„ახალგაზრდა ადვოკატები“ - წლის „ღია სასამართლო ინსტანცია“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოა

28 დეკემბერი, 2021

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 2021 წელს „ღია სასამართლო ინსტანციის“ ნომინაცია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაეცა. ორგანიზაციის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლომ წელს აჩვენა ინსტიტუციური და პროფესიული თანამშრომლობის სტანდარტი. ორგანიზაციამ სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით წარუდგინა გელათის ტაძრის ირგვლივ მიღებულ გადაწყვეტილებებზე სამართლებრივი დასკვნა, რაც სრულად იქნა გაზიარებული განმხილველი შემადგენლობის მხრიდან. ამასთან, ცალკე აღნიშვნის ღირსია სასამართლოს მენეჯმენტის პროცესის მონაწილე მხარეებთან კომუნიკაციის სტანდარტი, რაც ხორციელდება კარგი თანამშრომლობის პრინციპების გათვალისწინებით.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.

2021 წელს, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 9 ჟურნალისტი დაჯილდოვდა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ღია სასამართლო ინსტანციის“ ნომინაცია 2020 წელს - სიღნაღის რაიონულ სასამართლოს გადასცეს, 2019 წელს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2018 წელს - რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2017 წელს - მცხეთის რაიონულ სასამართლოს, 2016 წელს - ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2015 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოს. 2014 წელს, ამავე სასამართლო ინსტანციას ოპერატიული საჯარო ინფორმაციისთვის.  



კომენტარები