„ახალგაზრდა ადვოკატები“ მეტეხის პლატოს მშენებლობებზე

26 ოქტომბერი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვუწოდებთ ყველას, ვინც პასუხისმგებელია დედაქალაქის ისტორიული უბნების იერ–სახის შენარძჩუნებაზე – თბილისის მერიას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, არქიტექტორებს, კულტუროლოგებს, ხელოვნებათმცოდნეებს, ურბანისტებს, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება მეტეხის პლატოზე მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ შეშფოთებულები ვართ იმ ინტენსიური სამშენებლო პროცესით, რომელსაც ადგილი აქვს დედაქალაქში, კერძოდ, მეტეხის პლატოზე. ვახტანგ გორგასლის ძეგლიდან დაახლოებით 100–150 მეტრის მოშორებით მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც თავისი არსით ამახინჯებს ძველი თბილისის ისტორიულ იერ–სახეს და ფაქტობრივად, გამოუსწორებელ შედეგამდე მიყავს და ცვლის მეტეხის პლატოს ტრადიციულ განაშენიანებას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გაეცნენ ხელოვნებათმცოდნეების მოსაზრებას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია მაღალსართულიანი ნაგებობის აშენება მეტეხის პლატოზე, რომელიც კონტრასტული იქნება მეტეხთან და იქ აღმართული სახლების რიგთან. მეტეხის პლატო არის თბილისის სავიზიტო ბარათი, ლანდშაფტის დაცვის ზონა და აქ დაუშვებელია უხეში ჩარევა, – ასეთია კულტუროლოგთა მოსაზრება, რომელსაც ორგანიზაცია იზიარებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“  გაეცნენ ამ მშენებლობასთან დაკავშირებულ ისტორიას და გამოარკვიეს შემდეგი:  ნაგებობა ამ ეტაპზე, ხუთსართულიანია, ტროტუარის ნიშნულს ქვემოთ არის ორი სართული, ხოლო ზემოთ - სამი სართული. მშენებლობა მიმდინარეობს ჯორბენაძის №11/13-ში, რომელიც ადრე რუისის ქუჩის სახელით იყო ცნობილი. მშენებლობას აწარმოებს და დამკვეთი არის ბორის პაიჭაძე (შპს. „მეტეხის წარბი“) და არსებობს მშენებლობის ნებართვაც. გაირკვა ისიც, რომ ამ მშენებლობის თანამესაკუთრე არის, როგორც ჩანს, უკვე ბიზნეს–სექტორში გადასული, დიდუბის ყოფილი გამგებელი და ქალაქის საკრებულოს ყოფილი წევრი გიორგი ჩაჩანიძე, რასაც არც ის უარყოფს მედიასთან საუბარში.

გამოირკვა, რომ 2012 წლის მარტში, მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა გასცა ნებართვა  და აღნიშნული სარეკრეაციო ზონა (სადაც ყოველგვარი მშენებლობა დაუშვებელია) საცხოვრებელ ზონად გადააქცია. სწორედ ამის შემდეგ გაჩაღდა მეტეხის პლატოსთან შეუსაბამო მაღალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა. 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თბილისის ძეგლებზე მეთვალყურეობა თბილისის მერიის კომპეტენციაა და ეს ძეგლები მათ კონტროლქვეშ ჯერ არ გადაცემულა. ამდენად, საკითხთან დაკავშირებულ დეტალებსა და ნიუანსებზე პოზიციას ვერ გამოხატავენ.

სამწუხაროდ, იკვეთება, რომ რაც მეტეხის პლატოზე ხდება, არავის მოსწონს, მაგრამ პასუხისმგებელი არავინაა, – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო თბილისის მერიისკენ იშვერს ხელს, მერია დუმს, ან მშრალი, მოკლე ოფიციალური კომენტარით იფარგლება, ამასობაში კი დრო გადის, საეჭვო „სასწრაფო წესით“ მშენებლობის ნებართვის მიმღები გაბიზნესმენებული მოხელეები და პოლიტიკოსები თავიანთ საქმეს დაჩქარებული ტემპებით ასრულებენ, ხოლო შედეგად, ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ მეტეხი პლატოს იმ მნიშვნელოვან და უნიკალურ ურბანულ განაშენიანებას, რომელმაც 21-ე საუკუნემდე მოაღწია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მეტეხის პლატოზე მიმდინარე განაშენიანების პროცესთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში მრგვალი მაგიდის გამართვას ვგეგმავთ, სადაც მოვიწვევთ ყველა პასუხისმგებელ უწყებას და საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას.



კომენტარები