„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წლის საპატიო ჯილდო - „ორგანიზაციის მეგობარი“ მაია თორდიას გადასცა

28 დეკემბერი, 2021

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ყველაზე საპატიო ჯილდო - ნომინაცია „ორგანიზაციის მეგობარი“, 2021 წელს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსს, იურიდიული საზოგადოების ღირსეულ წარმომადგენელს, მაია თორდიას გადასცა. ორგანიზაციასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პროცესში, მაია თორდიამ აჩვენა საერთო პროფესიული ღირებულებების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა, ქომაგობა და დამოკიდებილება.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.

2021 წელს, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 9 ჟურნალისტი დაჯილდოვდა. მათთან ერთად, ორგანიზაციის განსაკუთრებულ ჯილდოს „ორგანიზაციის მეგობრის“ სტატუსი წარმოადგენს და ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აღნიშნული ნომინაცია 2020 წელს ცნობილ ადვოკატს ნიკა სადრაძეს გადასცა, 2019 წელს - საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტსა და ბრენდის მენეჯერ ანა ბოკუჩავას. მასთან ერთად, ნომინაცია 2019 წელს გადაეცა საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციის სტუდენტებს - ციცი ჭელიძეს, მარიამი ბარსონიძეს, სოფიო ჯიჭონაიას, ანა გაგუას, მარიამ შათირიშვილს, სოფიო თვალაბეიშვილსა და თამარ სტეფანიშვლს. ორგანიზაციისა და სტუდენტების თანამშრომლობა პროფესიული ინტერესის ფარგლებში დაიწყო და მათ გადაწყვიტეს, 2019 წლის განმავლობაში, საერთო სასამართლოებში, ორგანიზაციის წარმოებაში არსებულ ცნობილი საქმეების განხილვას მუდმივად დასწრებოდნენ. სწორედ ამ თანამშრომლების ფარგლებში, ორგანიზაციამ სტუდენტების მეშვეობით მოამზადა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ამჟამად სასამართლოს განხილვაშია, რომლის თანახმადაც, საქართველოში, ერთზე მეტი სასწავლო გრანტის მიღების აკრძალვა, შესაძლოა, გაუქმდეს.

ეს ჯილდო 2018 წელს, აგრეთვე გადაეცა ცნობილ ადვოკატს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასულებელი საბჭოს წევრ ტარიელ კაკაბაძეს. 2017 წელს - ცნობილ ადვოკატსა და უფლებადამცველს, გია ტაბლიაშვილს, 2016 წელს - ლია მუხაშავრიას (ევროსასამართლოს ექსპერტი, უფლებადამცველი) და ირაკლი ყანდაშვილს (ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი), 2015 წელს - ზაზა ხატიაშვილს (უფლებადამცველი, ადვოკატი) და ლია ელიავას (ეკონომიკის ექსპერტი), ხოლო 2014 წელს - სოფიო აზარიაშვილს (პიარის სპეციალისტი, ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი 2013-2014 წლებში).



კომენტარები