„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლო გადაწყვეტილებების საზოგადოებრივი კონტროლის ახალ ფორმატს ქმნის

23 მაისი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზარდა ადვოკატები“ ახალი ინიციატივით გამოდის და სასამართლო გადაწყვეტილებების საზოგადოებრივი კონტროლის სადისკუსიო ფორმატს ქმნის. მიზანი - გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის, სასამართლო ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდის, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში არსებული მიდგომების, მართლმსაჯულებაზე შესაძლო გავლენების კვლევისა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოკიდებულებების შეფასებაა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით,  სასამართლო გადაწყვეტილებების საზოგადოებრივი კონტროლის სადისკუსიო ფორმატის ფარგლებში მოწვეულნი იქნებიან იურიდიული სფეროს წარმომადგენლები, ადვოკატები, ექსპერტები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება ერთგვროვანი სასამართლო პრაქტიკისთვის დასრულებული ან მიმდინარე გადაწყვეტილებების განხილვა. ფორმატი და სადისკუსიო პროცესი გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირებით და განსახილველი გადაწყვეტილების ირგვლივ წარმოდგენილი მოსაზრებები რეკომენდაციების სახით მიეწოდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოს, როგორც მართლმსაჯულების განხორციელებაზე პასუხიმგებელ კონსტიტუციური ორგანოს, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აგრეთვე, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში დიპლომატიურ კორპუსს.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ბოლო წლებში, სულ უფრო მეტი კრიტიკა ისმის სასამართლოს ცალკეული გადაწყვეტილებებისა და მოსამართლეთა საქმიანობის მიმართ. სასამართლოს უპირეველის ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან. მართლმსაჯულების მიზანია დარღვეულ უფლებებში მოქალაქეების თუ იურიდიული პირების აღგენა. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს „საქართველოს სახელით“, რაც გულისხმობს მის  მიმართ ინსტიტუციური, ხოლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი მოსამართლის მიმართ - ინდივიდუალური ნდობის საჭიროებას.  ამგვარი ნდობის ჩამოყალიბების ეფექტური საშუალება მიღებული გადაწყეტილებების კანონიერება, დასაბუთებულობა და პროცესის გამჭირვალობაა, ვინაიდან პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი პასუხგაუცემელი კითხვა ბადებს საფუძვლიან ეჭვს, როგორც ინტიტუტის, ასევე მოსამართლის მიუკერძებლობისა და დამოუკიდებლობის მიმართ. სწორედ ამ მნიშვნელობის წარმოჩენას, კრიტიკას თუ აუცილებლობას მოემსახურება ორგანიზაციის ახალი ფორმატი.

სწორედ სასამართლოს საზოგადოებრივი კონტროლი არის ის მთავარი ბერკეტი და მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც  ხალხს შეუძლია მიღებული გადაწყვეტილებების გამჭირვალობისა და შეფასების უზრუნველყოფა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ახალი ინიციატივის ფარგლებში ახალ ფორმატს 2022 წლის მაისის თვეში გამართავს. აგრეთვე, ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის, თუ რა წინაპირობების დაცვის შედეგად მოახდენს ორგანიზაცია სადისკუსიო გადაწყვეტილების შერჩევას და წარმოდგენას.



კომენტარები