2021 წლის 19 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, დაკმაყოფილდა ორი არასრულწლოვანის მოთხოვნა შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე და კანონიერი წარმომადგენლის - მამის მირონით ნათესავს, რომლის მიმართაც თვალთმაქცური და კანონსაწინააღმდეგო გარიგების შედეგად, მამამ ბავშვების ერთადერთი საცხოვრებელი სახლი გადააფორმა, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა. საქმეს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის განვითარებისთვის, არსებითი მნიშვნელობა გააჩნია.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, მეუღლეებს შორის არარეგისტრირებული ქორწინება წარმოიშვა 2008 წელს. მათ შეეძინათ საერთო შვილი - ვაჟიშვილი. 2013 წელს მამაკაცმა მეუღლის სხვა ქორწინებიდან შეძენილ შვილს მისცა გვარი და დადგინდა მამობის უფლებაც. ოჯახის რჩენის ვალდებულება გააჩნდა მხოლოდ ქალბატონს, რომელიც აღმოჩნდა ბულინგის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის არაერთგზის მსხვერპლი. ძალადობის გამომწვევი მიზეზები არამხოლოდ ყოფითი შემთხვევები გახდა. ქალბატონი არაერთხელ გახდა დამცირებისა და შეურაცხყოფის ქვეშ წარმომავლობისა და სოციალური მდგომარეობის გამო. ამასთან, მამაკაცის მხრიდან ქალბატონი ძალადობის მსხვერპლი ასაკის გამოც ხდებოდა, ვინაიდან მეუღლეებს შორის 26-წლიანი სხვაობაა. ვინაიდან მამამ ვერ შეძლო ოჯახის სოციალური მდგომარეობის დაცვა, დედა იძულებული გახდა სამუშაოდ გამგზავრებულიყო თურქეთის რესპუბლიკაში, თუმცა მას შემდეგ, რაც დედა დაბრუნდა სახლში, მამაკაცმა გააგრძელა ქალბატონის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. ასევე, მამაკაცმა დაიწყო შვილებით მანიპულირება და დედის მიმართ ბავშვების ანტაგონისტურად განწყობა. შესაბამისად, მამაკაცმა დაგეგმა შვილების დედისგან წართმევა, სამართალწარმოების პროცესმა კი ახალი ფაქტები გახადა ცნობილი.
საქმის მასალებით დგინდება, რომ იმ პერიოდში, როდესაც ერთ-ერთი მშობელი არ იმყოფებოდა საქართველოში, მამინაცვალმა 16 წლის გოგონა შვილის მიმართ საძინებელ ოთახში დაამონტაჟა ფარული სათვალთვალო კამერა, რამაც უკანონოდ ხელყო ბავშვის პირადი სივრცე. ამასთან, გამოძიებაში მიცემული ჩვენებების თანახმად, დგინდება, რომ არასრულწლოვანი გოგონა მამინაცვლის მხრიდან არაერთგზის აღმოჩნდა სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი. დგინდება, რომ არარეგისტრირებული ქორწინების პირობებში, საერთო შვილის გაჩენამდე და გოგონას შვილებამდე, მამაკაცმა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გაასხვისა თანასოფლელ და მირონით ნათესავ პირზე, თუმცა უძრავი ნივთის მესაკუთრეს, დროის არც ერთ მონაკვეთში, არ უცხოვრია მისამართზე. ფართში, უწყვეტად ცხოვრობდა არარეგისტრირებული მეუღლეები შვილებთან ერთად, მამაკაცს პერიოდულად გაქირავებული ჰქონდა რამდენიმე ოთახიც, ხოლო მას შემდეგ, რაც მეუღლის მიმართ შურისძიება დაგეგმა, სასამართლოში წარდგენილი მასალებით ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვნების ერთადერთი საცხოვრებელი ფართი, ბავშვების საუკეთესო ინტერესებისა და მშობლის უფლების განხორციელების საზიანოდ, უკვე გასხვისებული ჰქონდა.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ მამაკაცმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შვილების საცხოვრებელი ადგილის მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბოლო დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საცხოვრებელი სახლი დატოვა და გადავიდა დის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც ამჟამადაც ცხოვრობს. ორგანიზაციამ ქალბატონის სახელით სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელით და მოითხოვა მამაკაცის მიმართ ალიმენტის დაკისრება, ასევე შვილების საცხოვრებელი ადგილის დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრა, ვინაიდან საქმის მასალებით აღმოჩნდა, რომ მამაკაცს გააჩნდა საკუთარი შემოსავალი, დღემდე მუშაობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ინტელექტ-პლიუსში“ და სახელფასო დანარიცხი შეადგენდა 375 ლარს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც მამაკაცმა სამართლებრივი წინააღმდეგობა იგრძნო და ქალბატონმა ვარგისი მტკიცებულებები წარუდგინა სასამართლოს, დაიგეგმა შურისძიების ახალი მიმართულება. სახლის ახალმა მესაკუთრემ, რომელიც უძრავი ნივთი თვალთმაქცური გარიგებით მიიღო, ახალი სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას - ქალბატონის და მისი არასრულწლოვანი შვილების გამოსახლებას.
2021 წლის 18 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, არასრულწლოვნების ჩვენებების მათ სრულწლოვნებამდე გასაიდუმლოების თაობაზე. ამავე სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით, უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრის სარჩელის ფარგლებში, მიღებული იქნა გადაწყვეტილება არასრულწლოვანების ინტერესების დაცვის მიზნით, ორგანიზაციის ხელმძღვანელ არჩილ კაიკაციშვილის ადვოკატად დანიშვნის შესახებ. ამდენად, მხარის ახალი ძალისხმევის ფარგლებში, ორგანიზაციამ არასრულწლოვნების სახელით შეგებებული სარჩელი წარუდგინა სასამართლოს და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების აღიარება, ბავშვების სრულწლოვნებამდე სამკვიდრო წილის ½ ნაწილის გასვისება და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა. მოპასუხეებად დასახელებულია, როგორც ბავშვების კანონიერი წარმომადგენელი - მამა, ასევე უძრავი ნივთის მოქმედი მესაკუთრე. სასამართლომ შეგებებულ სარჩელზე გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ვინაიდან აღნიშნა, რომ ბავშვების კანონიერ ინტერესებს, უძრავ ნივთზე მესაკუთრის ცვლილების შემთხვევაში, გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დასახელებულ საქმეს სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია. ამასთან, ფაქტები მიუთითებენ ოჯახური ძალადობის, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტებზე. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ უპირატესია ბავშვების საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლების დაცვა. ორგანიზაცია საქმის ირგვლივ შედეგებზე საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას.
საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე: ხათუნა ჯინორია განიხილავს. კანონიერი წარმომადგენლის - დედისა და არასრულწლოვანი შვილების კანონიერ ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი იცავს.