პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე სამართლებრივი პროცესი პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა

16 მარტი, 2022

საქართველოს პრეზიდენტის ევროპული ქვეყნის მეთაურებთან და ევროპული გაერთიანების უფლებამოსილ პირებთან შეხვედრები საქართველოს კონსტიტუციის დარღვევად ვერ შეფასდება. პრეზიდენტის ინსტიტუტი კონსტიტუციური ორგანოა, საქართველოში ყველა კონსტიტუციურ ორგანოს კი აქვთ დისკრეციული უფლებამოსილება მათი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტი იმყოფებოდა პარიზსა და ბრიუსელში, საჯარო განცხადებები კი, შეეხებოდა უკრაინასთან და მოლოდვასთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობას. ამდენად, სამწუხაროა, რომ  პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე სამართლებრივი პროცესი პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა, რაც საქართველოს აზიანებს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაშია ნათქვამი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ კალე ურიდიას განცხადებით, სამართლებრივი და კონსტიტუციით მოცული რეალობა სხვაგვარია, რასაც დაკვირვება და სათანადო განმარტებები სჭირდება. ჩვენი კონსტიტუციის 52-ე მუხლი განსაზღვრავს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა მისი უფლებამოსილება და 14 მარტს წარსდგა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით. მოხსენებისას პრეზიდენტმა განმარტა: „2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით, გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა.“ პრეზიდენტის საჯარო განცხადების საპირწონედ, 2022 წლის 15 მარტს მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ განცხადება გააკეთა, რომ აპირებს მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა კომპეტენციების ფარგლებში, ვლინდება თუ არა პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი.

კალე ურიდიას განმარტებით, დარღვევაზე აპელირება სერიოზული ბრალდებაა, რომლის დადასტურების შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს კონსტიტუციის 48-ე მუხლი, რომელიც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას. დასახელებული მუხლის 1-ლი პუნქტი სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, ადგენს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურულ ნიუანსებს, რომელიც ამოქმედების ერთ-ერთი საფუძველი პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაა.

ცხადია, დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს სჭირდება სამართლებრივი შეფასება. მიზანია კონსტიტუცია განვმარტოთ კუმულაციურად და რელევანტური მუხლების ტელეოლოგიური ანალიზით პასუხი გაეცეს შეკითხვას - დაარღვია თუ არა საქართველო პრეზიდენტმა კონსტიტუცია და გადააჭარბა თუ არა დადგენილ თავის უფლებამოსილებას.

საქართველო არის საპარლამენტო მმართველობის სახელმწიფო, სადაც პრეზიდენტის უფლებამოსილება ნომინალურია. კონსტიტუციის მე-5 თავი ეძღვნება პრეზიდენტს, რომლის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით: „საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.“ დასახელებული ჩანაწერი პრეზიდენტის ძალაუფლების ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რის გამოც ის ცალკე აღებული არ უნდა განიმარტოს. დასახელებულ მუხლთან ერთად, მხედველობაში უნდა მივიღოთ 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც: „საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს“.

მსჯელობა სწორედ ამ კონტექსტში უნდა წარიმართოს, ცალსახაა, რომ პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე შეზღუდული უფლებამოსილებებით არის წარმოდგენილი, როდესაც ოფიციალურ შეხვედრებს ეხება საქმე, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მას უარი ეთქვა ოფიციალური ვიზიტების განხორციელებაზე, პირადი კონტაქტები გამოყენა და სამუშაო ვიზიტები პირად შეხვედრებად გადააქცია. ცალსახაა, რომ ამ ტიპის ქმედება დასახელებული მუხლების კუმულაციურად წაკითხვის შემთხვევაში კონსტიტუციურია და არ ეწინააღმდეგება ქვეყნის უზენაესს კანონს. ამავდროულად, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“

პრეზიდენტის ვიზიტები სწორედ ამ მიზნის რეალიზებას ემსახურებოდა. მოგეხსენებათ, ეს არის პერიოდი, როდესაც უკრაინა ცდილობს ხელი მოაწეროს დოკუმენტს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ. სწორედ ეს კონტექსტია საინტერესო. პრეზიდენტი ცდილობდა შეესრულებინა მისი დანიშნულება, როგორც კონსტიტუციის გარანტს. მისი ქმედებანი არ იყო და ვერც იქნებოდა არაკონსტიტუციური. საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე, სხვადასხვა საერთაშორისო პლათფორმაზე ღიად გამოხატა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, ხმა მისცა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროპულ სტრუქტურებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, პრეზიდენტის ყველა განცხადება, ამ პროცესში, არ გაცდენია კონსტიტუციური ვალდებულებების შინაარს და ეროვნული ინტერესების წარმოჩენის ფარგლებს. 

უდავოა, რომ პროცესი, რომელიც კონსტიტუციური ორგანოს - პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ დაიწყო, საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე დადებითად არ აისახება. მით უფრო, როდესაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი - აფხაზეთი და სამაჩაბლო, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებულია. ამდენად, ამ რეალობის გათვალისწინებითაც, არსებითად მნიშვნელოვანია, არ მოხდეს სახელმწიფო კონსტიტუციური ორგანოების მიმართ ისეთი პროცესის წარმოება, რომელიც დააზიანებს ქვეყნის ინტერესებს.



კომენტარები