საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბიზნესმენ სტანისლავ საჟინის საკასაციო საჩივარი არსებითი განხილვისთვის მიიღო

11 თებერვალი, 2022

2022 წლის 11 თებერვალს, საქართველოს უზენაესმა სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ბიზნესმენ სტანისლავ საჟინის საკასაციო საჩივარი არსებითი განხილვისთვის მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ფარგლებში წარმოებულ დავას, რომლის მხარეც სტანისლავ საჟინია. ბიზნესმენის მეუღლე ქართულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით საერთო შვილის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას - რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებას მოითხოვს და ასაბუთებს, რომ ბავშვი არამართლზომიერად გადაადგილებულია. საწინააღმდეგო პოზიციები აქვთ სტანისლავ საჟინის წარმომადგენლებს. კერძოდ, ვინაიდან დავის მონაწილე მხარეები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან, მამის მხარის მტკიცებით, მართალია, საქართველო და რუსეთის ფედერაცია წარმოადგენენ კონვენციის წევრ სახელმწიფოებს, თუმცა ამავე კონვენციის 38-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოებს შორის უნდა არსებობდეს კონვენციაზე მიერთების აღიარება იმისათვის, რომ სახელმწიფოებმა შეძლონ კონვენციის საფუძველზე ორმხრივი სამართლებრივი ურთიერთობების დამყარება. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არსებობს კონვენციაზე მიერთების აღიარება და შესაბამისად, არ ხორციელდება სამართლებრივი თანამშრომლობა აღნიშნული კონვენციის საფუძველზე.

ამასთან, ბიზნესმენი სტანისლავ საჟინი საქართველოში სარგებლობს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით, რაც, ბიზნესმენის ადვოკატების აზრით, გამორიცხავს მის დაბრუნებას რუსეთის ფედერაციაში, სადაც გარკვეული შემთხვევების გამო, დევნას განიცდის. მხარე ამტკიცებს, რომ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან არ მომხდარა მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე მსჯელობა და შეფასებაც.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მრავალსაათიანი მსჯელობის შედეგად, სტანისლავ საჟინის საკასაციო საჩივარის არსებითი განხილვისთვის მიღების გადაწყვეტილება მიიღო. საქმეს მოსამართლეები; თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი), მირანდა ერემაძე და ლაშა ქოჩიაშვილი განიხილავს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უკვე მიიღო „ახალგაზრდა ადვოკატების“ ოფიციალური წერილი, სადაც საქმის შესაძლო დარღვევების შესახებ არგუმენტები იქნა წარდგენილი და საქმის განმხილველ პალატას სადავო საკითხზე ყველა პრობლემური საკითხის არსებითი შემოწმების საჭიროების გამო, ფორსირებული გადაწყვეტილების მიღებისგან თავშეკავება ეთხოვა.

საზოგადოების საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომ სასამართლოს სხდომას ესწრებოდა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი კუპრეიშვილი, რომელმაც, სწორედ დასახელებულ საქმეზე გააყალბა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის ტექსტი და მამის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი აღსრულების დაწყება მოითხოვა.

არასრულწლოვნის მამა, გადაწყვეტილების აღსრულებლობის შეუსრულებლობის საფუძვლით, სისხლის სამართლის მოსალოდნელ პასუხისმგებლობას - დაპატიმრებას მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ამავე განხმილველი შემადგენლობის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებამ გადაარჩინა, რომელმაც ე.წ. ზრუნვის სააგენტოს მიერ სასამართლოს ოფიცილაური ტექსტის ცვლილებაზე უკიდურესი აღშფოთება გამოხატა და საოჯახო საქმეზე დროებითი აღსრულება დავის გადაწყვეტამდე, შეაჩერა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გაოგნებულია ე.წ. ზრუნვის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კუპრეიშვილის 11 თებერვლის სასამართლო პროცესზე გაკეთებული განმარტებით. კერძოდ, გიორგი კუპრეიშვილი, რომელიც ქვემდგომი სასამართლოს ინსტანციის ყველა ეტაპზე განმარტავდა, რომ სტანისლავ საჟინის მოთხოვნები და არგუმენტები იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, საკასაციო სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ  სტანისლავ საჟინის საკასაციო საჩივარი არსებითი განხილვისთვის უნდა მიღებულიყო (!). ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ე.წ. ზრუნვის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კუპრეიშვილის პროცესუალური პოზიციის ცვალებადობა ჩვეულებრივი თამაში და მანიპულაციაა, რასაც წინ უძღვის მხილება სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლაში და საკასაციო ეტაპზე გამოხატული თვალთმაქცური პოზიციით, რადგანაც საკუთარი პოზიციისთვის მას ახალი არგუმენტები არ წარმოუდგენია, ცდილობს კრიმინლაში მონაწილეობის გადაფარვას.

ორგანიზაცია ფაქტზე საზოგადოებრივ ინტერესს გააგრძელებს. საქართველოს უზენაესს სასამართლოში სტანისლავ საჟინის საქმეზე არსებითი განხილვა 2022 წლის 16 თებერვალს, 13:00 საათზე შედგება. სტანისლავ საჟინის ინტერესებს ადვოკატები: ილია მახარაძე და გულო დილავერიძე წარმოადგენენ.



კომენტარები