მოვუწოდებთ პროკურორ კვირკველიას ოჯახს, შეწყვიტოს დახურული სასამართლო სხდომის მასალების გავრცელება

29 იანვარი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ახალგაზრდა კომპოზიტორის საქმეზე, მამის ოჯახის წევრებს მოუწოდებს თავი შეიკავოს არასრულწლოვნების მაიდენთიფიცირებელი განცხადებებისგან და ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალების გამოქვეყნებისგან, რომელიც აგრეთვე ახდენს პროცესის მონაწილე მხარეების იდენტიფიცირებას და არ ემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ პროკურორ ბატონ ზაზა კვირკველიას შვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა, დახმარების სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მითითება იმის შესახებ, რომ თითქოსდა ბავშვების ბებიის დაჯარიმება მოხდა 30 ნოემბერს და აღნიშნული დოკუმენტი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდეს ბებიის მხრიდან სასამართლოს დროებითი განკარგულების შეუსრულებლობას, რაც საქმის მასალებითა და არსებული ვითარებით, სიცრუეა.

ორგანიზაცია, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გამოქვეყნებულ დოკუმენტზე, ასევე საკითხზე ქრონოლოგიურ განმარტებას გააკეთებს.

ამასთან, კიდევ ერთხელ წუხილით აღნიშნავს, რომ პროკურორის ოჯახის წევრის მხრიდან გავრცელებული აღნიშნული დოკუმენტი, სამწუხაროდ, ისევ ხაზსს უსმევს ამ პროცესში სოციალური მუშაკების მფარველობის ფაქტს. ამასთან, ადგილი აქვს დახურული სასამართლო სხდომის მასალის უნებართვოდ გამოქვეყნებას. დოკუმენტი, რომელიც პროკურორის შვილმა გაასაჯაროვა, წარმოადგენს მამის განცხადებაზე დანართი 32 სახით, 83-ე გვერდზე არსებულ მტკიცებულებას. სასამართლომ საქმეში 2022 წლის 13 იანვარს მესამე პირად ჩართო პროკურორის მეუღლე - ბავშვების მამიდა, რომელსაც სრულად გადაეცა საქმის მასალები. შესაბამისად, პროკურორის ოჯახს ამ ფორმით აღმოაჩნდა წვდომა საქმის მასალებთან და დახურული სხდომის მიუხედავად, ლეგიტიმური მიზნის გარეშე, მოხდა მისი გამოქვეყნება, რაც მნიშვნელოვანი დარღვევაა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ ვითარების სინამდვილე შემდეგშია და ფაქტები ერთმანეთისგან განცალკევებულად ვერ შეფასდება. კერძოდ, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო -სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკის მარიამ ცხვედიანისა და ამავე განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკის, ნინო იობაშვილის უკანონო ქმედებებისა და მამის ოჯახთან ფარული გარიგებების შედეგად მიღებული იქნა 2021 წლის 12 მარტს დასკვნა და ბებია შეფასდა ბავშვებზე ფსიქოლოგიურ მოძალადედ, დაიგეგმა ბებიის დასჯის ახალი ღონისძიებები, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული სახდელებიდან სისხლის სამართლებრივი კუთხით პასუხისმგებლობის დაკისრებას. ნინო იობასვილმა და მარიამ ცხვედიანმა, მათთვის დამახასიათებელი ხელწერით (რომლითაც არაერთი ოჯახი გააუბუდურეს) მამის ინტერესების განხორციელების საფუძვლად აიღეს სასამართლოს დროებითი განკარგულების ე.წ. შეუსრულებლობის გარემოება, თითქოსდა სურდათ მამასთან შეხვედრები და ურთიერთობა და ბებია აღნიშნულის შესაძლებლობას არ იძლეოდა.

მამის ადვოკატის წერილისა და მოთხოვნის საფუძველზე, სოციალურმა მუშაკებმა მიზნის სისრულეში მოსაყვანად, 2021 წლის 18 მარტს ბებიას წერილით გაუგზავნეს გაფრთხილების გადაწყვეტილება და მოსთხოვეს სასამართლოს დროებითი გადაწყვეტილების შესრულება. ამ დროისთვის, მამის ინტერესებს წარმოადგენს სოციალურ მუშაკ ნინო იობაშვილის რეკომენდაციით დანიშნული ადვოკატი, თავად ნინო იობაშვილი და მარიამ ცხვედიანი კი ბავშვებთან ოჯახში უკვე ნამყოფია და მოსმენილი აქვს არასრულწლოვნების სრული განმარტებები მამასთან ურთიერთიობისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის სურვილის შესახებ.

სწორედ ამ შეხვედრის და მოსმენილი გარემოებების გაყალბა მოახდინეს სოციალურმა მუშაკებმა, რასაც 2021 წლის 5 აპრილს მოჰყვა ბავშვების ე.წ. ზრუნვის სააგენტოში გამოცხადება და პროტესტი.

საზოგადოების საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომ 2021 წლის სექტემბერსა და ნოემბრის თვეში, სასამართლომ მიიღო შუალედური გადაწყვეტილებები ახალგაზრდა კომპოზიტორის მამის თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ გაყვანის თაობაზე. 2021 წლის სექტემბრიდან მამის ახალი ადვოკატის წერილის საფუძველზე, მამამ გადაწყვიტა ბავშვების ბებიისგან განცალკევება და პროკურორ ზაზა კვირკველიას ოჯახში გადაყვანა, რომელიც მამის სიძეა. ამ მიზნით, სოციალური მუშაკი გამოცხადდა ზაზა კვირკველიას ოჯახში, 2021 წლის 29 სექტემბერს კი მოამზადა დასკვნა პროკურორის ოჯახის დამაკმაყოფილებელი პირობების შესახებ, ხოლო 2022 წლის 12 იანვარს პირდაპირ გასცა დასკვნა ბავშვების პროკურორის ოჯახში გადაყვანაზე.

როგორც უკვე აღნიშნეთ, სოციალურმა სამსახურმა არასრუწლოვნების ბებიას 2021 წლის 18 მარტს გაუგზავნა შეტყობინება, თუმცა მომდევნო 9 თვის განმავლობაში, არავითარი ინტერესი აღარ გამოუჩენია, სრულდებოდა თუ არა დროებითი განკარგულება.

მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 8 ნოემბერს მიიღო შუალედური გადაწყვეტილება და ახალგაზრდა კომპოზიტორი საზღვარგარეთ, მამის თანხმობის გარეშე, ისევ ბებიასთან ერთად გაუშვა, შეთქმულმა მხარეებმა - ნინო იობაშვილმა, მარიამ ცხვედიანმა, მამამ და პროკურორი ზაზა კვირკველიას ოჯახმა, გადაწყვიტეს, რომ ბებია დაესაჯათ.

ამიტომაც, მარიამ ცხვედიანმა, 2021 წლის 19 ნოემბერს მოამზადა შიდა მიმოწერა ე.წ. ზრუნვის სააგენტოს სამართლერივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გიორგი კუპრეიშვილის მიმართ, რომელშიც აღნიშნულია, რომ „როგორც სააგენტოს სოციალური მუშაკის, ისე ფსიქოლოგის მიერ გამოკვეთილია არასრულწლოვნებზე უარყოფითი ფსიქოლოგიური გავლენა მათი ბებიის მხრიდან, რის გამოც, არასრულწლოვნები კატეგორიულ უარს ამბობენ მამასთან შეხვედრაზე“. მარიამ ცხვედიანმა მოითხოვა კანონით განსაზღვრული სანქციების გამოეყნება.

2021 წლის 30 ნოემბერს ე.წ. ზრუნვის სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსი ნინო ბუჩუკური იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულია სოციალურ მუშაკ მარიამ ცხვედიანის შიდა მიმოწერა და არა რომელიმე კონკრეტული ფაქტი. ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მოსალოდნელი სავარაუდო ქმედების გამო მოსალოდნელი ჯარიმის - 500 ლარის ოდენობით დაკისრებაზე მითითებით. ასეთი სავარაუდო სამართალდარღვევა 2022 წლის 24 იანვრის მდგომარეობით, ე.წ. ზრუნვის სააგენტოს დადგენილი არ ჰქონია.

2021 წლის 15 დეკემბერს, მამამ ახალგაზრდა კომპოზიტორის საქართველოში დაბრუნებიდან ათ დღეში, სასამართლოში შეიტანა ახალი მოთხოვნა ბავშვების განცალკევებისა და პროკურორ ზაზა კვირკველიას ოჯახში ცხოვრების თაობაზე. ასევე, მოთხოვნა შეეხება ბებიას აეკრძალოს ყოველგვარი კომუნიკაცია შვილიშვილებთან 9 თვის განმავლობაში. ახალი მოთხოვნისა და საქმის მასალების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა 2021 წლის 30 დეკემბერს.

2022 წლის 24 იანვარს, მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, ფარული და კორუფციული შეთანხმებების ზედაპირზე გამოვლენის გამო, საზოგადოებამ მოისმინა ბავშვების ბებიის ოჯახისა და „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთობლივი განცხადება, რომლითაც ორი სოციალური მუშაკი მოქმედი პროკურორის მფარველობაში იქნა მხილებული. სწორედ ამ დღეს, საჯარო განცხადებიდან რამდენიმე საათში, ე.წ. ზრუნვის სააგენტომ მიიღო სამართალდამრღვევის ოქმი, რომლითაც ბებია დაისაჯა და დაჯარიმდა 500 ლარით. სამართალდამრღვევის ოქმში აღნიშნულია, რომ შემთხვევა შეეხება „ზეგავლენაში მამასთან ურთიერთობის საკითხს“ (სტილი დაცულია) და რომ აღნიშნული გამოვლინდა 2021 წლის 30 ნოემბერს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2021 წლის 30 ნოემბერს ახალგაზრდა კომპოზიტორი მუსიკალურ პედაგოგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა გერმანიაში. ამასთან, 2021 წლის 30 ნოემბერი კალენდარულად გახლდათ სამშაბათი დღე, ხოლო სასამართლოს დროებითი განკარგულებით, მამას ბავშვების მონახულების უფლება გააჩნია პარასკევსა და კვირას. ამდენად, სამართალდარღვევის ოქმის იურიდიული საფუძვლები, არც ფაქტობრივი მოცემულობა, ბუნებაში არ არსებობდა, რაც კიდევ ერთხელ ტოვებს მყარ საფუძველს, რომ ე.წ. ზრუნვის სააგენტომ 71 წლის ქალბატონი დასაჯა. შემდეგი ნაბიჯი, სავარაუდოდ, საქმის სისხლის სამართლებრივი კუთხით გადაცემა იქნება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეზე აგრძელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას



კომენტარები