საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქართულ შემსყიდველ კომპანიას 26,384.35 ლარს გადაუხდის

29 სექტემბერი, 2021

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შემსყიდველ ქართული კომპანიას 26,384.35 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო უწყებამ სამართლებრივი დავა სასამართლოს ყველა ინსტანციაში წააგო. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქართულმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, ერთ-ერთი ქვეყნის მწარმოებელი კომპანიისგან შეიძინა 121 რაოდენობის საპოხი ლიტა, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეძენილი პროდუქციის მიღების პროცესში, შემსყიდველ კომპანიას პრეტენზია ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაში წარუდგინა და თანხის გადახდის გარეშე, პროდუქციის უკან დაბრუნება მოსთხოვა.

საქმის მასალების მიხედვით, შემსყიდველ კომპანიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2017 წლის 25 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს უნდა მიეღო 121 რაოდენობის საპოხი ლიტა. სამინისტროს მიერ შემსყიდველი კომპანიის მიმართ გამოითქვა პრეტენზია. კერძოდ, 33 ცალ ბიდონზე შეფასდა, რომ დარღვეული აღმოჩნდა ლუქი, ხოლო 2 ცალი ბიდონი აღმოჩნდა დაზიანებული (გატეხილი). სამინისტრომ მიღებული 121 ბიდონიდან პრობლემურად მიიჩნია 35, ხოლო 86 ბიდონის მიმართ არ გამოთქმულა პრეტენზია. კომპანია ნაწილობრივ დაეთანხმა სამინისტროს პრეტენზიას. კერძოდ, აღინიშნა, რომ 2 ცალი ბიდონი მართლაც უნდა შეფასებულიყო დაზიანებულ (გატეხილ) მდგომარეობაში, ხოლო 33 ბიდონი სრულად აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებელ პირობებს. მიუხედავად ამისა, სამინისტრომ შემსყიდველ კომპანიასთან სამართლებრივ საკითხებზე შედავება გადაწყვიტა და საჭიროდ მიიჩნია სადავო გარემოებებზე ექსპერტიზის დანიშნვა, რომელმაც საკითხზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ვერ გასცა. სასამართლოს შემსყიდველმა კომპანიამ წარუდგინა ყველა ვარგისი მტკიცებულება, რომელიც მიწოდებული პროდუქციის მთლიანობასა და გამოყენებას შეეხებოდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მას შემდეგ, რაც კომპანიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს, სადამსჯელო ღონისძიების გამოყენებას მიმართა და 2018 წლის 31 აგვისტოს მიიღო აქტი შემსყიდველი კომპანიის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. კერძოდ, 4 694,36 ლარის (ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის ოდენობით) ჯარიმა, რაც თითქოსდა გამომდინარეობდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში პროდუქციის დაგვიანებით მიწოდების გამო. სასამართლომ საბოლოოდ გაიზიარა შემსყიდველი კომპანიის დასაბუთება და კომპანია პირგასამტეხლოს გადახდისგან სრულად გაათავისუფლა. შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა სამინისტროს მოთხოვნა.

ცნობისთვის: კონტრაქტორმა კომპანიამ სარჩელით სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს მიმართა, თუმცა მოგვიანებით, 2018 წლის 21 ნოემბერს, სასამართლოს წარედგინა დაზუსტებული სარჩელი, სადაც მხარემ სადავო საკითხებთან მიმართებით, ახალი მტკიცებულებები და სრულყოფილი სამართლებრივი მსჯელობა წარადგინა. თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2018 წლის 19 ნოემბერს სასამართლოს კომპანიის მიმართ წარუდგინა შეგებებული სარჩელი და პირგასამტეხლოს სახით, 4 694,36 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, კომპანიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სამინისტროს დაეკისრა მომსახურების ხელშეკრულებიდან 16 294 ლარის გადახდა. ამასთან, კომპანიას დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით (მოსამართლე: ქეთევან მამაცაშვილი).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, კომპანიის საჩივარი, მოთხოვნილი თანხის ოდენობით, სრულად დაკმაყოფილდა.არ დაკმაყოფილდა სამინისტროს საჩივარი პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით (მოსამართლეები: ვანო წიკლაური (თავმჯდომარე), ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი).

საქართველიოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, სამინისტროს საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო (მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე), ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე). განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



კომენტარები