ბიზნესმენი პარლამენტარ შოთა ხაბარელის ოჯახს ქონების უკანონოდ მითვისებისთვის სასამართლოში უჩივის

30 მარტი, 2022

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია ბიზნესმენ თეიმურაზ ჭიჭინაძის სარჩელის განხილვას იწყებს. დავის საგანს საქართველოს პარლამენტის წევრ შოთა ხაბარელის ოჯახისთვის უძრავი ქონების კანონსაწინააღმდეგოდ დაუფლების გამო ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც სასამართლოში თეიმურაზ ჭიჭინაძის ინტერესებს წარმოადგენს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, თეიმურაზ ჭიჭინაძის წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თეიმურაზ ჭიჭინაძის ოჯახი, 2019 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანადირებში საკუთრების უფლებით ფლობდა 506.43 კვ.მ. მიწის ფართობს. აღნიშნული დადასტურებულია 2000 წლის 16 მაისის მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობით. ამასთან, დადგენილია, რომ თეიმურაზ ჭიჭინაძის მიწის ნაკვეთს ესაზღვრება საქართველოს პარლამენტის წევრის, შოთა ხაბარელის ოჯახის, კერძოდ, შვილის - მამუკა ხაბარელის საკუთრება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმის მასალებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მამუკა ხაბარელმა, რომელიც ამჟამად ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეიზდენტია, სხვადასხვა შესაძლებლობების გამოყენებით, ფარული და შეთანხმებული მოქმედებების შედეგად, არამართლზომიერად და უკანონოდ დაეუფლა თეიმურაზ ჭიჭინაძის 506.43 კვ.. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთს, რომელიც 2000 წლის 16 მაისის მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობით და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, როგორც დაუზუსტებელი ფართი, კანონიერად ეკუთვნოდა ბიზნესმენის ოჯახს. კერძიდ, მამუკა ხაბარელი, 2021 წლის 18 მარტს, განცხადებით მიმართავს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგენს თვითმმართველობის ოქმსა და 2012 წლის თარიღით აზომვით ნახაზს და ახდენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კვ.მ დაზუსტებას. კერძოდ, ახალი ამონაწერით უკვე დგინდება, რომ მამუკა ხაბარელი ფლობს დაზუსტებულ ფართს: 1787.00 კვ.მ და საკუთრებას ენიჭება ახალი საკადასტრო კოდი: 71.56.23.857, რომელშიც უკვე გადასულია თეიმურაზ ჭიჭინაძის კუთვნილი 506.43 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მამუკა ხაბარელის ქმედებათა შედეგად, თეიმურაზ ჭიჭინაძეს მიადგა მატერიალური ზიანი, ხოლო ზიანის წარმოქმნის შესახებ მხარემ შეიტყო 2020 წლის 28 ოქტომბერს, რა დროსაც, მას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ეცნობა, რომ ადგილი ჰქონდა ზედდებას.

ვინაიდან თეიმურაზ ჭიჭინაძე სადავოდ ხდის 506.43 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთის ნების საწინააღმდეგოს მისაკუთრების ფაქტს, შეუძლებელია აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა, რადგანაც მამუკა ხაბარელმა დასახელებულ უძრავ ნივთში გამართა კომუნიკაციები, ეწევა სამეურნეო საქმიანობას და დგას შენობა-ნაგებობები. შესაბამისად, თეიმურაზ ჭიჭინაძე ხაბარელების ოჯახისგან მოითხოვს ზიანის სახით 7090,02 აშშ დოლარის გადახდას, რაც გამომდინარეობს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნიდან და სარჩელის აღძვრის მომენტისთვის შეადგენდა 21,955 ლარს.

ცნობისთვის: სარჩელი სასამართლოში 2021 წლის 8 დეკემბერს იქნა წარდგენილი. საქმეს მოსამართლე: თეონა ეპიტაშვილი განიხილავს. სასამართლოს პირველი სხდომა 2022 წლის 5 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება.  



კომენტარები