„ახალგაზრდა ადვოკატები“ ე.წ. ზრუნვის სააგენტოს ფარულ გარიგებებში ჩართული მაღალი ადმინისტრაციული მოხელეების ბიოგრაფიების გასაჯაროებისკენ მიმართავს

7 თებერვალი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსგან ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსის, ნინო ბუჩუკურის, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კუპრეიშვილის, თბილისის საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო -სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკის მარიამ ცხვედიანისა და ამავე განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკის, ნინო იობაშვილის, აგრეთვე ფსიქოლოგ ხატია ნადარეიშვილის კვალიფიკაციისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების გასაჯაროებას მოითხოვს. ორგანიზაცია განმარტავს, რომ არსებობს არაოფიციალური ცნობები დასახელებული პირების კანონის მოთხოვნათა მიმართ შეუსაბამობით საქმიანობაზე, რაც უმძიმესი შედეგებით აისახება ბენეფიციართა მიმართ მომსახურებსა და გამოქვეყნებული დასკვნების კომპეტენციაზე.

„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესია – ბენეფიციარის სოციალური უსაფრთხოების, მისი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის, კეთილდღეობის, განვითარების ან ამ კანონის მიზნებით გათვალისწინებული სხვა ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ხოლო ამავე კანონის ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბენეფიციარია ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერვისით ან რომლის მიმართ სოციალური მუშაკი ადგენს ამ კანონით განსაზღვრული სოციალური მუშაობის ჩატარების საჭიროებას.

ვინაიდან არსებითად მნიშვნელოვანია განსახილველი საქმის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს გააჩნდეს მასთან კავშირში მყოფი სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული სოციალური მუშაობის პროცესისა და შედეგების მიუკერძოებლობის მიმართ სწორი დასკვნები, მუშაობას გააჩნდეს კომპეტენციისა და კვალიფიკაციის კუთხით სანდოობა და გამჭვირვალობა, მოთხოვნილი დოკუმენტების გასაჯაროება იღებს მავალდებულებელ ხასიათსა და არ წარმოადგენს პერსონალური მონაცემის საფუძვლით გასაიდუმლოებულ მასალებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ ახალგაზრდა კომპოზიტორი საქმეზე, თბილისის საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო - სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკის მარიამ ცხვედიანისა და ამავე განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკის, ნინო იობაშვილის მიერ გაყალბებული დასკვნების საქმეზე, ქართულ სასამართლოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. ახალგაზრდა კომპოზიტორის საქმეზე, სრულიად ექცენტრიულია ფსიქოლოგ ხატია ნადარეიშვილის ქცევები და სოციალური მუშაობის პროცესში გამოვლენილი მიმართების, გამონათქვამებისა და მსჯელობათა სტანდარტი. რაც შეეხება გიორგი კუპრეიშვილს, ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ხელმძღვანელობს არასასურველი მხარის წინააღმდეგ მიმართულ სადამსჯელო ღონისძიებებსა და არის ყველა უკანონო მოქმედების სათავეში, ასევე, ოსტატურად ცდილობს ყველა პრეტენზიის სხვაზე გადაბრალებას, თითქოსდა საკუთარი პასუხისმგებლობა და როლი არ გააჩნდეს არც ერთი დოკუმენტის მომზადების დროს. იურიდიულ საზოგადოებაში არსებული აზრის თანახმად, ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ფარულ გარიგებებში მონაწილეა ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსის, ნინო ბუჩუკური, რომელიც უშუალოდ კარნახობს სოციალურ მუშაკებს, ფსიქოლოგებსა თუ სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გიორგი კუპრეიშვილის, თუ რა მიმართულებებით უნდა გაგრძელდეს საოჯახო დავებში მონაწილე ერთ-ერთი მხარის საწინააღმდეგო შედეგები. ნინო ბუჩუკური სავარაუდოდ მონაწილეობს ფარულ გარიგეგებსა და სავარაუდო კორუფციაში. ამდენად, ორგანიზაციამ უკვე მიმართა ე.წ. ზრუნვის სააგენტოს დასახელებულ პირთა ბიოგრაფიებისა და სერთიფიკატების გადმოცემის მოთხოვნით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სასამართლო წესით გასაჩივრებულია სოციალური მუშაკების მიერ 2021 წლის 12 მარტსა და 2021 წლის 29 აპრილს გამოქვეყნებული დასკვნები, რომლებიც ეფუძნება არარსებულ გარემოებებსა და არასრულწლოვანებთან გასაუბრების შემდგომ აღწერილ საწინააღმდეგო მოსაზრებებს. სადავო დასკვნები მიზანმიმართულად გადმოსცემენ ბავშვების მიმართ ამღზრდელი ბებიის ე.წ. ფსიქოლოგიური ძალადობის აღწერას, რასაც, რეალობასთან კავშირი არ აქვს. მარიამ ცხვედიანმა და ნინო იობაშვილმა მიზანმიმართულად გააყალბებს დოკუმენტებში აღწერილი ფაქტები, რათა შეექმნათ სამართლებრივი საფუძვლები ბავშვების ბებიისგან განცალკევების მოთხოვნის დასმისთვის. საქმის მასალებით დგინდება, რომ ორი სოცილური მუშაკი ფარულ გარიგებებში იმყოფება ბავშვების მამასთან და წარმოდგენილი დასკვნები მომზადებული იქნა არასრუწლოვანთა სპეციალიზაციით მოქმედი პროკურორის ზაზა კვირკველიას განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ. კერძოდ, სწორედ ზაზა კვირკველია 2021 წლის სექტემბრის თვეში გასცემს ოჯახის თანხმობას ბავშვები განცალკევდნენ ბუნებრივი საცხოვრებელი ადგილიდან და გადავიდნენ კვირკველიების ოჯახში 9 თვით საცხოვრებლად. ზაზა კვირკველია ბავშვების მამის სიძეა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო -სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკის მარიამ ცხვედიანისა და ამავე განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკის, ნინო იობაშვილის მიერ 2021 წლის 5 აპრილს, არასრულწლოვნებთან შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად განიმარტა, რომ ე.წ. ზრუნვის სააგენტო უარს ამბობდა ბავშვების მამის საცხოვრებელ მისამართზე გადასვლაზე. ასევე, გამოირიცხებოდა ნებისმიერი სხვა მისამართზე ბავშვების გადასვლის მხარდაჭერა. როგორც ე.წ. ზრუნვის სააგენტომ, ასევე სასამართლომ ორგზის მოისმინა ბავშვების თავისუფალი პოზიცია, რომ არ სურდათ საცხოვრებლად სხვა მისამართზე გადასვლა. ბავშვების პოზიციებისა და მათთან ღია განცხადებების მიუხედავად, ნინო იობაშვილმა და მარიამ ცხვედიანმა განაგრძეს ბავშვების ინტერესებით მანიპულირება და ვაჭრობა. 5 აპრილის შეხვედრის შემდეგ, 29 აპრილს მათ ისევ გამოაქვეყნეს ბებიის ძალადობის თაობაზე დასკვნა, 29 სექტემბერს კი, მარიამ ცხვედიანი მიდის პროკურორ ზაზა კვირკველიას ოჯახის შესამოწმებლად და 2022 წლის 12 იანვარს აქვეყნებს ახალ დასკვნას, სადაც ბავშვების კვირკველიების ოჯახში გადაყვანას აქვს ე.წ. ზრუნვის სააგენტოს სახელით მოთხოვნა და მოწოდება. ფაქტებით გამოაშკარავდა, როგორც დასახელებული ორი სოციალური მუშაკის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებები და განცხადებები ბავშვების მიმართ, ასევე მარიამ ცხვედიანისა და ნინო იობაშვილის ფარული შეთანხმებები და კრიმინალური საქმიანობა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2021 წლის 15 დეკემბერს, სოციალური მუშაკების დასკვნების საფუძველზე, ბავშვების მამამ სასამართლოს სარჩელით მიმართა და მოითხოვა არასრულწლოვნების განცალკევება ზაზა კვირკველიას ოჯახში. ბავშვებმა მოთხოვნაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და სამართალწარმოება გრძელდება.

ამასთან, 2022 წლის 17 იანვარს, არასრულწლოვნების ბებიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო -სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკის მარიამ ცხვედიანისა და ამავე განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკის, ნინო იობაშვილის მიერ გაყალბებული დასკვნების ბათილად ცნობა. აღსანიშნავია, რომ დასახელებული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით, მხარემ ე.წ. ზრუნვის სააგენტოსაც მიმართა, მაგრამ ადმინისტრაციულმა ორგანომ საჩივარზე არავითარი რეაგირება არ მოახდინა. ე.წ. ზრუნვის სააგენტოს აღნიშნული დამოკიდებულებაც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს მამის ინტერესების ლობირებაზე და პროკურორ ზაზა კვირკველიას მფარველობის ფარგლებზე.

2022 წლის 24 იანვარს, მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, ფარული და კორუფციული შეთანხმებების ზედაპირზე გამოვლენის გამო, საზოგადოებამ მოისმინა ბავშვების ბებიის ოჯახისა და „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთობლივი განცხადება, რომლითაც ორი სოციალური მუშაკი მოქმედი პროკურორის მფარველობაში იქნა მხილებული. სწორედ ამ დღეს, საჯარო განცხადებიდან რამდენიმე საათში, ე.წ. ზრუნვის სააგენტომ მიიღო სამართალდამრღვევის ოქმი, რომლითაც ბებია დაისაჯა და დაჯარიმდა 500 ლარით. სამართალდამრღვევის ოქმში აღნიშნულია, რომ შემთხვევა შეეხება „ზეგავლენაში მამასთან ურთიერთობის საკითხს“ (სტილი დაცულია) და რომ აღნიშნული გამოვლინდა 2021 წლის 30 ნოემბერს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2021 წლის 30 ნოემბერს ახალგაზრდა კომპოზიტორი მუსიკალურ პედაგოგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა გერმანიაში. ამასთან, 2021 წლის 30 ნოემბერი კალენდარულად გახლდათ სამშაბათი დღე, ხოლო სასამართლოს დროებითი განკარგულებით, მამას ბავშვების მონახულების უფლება გააჩნია პარასკევსა და კვირას. ამდენად, სამართალდარღვევის ოქმის იურიდიული საფუძვლები, არც ფაქტობრივი მოცემულობა, ბუნებაში არ არსებობდა, რაც კიდევ ერთხელ ტოვებს მყარ საფუძველს, რომ ე.წ. ზრუნვის სააგენტომ 71 წლის ქალბატონი დასაჯა. შემდეგი ნაბიჯი, სავარაუდოდ, საქმის სისხლის სამართლებრივი კუთხით გადაცემა იქნება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეზე აგრძელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას. 



კომენტარები