ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატ ზაზა ხატიაშვილთან შეხვედრა გამართა და სარჩევნო პროგრამის მიმართულებები და გადაწყვეტის გზები მოისმინა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ზაზა ხატიაშვილის ხედვები თბილისის განვითარებასთან დაკავშირებით, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს ეფუძნება. თბილისის მერობის კანდიდატი ცნობილი უფლებადამცველი და საერთაშორისო ინსტიტუტებში აღირებული ქართველი ადვოკატია. შესაბამისად, სამოქალაქო სექტორიდან საჯარო მმართველობაში გამოცდილი ადამიანების წასვლის სურვილი, მოითხოვს საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას და მათი ხედვების შეფასებებს. მისივე თქმით, პოლარიზებულ გარემოში ამომრჩევლის ინფორმირებას გადამწყვეტი როლის ეკისრება. იმ პირობებში, როდესაც მედია სამი კანდიდატის გარდა, არც კი განიხილავს თბილისის მერობის კანდიდატეთა საზოგადოებისთვის წარდგენას, ყურადღება უნდა დაეთმოს მსგავსი შეხვედრების საჭიროებას. არჩილ კაიკაციშვილის განმარტებითვე, საარჩევნო გარემო დაძაბულ და დაპირისპირებულ გარემოში მიმდინარეობს, არსებობს პარტიული პასუხისმგებლობები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი - სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ადეკვატურად უპასუხოს გამოწვევებსა და ძალადობის ფაქტებს.
თბილისის მერობის კანდიდატემა ზაზა ხატიაშვილმა საზოგადოებას გააცნო თავისი პოზიციები და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში არაერთ მმართველობით ღონისძიებას განახორციელებს. ზაზა ხატიაშვილის თქმით, მიღებული იქნება ანტიკორუფციული გადაწყვეტილებები. გამოცხადებული ტენდერებისა და საკონკურსო თანამდებობებზე დასანიშნ პირთა შედეგები საზოგადოებისთვის პირდაპირი ეთერის მეშვეობით გახდება ცნობილი, რაც აღმოფხვრის ნეპოტიზმის წინაპირობებს. ამასთან, მიღებული იქნება გადაწყვეტილება სამსახურეობრივი ავტომობილებით მომსახურებაზე უარის თქმისა და მუნიციპალიტეტის ელექტრო ავტომობილებზე გადასვლის შესახებ. ზაზა ხატიაშვილის თქმით, განხორციელდება სოციალური რეფორმა, თბილისის მერია კი არც ერთ სამშენებლო პროექტზე არ გასცემს ნებართვას, თუკი მშენებელი კომპანია მუნიციპალურ საბინაო ფონდში არ ასახავს ასაშენებელი ფართების 15%. თბილისის მერია შეიმუშავებს გეგმას, რა დროსაც, ბინები გადაეცემა სოციალური დაუცველ პირებს და მერიის მხრიდან გადაცემულ ქონებებზე შემოღებული იქნება მემკვიდრეობითი წესით მონაცვლეობის უფლება. ამასთან, ზაზა ხატიაშვილი განმარტავს, რომ შექმნის გარანტიებს ალკოჰოლდამოკიდებული და ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდების დაცვისთვის, თბილისის მერია გამოყოფს სპეციალიზირებულ ფსიქოლოგებს, რომლებიც საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან იმუშავებენ ანტინარკოტიკულ და ანტიალკოჰოლურ სწავლებაზე. მერია დააფინანსებს სკოლამდელი აღზრდიდა და სკოლის ეტაპზე, მოზარდების კვების ხარჯებსაც. აგრეთვე, ზაზა ხატიაშვილმა ისაუბრა მერიის მხრიდან ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლების ხელშეწყობის პროგრამებზე და აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი დააფინანსებს იმ სტუდენტებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებში მოხვდებიან. „ჩვენ ჩავდებთ პირობას, რომ ეს ადამიანები დაბრუნდებიან საქართველოში და დასაქმდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ეს ნიშნავს, რომ გაიზრდება კონკურენცია და კვალიფიკაცია. დღეს თბილისის მერიაში მუშაობს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ლონდონის მერიაში, რადგანაც დასაქმებულია პარტილი აქტივი და არა - საჭირო ხალხი“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
ორგანიზაციის ზაზა ხატიაშვილთან შეხვედრას დაესწრო პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა, რომელმაც ხაზი გაუსვა თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას და პერსპქტივებს საქართველოში. ამასთან, საუბარი შეეხო თბილისის მერობის კანდიდატად ზაზა ხატიაშვილის დასახელების მიზეზებს და აღნიშნა, რომ კონსერვატორული შეხედულებების ღიად წარმოჩენისა და სენსიტიურ თემებზე საჯარო პოზიციების გამო, როგორც პარტიის აქტიურობები, ასევე ზაზა ხატიაშვილის საარჩევნო აქტიურობები, მედიის მხრიდან, უპრეცედენტო ცენზურის საფუძველი გახდა. კახა კუკავამ საზოგადოებას სწორი და ობიექტური რეალობის შესაბამისი გადაწყვეტილებებისკენ მოუწოდა.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შეხვედრა ზაზა ხატიაშვილთან დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მოამზადეს. შეხვედრას პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.