სახელმწიფომ და ეკლესიამ უკრაინელი ბავშვები, მინდობით აღზრდაში უნდა მიიღოს

22 მარტი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართავს, საქართველომ შეასრულოს ჰუმანიტარული სამართლითა და ბავშვთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ვალდებულებები, განახორციელოს პოლიტიკური და სამართლებრივი ღონისძიებები, აიღოს პასუხისმგებლობა მინდობით აღზრდაში მიიღოს უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად ობოლო, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვები, განსხვავებული საჭიროების მქონე არასრულწლოვნები. ამასთან, სახელმწიფოსთან ერთად, საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღოს ასეთი ბავშვების ფსიქო-ემოციური მუშაობისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების განხორციელებისათვის.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, რუსეთის უკრაინაში განხორციელებულ საომარ მოქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება, მათ შორის, ომმა 100-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ომის დანაშაულების პარალელურად, საზოგადოებრივ პლათფორმებზე სულ უფრო აქტიურად ვრცელდება განცხადება, უკრაინელი არასრულწლოვნების შვილად აყვანის თაობაზე. საკითხზე დაინტერესებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალია, რის შედეგადაც, უკვე საქართველოს არაერთი მოქალაქე სწორ განმარტებებსა და ქმედითი ნაბიჯის გადადგმას მოითხოვს.

ორგანიზაცია, სწორედ დაფიქსირებული საზოგადოებრივი შეხედულებების შესაძლებლობების პრაქტიკულ მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს და განმარტავს, რომ არასრულწლოვნის შვილად აყვანა დაკავშირებულია რთულ პროცედურებთან, რომელიც რეგულირდებაშვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებსაქართველოს კანონის საფუძველზე. იმისათვის, რომ შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქემ კანონიერად შეძლოს, მნიშვნელოვანია იგი ინფორმირებული იყოს შვილად აყვანის/მინდობით აღზრდის კანონმდებლობით დადგენილ წესზე, პირობებზე და მოსალოდნელ შედეგებზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ლიზი ზუხბაიას განცხადებით, საკითხის განხილვის პროცესში, მხედველობაშია მისაღები ორი სამართლებრივი გარემოება; პირველი - უკრაინის სახელმწიფომ საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება გაშვილების პროცედურების შეჩერებაზე, მეორე გარემოება კი შეეხება იმ ფაქტს, რომ უკრაინა არ არის „ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფო.

სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში შეუძლებელი ხდება საერთაშორისო შვილად აყვანის პროცედურების განხორციელება. კერძოდ, უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანა, მაგრამ კანონის და დამატებითი სამართლებრივი პროცედურების წარმოების შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება მინდობით აღზრდის ინსტიტუტის ამოქმედება, სახელმწიფოს მიერ  საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით უკრაინასთან, რომელიც ჰააგის კონვენციის მონაწილე არ არის, შესაბამის ორგანოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება და საბრძოლო მოქმედებების შედეგად ობოლო, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვები, განსხვავებული საჭიროების მქონე არასრულწლოვნების საქართველოს სახელმწიფოს მიერ მინდობით აღზრდაში მიღება (იხ. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებსაქართველოს კანონის 26- მუხლის მე-4 მუხლი). ასეთ შემთხვევაში, არასრულწლოვნების ბედზე პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო, ხოლო მათ ზრუნვაში შემოდის კერძო ოჯახები. ამდენად, არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უკრაინელი ბავშვების ზრუნვაში დაინტერესებული პირების მონაწილეობის გაზრდაც უზრუნველყოფილი გახდეს.

ლიზი ზუხბაიას განცხადებით, მინდობით აღზრდა, ვიანიდან სახელმწიფო ზრუნვის ფორმაა, რაც მიახლოებულია ოჯახურ ზრუნვასთან, მიზნად ისახავს მინდობით აღსაზრდელის მოვლასა და აღზრდას, ხორციელდება სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამ ნაწილში, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო პირს შორის მინდობით აღზრდაზე გაფორმებული ხელშეკრულება გათავისუფლდეს სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულებებისგან და ხარჯებზე პასუხისმგებელი გახდეს თავად მიმღები ოჯახი.

ამასთან, საქართველომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მინდობით აღზრდაში მიიღოს უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად ობოლო, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვები, რომელთა შესახებ ინფორმაციას ფლობს უკრაინის კომპეტენტური ორგანოები. აგრეთვე, შეთავაზება უნდა გაკეთდეს განსხვავებული საჭიროების მქონე არასრულწლოვნების მიმართ, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან ჯანმრთელობის პრობლემების ან/და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვები, რომლებსაც სპეციფიკური ზრუნვა ესაჭიროებათ. ასეთი ჯგუფი ოფიციალურად რეგისტრირებულია უკრაინის შესაბამისს ორგანოში და სახელმწიფოსთან ერთად, მინდობით აღზრდის პროცესში, მნიშვნელოვანია აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ. ცხადია, ასეთ ბავშვებთან უნდა განხორციელდეს ფსიქო-ემოციური მუშაობა და რეაბილიტაციის ღონისძიებები, რომლის რესურსი გააჩნია ჩვენს ეკლესიას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, მინდობით აღზრდის ინსტიტუტის უკრაინელი ბავშვების მიღების მიზნებისთვის, შესაძლებელია დასჭირდეს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალ დებულებებში საკანონმდებლო ხასიათის ცვლილებები, და ამ პროცესში, უმნიშვნელოვანესია საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა.

როგორც წესი, ბავშვის მინდობით აღზრდის თაობაზე მიღებული ნებისმიერ გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს მისთვის ისეთი სტაბილური ოჯახური გარემოს შექმნას, რომელიც ეფუძნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და რომელშიც ბავშვს ექნება იმაზე უკეთესი პირობები და განვითარების შესაძლებლობები, რომლებიც შვილად აყვანამდე ან მინდობით აღზრდამდე ჰქონდა.

ამასთან, მიმღები ოჯახები უნდა ითვალისწინებდნენ იმ საერთაშორისო ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, რომელიც მათ დაეკისრებათ ეროვნული თუ საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე. კერძოდ, სრულად უზრუნველყონ ბავშვის საცხოვრისი, კვება, განათლება, კულტურული ინტეგრაცია. ის, რაც აუცილებელი და საჭიროა ბავშვის სტაბილური განვითარებისათვის.



კომენტარები