სასამართლო საზოგადოებრივი ადვოკატების უკანონო დევნას და დასჯას ახალისებს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

4 თებერვალი, 2022

2022 წლის 4 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, კანონიერად შეფასდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც დასაქმებულ პირთა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები გაუარესდა. სასამართლოს განმარტებით, შინაგანაწესში შესული ცვლილებების მოქმედება, თითოეული შემთხვევის დროს, ინდივიდუალურად უნდა გადაწყვეტილიყო. არსებული ჩანაწერები კი თანასწორუფლებიანობის პრინციპის დარღვევას არ იწვევდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა 2020 წლის 7 სექტემბრს გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ცვლილება განხორციელდა სამსახურის შინაგანაწესში, შინაგანაწესის მოქმედების შედეგად კი, ანონიმური შეტყობინებების საფუძველზე, დაიწყო საზოგადოებრვი ადვოკატების დევნა და დასჯის პროცესი. შესაბამისად, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 22 საზოგადოებრივმა ადვოკატმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შემდეგი დებულებების ბათილად ცნობა:

  • სადავო ბრძანების მე-9 ნაწილის 6.3.3.1 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომაა სამსახურის შინაგანაწესის, სამსახურის დებულების, იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებების, დირექტორის ბრძანებებისა და სამსახურის სხვა აქტების დარღვევა, მათი შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება.
  • ბრძანების მე-9 ნაწილის 6.3.4.2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურეობრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას ან/და სამსახურს აკარგვინებს ნდობას დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ.
  • ბრძანების მე-9 ნაწილის 6.3.4.2 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა სამსახურის რეპუტაციას.
  • ბრძანების მე-9 ნაწილის 6.3.4.2 პუნქტის „ე" ქვეპუნქტის თანახმად,  დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ თანამშრომელმა არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებები ან/და ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე სამსახურის დირექტორის მიერ გამოცემული აქტები.
  • ბრძანების მე-9 ნაწილის 6.3.5.1 პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება, ბ) საყვედური, გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით, ) სამსახურიდან გათავისუფლება.
  • ბრძანების მე-9 ნაწილის 6.3.12.1 პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე საჩივრის ან განცხადების ან სხვა დოკუმენტის ან ინფორმაციის არსებობა.

„ახალგაზრდა ადვოკეტების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ახალისებს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს გააგრძელოს თავისუფალი აზრის მქონე საზოგადოებრივი ადვოკატების დასჯის პროცესი და მიღებული გადაწყვეტილება „ჩაწყობილი საქმეების“ რიცხვში დგება, რადგანაც პრინციპული მნიშვნელობის საკითხია, მომჩივანი საზოგადოებრივი ადვოკატების მოთხოვნებზე არ დადგეს კანონიერი გადაწყვეტილებები. საქმე ეროვნული სამართალწარმოების შემდეგ აუცილებლად გასაჩივრდება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო წესით.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის შინაგანაწესში ცვლილებებს წინ უძღვოდა საქმიანობის შეფასების ახალი სისტემის მიღება. დოკუმენტში არსებით მნიშვნელობას იძენს „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაცია და იურიდიული დახმარების ხარისხის სტანდარტი", „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები", „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი", „იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების უფლებამოსილება და პროცედურა". აღნიშნული დოკუმენტიც, ადვოკატის დამოუკიდებლობის სამართლებრივი გარანტიების შეზღუდვისა და პროფესიული საქმიანობაში ჩარევის საშიშროებიდან გამომდინარე, გასაჩივრებულია სასამართლო წესით.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით. სახელმწიფოს მცდელობა ჩაეროს ადვოკატის თავისუფალ პროფესიაში მისი საქმიანობის შეფასების ან/და კონტროლის კუთხით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს და წარმოადგენს განსაკუთრებული დაცვის სფეროს. სასამართლომ, ერთხელ უკვე მიუთითა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს, რა დროსაც მკაფიო დასკვნები გაკეთდა იდენტური ხასიათის სადავო საკითხზე - „ადვოკატის დამოუკიდებლობის პრინციპი სახელმწიფოს ავალდებულებს, დაიცვას და შექმნას ქმედითი მექანიზმი ადვოკატის დამოუკიდებლობის სტანდარტის, როგორც ნორმატიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით და სრულიად მიუღებელია თვისობრივად განსხვავებული ამოცანების მქონე რეგულაციების, სათანადო და საფუძვლიანი გააზრების გარეშე დამკვიდრება. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული რეგულაციების დამდგენი წესები უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი, პირს უნდა შეეძლოს, ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვენ მისგან და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა" (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმეზე: #3/3094-16), თუმცა ახალი შეფასების სისტემა, კვლავ ახალი გამოწვევევის წინაშე ამყოფებს საზოგადოებრივ ადვოკატებს.

ცნობისთვის: სარჩელი სამსახურის შინაგანაწესში არსებული ცვლილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში წარდგენილი იქნა 2020 წლის 27 ოქტომბერს. საქმე მოსამართლე ია ლაბაძემ განიხილა. 



კომენტარები