„ახალგაზრდა ადვოკატები“ – 2022 ჩვენს საქმიანობაში განათლების უფლებებზე მუშაობის წელი იქნება

28 დეკემბერი, 2021

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2022 წელი საქმიანობაში განათლების უფლებების საკითხებზე მუშაობის წლად გამოაცხადეს. ორგანიზაციის შეფასებით, არჩევანი განპირობებული არ არის მხოლოდ იმ გარემოებებით, რომ გაიზარდა სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილე ნიჭიერი ახალგაზრდების ჩვენდამი მომართვა დარღვეული უფლებების აღდგენის კუთხით, სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება საგრანტო პროგრამებში თანაბარი მოპყრობა და შეფასება, არსებობს ნეპოტიზმის ცდუნებით მიღებული გადაწყვეტილებები, სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩვენს დამსახურებულ პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს აღარ აძლევენ გამოცხადებულ კონკურსებში წარმატების საშუალებას, არამედ დასახელებულ ფაქტორებთან ერთად, არსებობს კიდევ უფრო მეტი მოტივაცია - განათლება, განათლების უფლება და ცოდნის პოპულარიზაცია, ცნობიერების ამაღლების კამპანიები და ღონისძიებები, სკოლამდელ ასაკსა თუ საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებში, ქმნის საუკეთესო შესაძლებლობას ინფორმირებული საზოგადოებისთვის.

ასეთ საზოგადოებას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ქვეყნის განვითარებაზე, მის სწორ პრიორიტეტებსა და მიღწევებზე. იყოს დემოკრატიული პროცესების არა დამკვირვებელი, არამედ - მონაწილე.

საქართველო თავისუფალი საზოგადოების ქვეყანაა და პოლიტიკური პლურალიზმისა და ჩატეხილი ხიდის მიუხედავად, არსებობს საერთო მისწრაფებები და პირობების ერთობლიობა. მათ შორის, განათლება არის მთავარი და განმსაზღვრელი მიმართულება. ამიტომაც, როგორც ერთი ორგანიზაცია, ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ კუთხით სათანადო ადვოკატირებას და ხელს შევუწყობთ ინიციატივების გაჩენას, რომელიც ამ კუთხით საქმიანობის განხორციელებას მოიცავს.

„ახალგაზრდა ადვოკატებს“ აქვს მიდგომა, როდესაც საქმიანობას წლის მანძილზე უკავშირებს რომელიმე ჯგუფის უფლებეზე განსაკუთრებულ მუშაობას. ორგანიზაციისთვის 2021 წელი შრომის უფლებებზე მუშაობის წელი იყო, 2020 წელი ბავშვთა უფლებებზე მუშაობის წელი, 2019 წელი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების წლად იქნა გამოცხადებული, 2018 - კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობის წლად, 2017 - სასამართლოს პრობლემატიკის კვლევის წლად, 2016 - ბანკების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეებზე მუშაობის წლად, 2015 - სამართლიანობის აღდგენის პრობლემებზე მუშაობის წლად, 2014 - ბავშვთა უფლებების დაცვის წლად.



კომენტარები