ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგები, შემდგომი რეაგირების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა. შესწავლა და პრობლემები, რომელიც სახეზეა, საზოგადოებრივი ორგანიზაციის შეფასებებთან ერთად, მოითხოვს სახელმწიფო კომპეტენტური უწყებების სათანადო წესით ჩართვას და კანონის საფუძველზე რეაგირებას - ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ წერილში.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განმარტებით, უწყება კანონმდებლობით მინიჭებულ აუდიტორულ საქმიანობას ახორციელებს წინასწარ დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად. ამ მიზნით, აუდიტის ობიექტების შერჩევა ხორციელდება რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე. ამ ეტაპზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადამიანური რესურსი სრულადაა ჩართული 2022 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული აუდიტების განხორციელების პროცესში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, ორგანიზაციის წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის შესახებ გათვალისწინებული იქნება მომავალში, გეგმური შემოწმებისათვის აუდიტის ობიექტების შერჩევის მიზნით განხორციელებული რისკების შეფასებისას. უწყების პოზიცია ორგანიზაციას 2022 წლის 19 აპრილის წერილით გახდა ცნობილი, რომელსაც ხელს სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აწერს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2022 წლის 8 აპრილს მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელიც სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საქმიანობას, კანონშესაბამისს მოქმედებებსა და სოციალური მუშაობის სფეროში გამჭვირვალობის დადგენას შეეხება. მონიტორინგმა არაერთი დარღვევა და კანონშეუსაბამო ფაქტები წარმოაჩინა. მაგალითად, თბილისში, 62 სოციალური მუშაკიდან, 26 სოციალურ მუშაკს აკადემიური ხარისხი არ გააჩნია, სააგენტო კი ბიოგრაფიებს მალავს (ვრცლად, იხ. http://www.barristers.ge/ge/page/news_item/1763) შედეგად, ორგანიზაციამ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის აღსრულებისა და მოთხოვნების შესაბამისი გადაწყვეტილებების შეფასების მიზნით, 22 შეკითხვით მიმართა, რომელიც შეეხებოდა სოციალური მუშაკის სამსახურში მიღების, დაწინაურებისა თუ პასუხისმგებლობის საკითხების დადგენას, კვალიფიკაციის ხარისხს, კონკურსების გამჭვირვალობას, თვითშეფასების პოლიტიკას, სტრატეგიული დოკუმენტების შინაარს, საჩივრების მიმღებლობის ხარისხს, სოციალური დაცვის გარანტიებსა და სააგენტოს ბიუჯეტის მიზნობრიობას. ორგანიზაციის შეფასების ინტერესი ქ. თბილისის ტერიტორიულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის შემოწმება წარმოადგენდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.