სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა აპლიკანტთან დავაში მორიგი მარცხი განიცადა- „ახალგაზრდა ადვოკატები“

26 აპრილი, 2022

2022 წლის 20 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2021-2022“ კონკურსანტს ქულობრივი ზღვარის (30 ქულა) გადაულახავობისა და მიღებული შეფასების - 29.7 ქულის გამო, უარი ეთქვა კონკურსის მესამე ეტაპზე გადასასვლელად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს კი აპლიკანტთან მიმართებით, კანონით დადგენილ ვადაში, კონკურსის მესამე ეტაპზე გადასასვლელად და გასაუბრების უზრუნველყოფის მიზნით, ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2021-2022“-ის კონკურსში სახელმწიფო გრანტის მონაწილეობის მისაღებად, პირველი - განაცხადის (ადმინისტრაციული) შეფასების ეტაპი გადალახა 177-მა კონკურსატმა. კონკურსის მეორე (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გადასულ კონკურსანტთა შეფასების ფორმად განისაზღვრა შემდეგი კრიტერიუმები: 1 გამოცდილება (სასწავლო/სამუშაო), 2. მოტივაცია, 3. სამომავლო გეგმები, 4. კონკურსანტის პასუხისმგებლობა, მზაობა, დამოკიდებულება სასტიპენდიო პროგრამის მიმართ (Attitude), 5. სამოტივაციო წერილის საერთო სიძლიერე. დადგინდა, რომ აღნიშნულ ეტაპზე თითოეული კრიტერიუმი ფასდებოდა ქულობრივი სპექტრით 1-10 კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, 2021 წლის 16 ივნისის საკონკურსო კომისიამ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ საერთო გამსვლელი ქულად განისაზღვრა - 30.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სარჩელის ავტორმა აპლიკანტმა 2021 წლის 17 ივნისს ცენტრის გადაწყვეტილება მიიღო, რომითაც უარი ეთქვა ქულობრივი ზღვარის (30 ქულა) გადალახვაზე და მიღებული შეფასება შეადგენდა - 29.7 ქულას. აპლიკანტი კომისიის 8 წევრიდან 6 წევრმა შეაფასა. მხოლოდ კომისიის 2 წევრის შეფასებამ განსაზღრვრა აპლიკანტის მდგომარეობა, რომლებმაც „საშუალო“ შეფასება მისცეს სარჩელის ავტორი აპლიკანტის დოკუმენტაციას, თუმცა სასამართლო წესით, მხარემ დაადგინა, რომ აპლიკანტს კონკურსის შესაბამისად, ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი სრულფასოვნად ჰქონდა წარდგენილი, მათი შინაარსობრივი მხარე ზედმიწევნით ასახავდა კონკურსით წარდგენილ მოთხოვნებს და კომისიის შეფასება უნდა მიჩნეულიყო დაუსაბუთებლად. სასამართლო განხილვის პროცესში, ცენტრმა სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნები არ ცნო და აღნიშნა, რომ საკონკურსო პროცესი მთლიანად საკონკურსო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა და ცენტრი რაიმე ფორმით არ მონაწილეობდა კონკურსანტების შეფასებებში. ცენტრი ვერ განსაზღრავდა კომისიის დამოუკიდებელი წევრის ნების ფორმირებას. საკონკურსო მასალა კომისიის წევრებისთვის ფასდებოდა ინდივიდუალურად და ურთიერთდამოუკიდებლად, მაგრამ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა საკონკურსო კომისია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ცენტრის მხრიდან სათანადო მტკიცება წარმოდგენილი ვერ იქნა. ამასთან, შედავება ვერ იქნა წარმოდგენილი მიღებული შეფასებების დასაბუთების ნაწილში, რამაც სადავო ბრძანება კანონსაწინააღმდეგოდ აქცია.

სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელის ავტორი აპლიკანტის შუამდგომლობდა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, საკონკურსო კომისიის შეფასებისას არსებობდა თუ არა რაიმე დასაბუთება კომისიის წევრების ქულების განსაზღრასთან მიმართებით. სასამართლომ ცენტრს დაავალა შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა. 2021 წლის 27 დეკემბრის სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წერილით, სასამართლოს ეცნობა, რომ საკონკურსო კომისიას არ აქვს კონკურსანტისთვის მინიჭებული ქულების დასაბუთების ვალდებულება. ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას წარმოედგინა კონკურსანტის სხვა შეფასების დოკუმენტი სასამართლო დავის ფარგლებში უკვე წარმოდგენილი შეფასების დოკუმენტისგან განსხვავებული ფორმით. წერილს ხელს ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე აწერს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სამართლებრივ განმარტებებს არ დაეთანხმა და აპლიკანტის დარღვეული უფლებების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. სარჩელის ავტორმა აპლიკანტმა სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისს მიმართა. საქმე მოსამართლე: ნინო ბუაჩიძემ განიხილა.

ცნობისთვის: 2022 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, საერთო სასამართლოების წარმოებაშია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მონაწილეობით 15 მიმდინარე საქმე. მათ შორისაა „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობით 3 საქმე. ორგანიზაციის შეფასებით, ცენტრის საქმიანობა და კონკურსების გამჭვირვალობა კრიტიკულ ზღვარს ცდება. ამაზე მეტყველებს სახელმწიფო აუდიტის დასკვნაც და ცენტრის წინააღმდეგ, 2016 წლიდან ორგანიზაციის წარმატებით დასრულებული საქმეები.



კომენტარები