ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფოს მხრიდან ტაქსის მომსახურე კომპანიების საქმიანობის მკაცრი შემოწმებისა და სამართლიანი სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის მოთხოვნით, ქ. თბილისის მთავრობას და კონკურენციის სააგენტოს, ერთობლივად მიმართავს და სამართალწარმოების პროცესს იწყებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, შესწავლის საგანი უნდა გახდეს პანდემიის პერიოდში ქ. თბილისში მოქმედი ტაქსის კომპანიების მხრიდან თვითნებურად მიღებული გადაწყვეტილებები სატარიფო პოლიტიკის ცვლილებასთან, რამაც ბაზარზე მომსახურების ფასის არაგონივრული მაჩვენებელი წარმოქმნა, დაარღვია კერძო და საჯარო ინტერესები, მოსპო ბუნებრივი კონკურენცია, რაც უპირობოდ იწვევს სახელმწიფოს ჩარევის ვალდებულებას და საკითხის სამართლებრივ მოწესრიგებას. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ პრობლემა მთელი სირთულით დადგა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი ტაქსით მომსახურების სფეროში, თუმცა საკითხის მოწესრიგება სრულად უნდა მოიცავდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტაქსით მომსახურებით სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრას და ხელვნურად მომსახურების ტარიფის ზრდის შეზღუდვას.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ წინადადებით გამოდის ტაქსის მომსახურების გამწევი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის დროს მაღალი მარჟით დაიწყებს ოპერირებას საქმიანობის ნებართვა, არანაკლებ 6 თვით უნდა შეუჩერდეს. ორგანიზაციის განმარტებით, მოქმდი კანონმდებლობის ანალიზით და სათანადო პოლიტიკური ნების პირობებში, საზოგადოების ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება - შესაძლებელია.
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.
- „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დაცულია კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობა. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ნებართვას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, აგრეთვე არის გადაუდებლობის შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს.
- „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ერთი ეკონომიკური აგენტის ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტის (ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის შემთხვევაში) მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი ქმედებები: შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება). აკრძალულია, ეკონომიკურ აგენტებს შორის ან ეკონომიკურ აგენტთა ასოციაციის ფარგლებში დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანია ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა (შეთანხმება). კერძოდ: შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება).
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2018 წლის 27 ივლისს მიღებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება, რომელიც შეეხება საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრას და დადგენილება არ შეეხება ტაქსის მომსახურე კომპანიის სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრავს. საბაზრო პირობების გათვალისწინებით, აღნიშნული წარმოადგენს ნებართვის მიმღები ფიზიკური თუ იურიდიული პირის ლეგულირებად სფეროს, თუმცა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონები, პრობლემის ფაქტობრივი გარემოებების განხილვა კერძო და საჯარო ინტერესის პროპორციულობის კონტექსტში, ობიექტურად ქმნის შესაძლებლობას საკითხზე დაიწყოს მსჯელობა და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილებები ტაქსით მომსახურე სფეროში. ორგანიზაცია, ამ კუთხით, სამართალწარმოებას იწყებს.