არჩილ კაიკაციშვილმა სამშენებლო ინდუსტრიაში პრეცედენტული დავა მოიგო - კომპანია ნახევარ მილიონს გადახიდის

19 აპრილი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სამშენებლო ინდუსტრიაში სამართლებრივად ერთ-ერთი რთული დავა მოიგო. წაგებული კომპანია მოგებულ მხარეს 215 220 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს აუნაზღაურებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით, დაკმაყოფილდა მოთხოვნა, რომლითაც სამშენებლო კომპანიას, ამხანაგობას და ამხანაგობის ცხრა წევრს პარტნიორი სამშენებლო კომპანიისთვის მოთხოვნილი 338,250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურებიდან 215 220 აშშ დოლარის გადახდა დაევალა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა თანხის დაკისრების დასაბუთება და არ გაიზიარა წაგებული კომპანიის მტკიცება მოთხოვნის უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

ორგანიზაცია, რეპუტაციული რისკის გამო, შეგნებულად არ ასახელებს პროცესის მონაწილე მხარეებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე კომპანის მიზანს წარმოადგენდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ქ. ბათუმში. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიქმნა ამხანაგობა, რომლის დამფუძნებლებიც, მოსარჩელე კომპანიასთან ერთად, ამხანაგობის წევრები იყვნენ. ამხანაგობაში ფიზიკური პირების შენატანს წარმოადგენდა მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, ხოლო მოსარჩელე კომპანიის შენატანს - ვალდებულებები, რაც გამოიხატებოდა: საცხოვრებელი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება-დამტკიცებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებაში (მშენებლობის ნებართვის ჩათვლით), მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის თავისი რესურსით აშენებაში და ექსპლუატაციაში მიღების ყველა ორგანიზაციულ-ტექნიკური და ფინანსური საკითხის გადაწყვეტაში, ასევე საკომპენსაციო თანხის გადაცემაში.

2013 წლის 20 მაისს, მოსარჩელე კომპანიამ ფინანსური პრობლემების მიზეზით, ამხანაგობასთან  დადო გასვლის ხელშეკრულება. ამ დროისთვის, მას უკვე შესრულებული ჰქონდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კერძოდ, მობინადრეების დაკმაყოფილებისა და მათი საჭირობების უზრუნველყოფის მიზნით, სადაც დაიხარჯა 123,050 აშშ დოლარი, ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტისსთვის - 215,220 აშშ დოლარი. მასვე მოპოვებული ჰქონდა სამშენებლო ნებართვა ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში. სამშენებლო საქმიანობა გადაიბარა ახალმა კომპანიამ, მაგრამ ხელშეკრულებიდან გასვლის შემდგომ, ადგილი არ ჰქონია რესტიტუციას, რაც ხელშეკრულებიდან გასვლის თანმდევი პროცესია. ჯამში, მოსარჩელე კომპანიის მიერ დახარჯულმა თანხამ შეადგინა სადავო 338,250 აშშ დოლარი.

წარმოებული დავის სირთულეს წარმოადგენდა 2013 წლის 20 მაისს მოსარჩელე კომპანიასა და ამხანაგობას შორის გასვლის ხელშეკრულებაში აღნიშნული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, „მხარეებს წინამდებარე ხელშეკრულების ან/და ერთმანეთის მიმართ ფინანსური, ქონებრივი ან სხვა რაიმე პრეტენზიები არ გააჩნიათ“. ამავე ხელშეკრულების თანახმად, „წევრის გასვლისას, მას უკან უბრუნდება მის მიერ უკვე  გადახდილი შენატანები, იმ ხარჯების გამოკლებით, რაც აუცილებელია გასვლის რეგისტრაციისთვის. ამხანაგობა უფლებამოსილია დააყოვნოს  დასაბრუნებელი თანხის გაცემა ამხანაგობის ყოფილ წევრზე, თუ თანხის გაცემით საფრთხე ემუქრება ამხანაგობის ნორმალურ საქმიანობას. დაყოვნების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ წელს წევრის ამხანაგობიდან გასვლის დღიდან. გადახდა შეიძლება განხორციელდეს ნაწილ-ნაწილ.“

მოსარჩელე კომპანია ამტკიცებდა, რომ „ფინანსური პრეტენზიები არ გააჩნიათ" არ უნდა გაიგივებულიყო ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნაზე უარის თქმასთან. ამ ჩანაწერით, კომპანიამ მხოლოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის გარდა, სხვა რაიმე დამატებითი პრეტენზია არ გააჩნდა მხარის მიმართ. ის გარემოება, რომ კომპანიას სწორედ ერთი წლის შემდეგ წარმოეშობოდა ასეთი მოთხოვნის უფლება, აღნიშნული პირდაპირ იქნა შეთანხმებული მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის შესახებ დადებულ 2008 წლის ხელშეკრულებით. შესაბამისად, მხარე სასამართლოს წინაშე სვამდა საკითხს, რომ გაზიარებულიყო დასაბუთება იმის შესახებ, რომ რესტიტუციის დადგომისას კუმულაციურად უნდა შემოწმებულიყო მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის დაწყების შესახებ და ამხანაგობიდან გასვლის შესახებ ხელშეკრულების პირობები. სავარაუდოდ, სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე კომპანიას რესტიტუციის მოთხოვნის უფლება გაუჩნდა არა 2013 წლის 20 მაისიდან, არამედ 2014 წლის 20 მაისიდან. სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2016 წლის 24 ოქტომბერს და მოსარჩელემ რესტიტუციის მოთხოვნისთვის დაიცვა კანონით დადგენილი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა და ამ ვადის გასვლამდე - 7 თვითა და დაახლოებით, 1 კვირით ადრე შეიტანა სასამართლოში სარჩელი. 

საქმემ საერთო სასამართლოების სამი ინსტანცია განვლო და ხელახალი განხილვისთვის ისევ წარმოებაში დაბრუნდა.

  • 2018 წლის 26 თებერვლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით;
  • 2019 წლის 19 თებერვლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რაც მოწინააღმდეგე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით;
  • 2019 წლის 6 დეკემბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, არ დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 19/02/19 განჩინება.

შესაბამისად, სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესახებ წარმოდგენილი დასკვნების საფუძველზე, ახალი სამართალწარმოების პირობებში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო მოსარჩელე კომპანიის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გადაწყვეტილება. ამავე სასამართლომ 2020 წლის 16 ოქტომბერს, ასევე სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელე კომპანიის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის უძრავ ქონებებზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის გამოყენებაზე, თუმცა მოგვიანებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების განჩინება. მოწინააღმდეგე კომპანიამ წარმოადგინა ს.ს. „საქართველოს ბანკის“ საბანკო გარანტია 338,250 აშშ დოლარის ფარგლებში, რაც საფუძველი გახდა უზრუნველყოფის სახე შეცვლილიყო. საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სალიხ შაინიძემ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კი - ლაურა მიქავამ განიხილა.



კომენტარები