზედანიას კიდევ ერთი წერილით მიმართა. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია, თუ რა შემოწმება განახორციელა 2008-2021 წლებში უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურმა ცენტრში და რა შედეგები იქნა წარმოჩენილი. ასევე, ინფორმაცია, შპს „სეისმიკ კონსალტინგ“-სა (ს/კ 204542021) და ილია სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებების მიხედვით, წლების მიხედვით, შესრულებული დაკვეთების მიხედვით, რა შემოსავალი მიიღო თავად ილია სახელმწიფო უნივერსიტეტმა. როგორც ცნობილია, ორგანიზაციამ გამოაქვეყნა შესწავლის შედეგები, რომლითაც დგინდება, რომ თეა გოდოლაძის კომპანია ყიდის სეისმურ დასკვნებს. ქმნის მონოპოლიას და ზრდის კორუფციულ რისკებს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერის თანახმად, თეა გოდოლაძე ფლობს 40%-იან წილს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში - „სეისმიკ კონსალტინგ“. დასახელებული კომპანიის სხვა პარტნიორებია: ზურაბ ჯავახიშვილი (30% წილის მფლობელი), მიხეილ ელაშვილი (20% წილის მფლობელი) და მალხაზ გიგიბერია (10% წილის მფლობელი). კომპანიის დამფუძნებელი და პირველი დირექტორი დასახელებულ პარტნიორებთან ერთად, სწორედ თეა გოდოლაძეა, კომპანია კი 2007 წლის ოქტომბრიდან საქმიანობს.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ჯერ-ჯერობით, გამოხმაურება, არც საჯარო ინფორმაციაზე გვაქვს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უნივერსიტეტის კანცელარიასთან კომუნიკაცია უშედეგოდ სრულდება. კანცელარიის წარმომადგენელი ინიშნავს ზარის მიზეზს, ჩვენს მონაცემებს და შემდეგ არავინ გვიკავშირდება შედეგზე. აღნიშნული ისევ გვაფიქრებინებს, რომ რექტორ გიგა ზედანიას პრინციპულად არ სურს საკითხზე პოზიციის დაფიქსირება, თუმცა უნივერსიტეტს თეა გოდოლაძისა და ცენტრის საქმიანობაზე, აუცილებლად მოუწევს სათანადო ახსნა-განმარტება“ - აღნიშნავს არჩილ კაიკაციშვილი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხზე და სეისმურ მონაცემებზე ხელმისწავდომობის მიზნით სამოქალაქო ადვოკატირებას ახორციელებს. ორგანიზაციის მოთხოვნას: ხელმისაწვდომი და ღია გახდეს საქართველოში  მიწისძვრის სრული კატალოგები (მცირე მაგნიტუდის მიწისძვრის ჩათვლით), შეიქმნას ერთიანი ეროვნული სტრატეგია სეისმური მონაცემების შესახებ და მეცნიერების სასარგებლოდ გადაიჭრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრის მხრიდან შექმნილი, ხელოვნური პრობლემები, საქართველოს მთავრობა უკვე გამოეხმაურა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საკითხი განსახილველად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცა.

ორგანიზაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, მაგნიტუდა 3 ქვემოთ მონაცემებს არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საგანგებო სიტუაციების სამსახურს არ აწვდის. ცენტრის შეგნებული პოლიტიკის შედეგად, არც ერთ სახელმწიფო უწყებას მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. გამოიკვეთა, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია ერთიანი ხედვა და ეროვნული სტრატეგია სეისმური უსაფრთხოების საკითხებზე, ხელმისწავდომი არ არის ინფორმაცია მიწისძვრების სრული და ზუსტი სტატისტიკის თაობაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხის სრულფასოვანი შესწავლა 2021 წლის ივლისში დაიწყო. ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას საკითხის ირგვლივ განახორციელოს სამოქალაქო ადვოკატირება, მათ შორის საერთო სასამართლოების გზით, თუკი სესიმური მონაცემების ხელმისწავდომობის საკითხი არ გადაწყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმების გზით ან/და მთავრობის ჩარევის გარეშე.



კომენტარები