2022 წლის 7 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ლისის ტბის ყოფილი მფლობელის რამაზ ახვლედიანის მოთხოვნის ფარგლებში, ბიზნეს-პარტნიორი მამუკა ხაზარაძე მოწმის სახით გამოკითხა. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ლისის ტბის წართმევისა და წილების საქმეზე, მამუკა ხაზარაძემ მრავალწლიანი დუმილი დაარღვია. მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით გამოკითხვა 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. რამაზ ახვლედიანის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძე მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა და განმარტებების გაკეთება მოუწია მისთვის უსიამოვნო შეკითხვებსა და გარემოებებზე. არ დარჩენილა არც ერთი ეპიზოდი, რომელიც ლისის ტბის ირგვლივ არსებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ მდგომარეობას, მიღებულ გადაწყვეტილებებს შეეხებოდა, რომელზედაც პასუხი არ ყოფილიყო.
მამუკა ხაზარაძის ჩვენება ლისის ტბის საქმეზე აქამდე არსებულ იმ სადავო საკითხებზე ზუსტ წარმოდგენას ქმნის, თუ როგორ მოხდა ხელისუფლების ზეწოლა რამაზ ახვლედიანის მიმართ, რატომ აირჩია პარტნიორის დაჩაგვრის დროს მამუკა ხაზარაძემ დისტანცირებული ურთიერთობები, რა მოლაპარაკებები აწამოა მამუკა ხაზარაძის კომპანიებმა მთავრობის მაშინდელ უფლებამოსილ პირებთან, რეალურად, რა ფასად იყიდა მამუკა ხაზარაძის კომპანიებმა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია და რამდენად კეთილსინდისიერი შემძენი აღმოჩნდა მამუკა ხაზარაძის ჯერ „ლისი 2007“, შემდეგ „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგი“ და ბოლოს, „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“ იმ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შეძენის დროს, რომლის ფარგლებშიც მოექცეა რამაზ ახვლედიანის ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ 63,5 ჰა მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ლისის ტბის საქმეზე საზოგადოებამ მამუკა ხაზარაძის დაკითხვა უნდა ნახოს და აღნიშნულ ვიდეო-მასალას ორგანიზაცია საჯაროდ გახდის. „აქ შეკითხვებს მე ვსვამ“ - უთხრა არჩილ კაიკაციშვილმა მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც სიმართლის კვლევის პროცესში აღქმული დისკომფორტი არაერთგზის გააპროტესტა. მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა მის წინააღმდეგ არსებულ ორკესტრირებულ შეტევაზე, რაზეც არჩილ კაიკაციშვილმა უპასუხა, რომ სწორედ მისი პარლამენტში გაკეთებული განცხადებები გახდა არსებითი ზეგავლენის მომხდენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძის წარმოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეზე, რომელმაც ხელისუფლების კარნახით, რამაზ ახვლედიანს სიმართლე დაუკარგა და მის წინააღმდეგ, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძეს სიმართლის კვლევის პროცესში, პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელ მანიპულაციებზე უარი უნდა ეთქვა და წლების მანძილზე დაგორვილ შეკითხვებზე, დოკუმენტებით არსებულ ფაქტებზე განმარტებები უნდა გაეკეებინა. პრინციპული პოზიციების შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ რამაზ ახვლედიანს ადვოკატის შეცვლა ურჩია, რაზედაც არჩილ კაიკაციშვილმა უპასუხა, რომ პროფესიული პატიოსნების მოკითხვა, უმჯობესი იყო, საკუთარ პარტიაში დასაქმებული პოლიტიკოსი იურისტებისთვის შეეკითხა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოების ინფორმირებისთვის კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გრძელდება ლისის ტბის ყოფილი მფლობელის რამაზ ახვლედიანის დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივი პროცესი. ამ კუთხით, ლისის ტბის მართვაზე პასუხისმგებელ კომპანიებს შორის წილების დაბრუნების საქმე უშუალოდ ეხება მამუკა ხაზარაძეს და რამაზ ახვლედიანთან ერთად, ერთობლივი საქმიანობით დაფუძნებულ სააქციო საზოგადოებას, რომელიც ამ დრომდე, სრულიად უსაფუძვლოდ, არ ახდენს რამაზ ახვლედიანს დაუბრუნოს კუთვნილი 2/3 წილი. ამდენად, სასამართლოს 2021 წლის 9 სექტემბერს დააკმაყოფილა რამაზ ახვლედიანის წარმომადგენლის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობა მოწმის სახით მამუკა ხაზარაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით. ამასთან, სხვა იმ პირთა მოწმის სახით გამოკითხვასთან დაკავშირებით, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებდნენ ერთობლივი საქმიანობის მიზნით შექმნილი სააქციო საზოგადოების გარიგებებთან დაკავშორებით.
საქმის მასალების მიხედვით, რამაზ ახვლედიანის მიერ შპს „ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლისის ტბის“ სახელით ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ 63,5 ჰა კომპლექსის განვითარება და შემდგომი ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდა საქმიანი და მისაღები ბიზნესს-წინადადება აღმოჩნდა შპს "თბილისის უძრავი ქონების" მიმართ. სწორედ ურთიერთმფარავი ნების პირობებში, ლისის ტბის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის აღდგენა-განვითარების მიზნით, მხარეთა შორის 2004 წლის 6 დეკემბერს გაფორმდა განზრახულობათა ოქმი, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ სამოქმედო 12 პუნქტიან გეგმაზე და შპს “თბილისის უძრავმა ქონებამ" და რამაზ ახვლედიანმა, ზემოთ დასახელებული მიზნების უზრუნველყოფის მიზნით, დააფუძნეს ს.ს. "ლისის ტბა". დასახელებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 2021 წლის მაისამდე გახლდათ მამუკა ხაზარაძე, თავმჯდომარის მოადგილე კი - დღემდე რამაზ ახვლედიანი.
ს.ს. "ლისის ტბას" საწსდებო კაპიტალის შესავსებად, რამაზ ახვლედიანი იღებდა ვალდებულებას, რომ იგი განახორციელებდა ქონებრივ შენატანს ქ. თბილისში, ლისის ტბის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთის (საერთო ფართით 63,5 ჰა) და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების სახით აღნიშნული ქონების მის საკუთრებაში გადმოფორმებისთანავე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ს.ს. "ლისის ტბას" შექმნის დღეს რამაზ ახვლედიანი შპს "თბილისის უძრავ ქონებას" დაუთმობდა შპს "ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის ლისის ტბის" წილის 2/3-ს (66.66%-ს). იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ობიექტური მიზეზის გამო რამაზ ახვლედიანი ვერ შეძლებდა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვას და ს.ს. "ლისის ტბას" საწესდებო კაპიტალის შევსებას, შპს „თბილისის უძრავი ქონება რამაზ ახვლედიანს დაუბრუნებდა შპს „ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის ლისის ტბის" წილს - 2/3-ს (66.66%-ს).
რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და აღენიშნა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა.
რამაზ ახვლედიანმა ვერ შეძლო განზრახულობათა ოქმით გათვალისწინებული პირობის შესრულება, შპს „თბილისის უძრავმა ქონებამ" კი არ მოახდინა წილის დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ რამაზ ახვლედიანმა ობიექტური მიზეზების გამო, ს.ს. "ლისის ტბის" საწესდებო კაპიტალში, ვერ შეძლო 63,5 ჰა მიწის ნაკვეთისა და მასზედ განთავსებულ შენობა-ნაგებობების შენატანა, შპს თბილისის ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი "ლისის ტბა" ექსკლუზიურად ფლობდა საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზიას, რაც რამაზ ახვლედიანს და შპს თბილისის ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი "ლისის ტბას" საიმედო პარტნიორად აქცევდა, როგორც შპს "თბილისის უძრავი ქონებისთვის", ასევე მამუკა ხაზარაძისთვის, თუმცა 2014 წლის ივნისში, რამაზ ახვლედიანმა მიიღო გადაწყვეტილება სააქციო საზოგადოება „ლისის ტბის“ დატოვების თაობაზე და მოითხოვა კუთვნილი წილების დაბრუნება, თუმცა უშედეგოდ.
ცნობისთვის: 2015 წლის 13 თებერვალს რამაზ ახვლედიანმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს „ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლისის ტბის" საწესდებო კაპიტალში შპს „თბილისის უძრავი ქონების" სახელზე რეგისტრირებული 66,6835% წილის მესაკუთრედ ცნობა. სასამართლომ გამოიყენა უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაადო სადავო რეგისტრირებულ წილს. 2018 წლის 9 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოებული რამაზ ახვლედიანის სხვა დავის გათვალისწინებით, სასამართლომ წილების საქმეზე საქმის წარმოება შეაჩერა. 2021 წლის 28 იანვარს, სასამართლომ საქმეზე განაახლა საქმის წარმოება, მხარემ სასამართლოს წარუდგინა დაზუსტებული სარჩელი. საქმეს განიხილავს მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე, რამაზ ახვლედიანის ინტერესებს კი, ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი კალე ურიდია წარმოადგენენ.
საქმეზე მომდევნო სხდომა 2022 წლის 4 აპრილს, 16:00 საათზე დაინიშნა.