სოფიო ჭელიძე - მოზარდზე ძალადობა აჩვენებს, რომ ბავშვები საქართველოში კვლავ დაუცველია

25 იანვარი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2022 წლის 24 იანვარს სამართალდამცავების მიერ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დანაშაული კიდევ ერთხელ მიუთითებს სავალალო მდგომარეობაზე - საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, ბავშვები საქართველოში კვლავ დაუცველია. ორგანიზაცია გმობს მომხდარ შემთხვევას, მოითხოვს კანონის სრული მოცულობით აღსრულებას და საუბრობს არასრულწლოვანის მიმართ სახელმწიფოს დაცვის ვალდებულებებზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ სოფიო ჭელიძის განცხადებით, მოზარდზე ძალადობის ამსახველი ფაქტი და კადრები საზოგადოების სამართლიან პროტესტს გამოხატავს. ძალადობა მიზეზების გარეშე -  დასაგმობი და გაუმართლებელია. ფაქტზე, სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს მყისიერი რეაგირება, ვინაიდან, ერთს მხარესაა სახელმწიფოს სახელით კანონის დამცველი, მეორეს მხრივ კი - არასრულწლოვანი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. სამართლებრივ სამართლებრივ სახელმწიფოში, პოლიციის წარმომადგენელი ქმნის კანონის აღსრულებისა და დარღვეული უფლებების გარანტს, რაც განსახილველ შემთხვევაში, საწინააღმდეგოდ მოხდა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამართალდამცავის წოდებრივი მდგომარეობა, მას არა თუ ათავისუფლებს, არამედ, კიდევ უფრო მეტად ავალდებულებს დაიცვას ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და არა-ერთი საერთაშორისო კონვენციით.  შესაბამისად, კანონი უნდა აღსრულდეს სრული მოცულობით, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, ვინაიდან ბუნებაში არ არსებობს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის პრინციპიდან გადახვევის არანაირი ლეგიტიმური საფუძველი. ვინაიდან საქმეში დაზარალებული პირი არასრულწლოვანია, ეს მოითხოვს სამართალწარმოების დაჩქარებული წესით განხორცილებას.

მოცემული გამომდინარეობს, არა მარტო, საქმის მორალურ-ეთიკური გარემოებებიდან, არამედ, სპეციალური კანონიდანაც. კერძოდ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-11 მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი ყოველგვარი გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე უნდა მიმდინარეობდეს. შესაბამისად, მოვუწოდებთ პასუხისმგებელ სტრუქტურებს უზრუნველყონ საქმის დაჩქარებული წესითა და მოკლე ვადებში განხილვა, რომელიც ემსახურება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას“ - აღნიშნავს ორგანიზაციის იურისტი.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვნის ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების დაცვისკენ. გავრცელებული კადრები, ცხადყოფს ერთ-ერთი სამართალდამცავი პირის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, რაც ეჭვგარეშე ამტკიცებს, როგორც ობიექტურად, ისე სუბიექტურად არასრულწლოვნის მიერ განცდილ ფიზიკურ და მორალური ტკივილს. ამასთან, აუცილებელია აღინიშნოს, შემთხვევის შემსწრე მეორე სამართალდამცავის მიერ ძალადობის ფაქტის მიმართ გამოვლენილი გულგრილი დამოკიდებულება. ვინაიდან არასრულწლოვანი არის შშმ პირი,  საჭიროა სახელმწიფომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს დანაშაულის შედეგების აღმოფხვრის მიმართულებით და მოახდინოს არასრულწლოვნის სამედიცინო რეაბილიტაციის პროცესიც.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, მოცემული დანაშაულებრივი ფაქტი ცხადყოფს ძალოვან სტრუქტურებში არსებულ ხარვეზებს და კადრების გადამზადების აუცილებელ საჭიროებას. ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოს მეტი ყურადღებითა და გულმოდგინებით მიუდგეს საკადრო პოლიტიკის განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო მსგავსი ძალადობის ფაქტების პრევენციას და არ მოხდება კეთილსინდისიერი სხვა სამართალდამცავი პირების საქმიანობის მიმართ ნდობის შემცირება.

 



კომენტარები