მოსამართლის გადაწყვეტილებით ახალგაზრდა კომპოზიტორი გერმანიაში კონცერტებზე გაემგზავრება

31 მაისი, 2022

2022 წლის 31 მაისს, ცნობილი ახალგაზრდა ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის ც.ზ.ს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საზღვარგარეთ, საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის გამგზავრების უფლების მოპოვებაზე, ახალი გადაწყვეტილება მიიღო, კანონიერი წარმომადგენლის - მამის უფლება შეზღუდა და მისი თანხმობის გარეშე ამღზრდელ ბებიასა და მუსიკალურ პედაგოგს ნებართვა დართო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განეხორციელებინა. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ახალგაზრდა კომპოზიტორი საქმეზე უკვე მესამედ მიიღო გადაწყვეტილება და ყველა შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლის - მამის თანხმობის გარშე ამღზრდელ ბებიასა და მუსიკალურ პედაგოგს ნება მიეცა არასრულწლოვანის საზღვარგარეთ გაყვანაზე. კერძოდ, 2021 წლის 20 სექტემბერს (აღნიშნული გადაწყვეტილებით ბებიამ მიიღო პასპორტის დამზადების უფლებაც, ვინაიდან მამამ მასთან არსებული პასპორტი არ გასცა), 2021 წლის 8 ნოემბერს და 2022 წლის 31 მაისს. წინა დროებითი განკარგულებები მოსამართლე მანანა მესხიშვილმა მიიღო, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი - მამა დაუპირისპირდა, დაადანაშაულა მიკერძოებაში, მოსამართლემ 2022 წლის 12 იანვარს, სასამართლოს რეპუტაციის დაცვის მიზნით, საქმიდან აცილების გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად, დავას მოთხოვნებზე: შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, შვილიშვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება, ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის უფლება, მოსამართლე ლელა ჭინჭარაული განიხილავს, რომლის 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით, ფილიპ პომელის სახელობის ფრანგულ ფსიქოთერაპიის ცენტრს დაევალა მხარეთა ფსიქოკონსულტირება, ფსიქოთერაპიის განხორციელება, რაც მიმდინარეობს.

მოსამართლე ლელა ჭინარაულის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესს დასკვნებს შეიცავს, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვას და ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განხორციელების მიზნებს. შესაბამისად, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ორგანიზაცია მიზანშეწინილად მიიჩნევს დროებითი განკარგულებიდან სასამართლოს შეფასების მთავარი ამონარიდი საზოგადოებას გააცნოს.

კერძოდ, სასამართლო ბრძანებს: „იმის გათვალისწინებით, რომ ც.ზ. პროფესიულ დონეზეა დაკავებული ფორტეპიანოთი, აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ საქმიანობაში, არასრულწლოვნის შემოქმედებითი ვიზიტები კი მნიშვნელოვანია მისი ინტერესების, განვითარების და სამუსიკო ხელოვნებაში აქტიური ჩართულობის თვალსაზრისით, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი უნდა მოწესრიგდეს იმგვარად, რომ არ დაზიანდეს ც.ზ.-ის ინტერესები, რაც უარყოფითად იმოქმედებს ც.-ს არამხოლოდ შემოქმედებით განვითარებაზე, არამედ მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, რაც სასამართლოს უპირველესი ზრუნვის საგანია.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს გიორგი ზ.-ის პოზიციაზე და განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებს შეგებებული სარჩელით მოპასუხე მხარის პოზიციას და უარს ეტყვის შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარეს დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ შუამდგომლოვის დაკმაყოფილებაზე, მარტივი წარმოსადგენი იქნება არასრულწლოვანი ც.ზ.-ს ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. ბავშვი ემზადება საკონცერტო გამოსვლისთვის, აქვს მოლოდინი გამგზავრებისა და დადებითი ემოციებით ელოდება კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯის გადადგმას. ამგვარად, დატვირთული და სიხარულით გამგზვარებისთვის მომლოდინე ბავშვისთვის ცნობილი თუ გახდება სასამართლოს მიერ მის საკონცერტო გამოსვლაში გამგზავრებისთვის უარის თქმის და ხელშეშლის თაობაზე, სტრესის ფონზე, შესაძლოა მას განუვითარდეს აგრესია და მისი არწასვლის საბაბად მიიჩნიოს მამა (საქმიდან გამოკვეთილი მამა-შვილს შორის დამოკიდებულებების მიხედვით), ასევე, სასამართლო, შესაბამისად, იგი მეტად გაუცხოვდება მამის მიმართ, შესაძლოა დაკარგოს ნდობა სასამართლოსადმი.

არასრულწლოვნისთვის, მისი ასაკის გათვალისწინებით, აღნიშნული მოცემულობის (თუნდაც სამართლიანის) განმარტება და გაგება თითქმის შეუძლებელი იქნება. ბავშვი ვერ გაერკვევა სასამართლო რატომ უშლის ხელს წარმატების მიღწევაში ან რატომ არ ეთანხმება მამა. ისედაც შექმნილი დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, იგი დაიტვირთოს უარყოფითი ემოციებით მამის (ასევე სასამართლოს) მისამართით, რაც არც სასამართლოს მიზანია და არც შეგებებული სარჩელით მოპასუხის ინტერესს უნდა წარმოადგენს. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული დროებითი განკარგულების მიღების მიზანი მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაა“ (სტილი დაცულია).

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ ახალგაზრდა კომპოზიტორის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის - მამის განცხადების საფუძველზე, კიდევ ერთ საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, სადაც დავის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვანი შვილების განცალკევება და ამ მიზნით, დამცავი ორდერის გამოცემა. ბავშვების მამა მოითხოვს შვილები საცხოვრებლად, დროებით, 9 თვის განმავლობაში, გადავიდნენ ბებიის საცხოვრებელი სახლიდან პროკურორ ზაზა კვირკველიას ოჯახში. ზაზა კვირკველია ბავშვების მამის სიძეა. ამასთან, მამა მოითხოვს 9 თვის მანძილზე, ბავშვებს შეეზღუდოს აღმზრდელ ბებიასთან და ერთ-ერთი არასრულწლოვნის შემთხვევაში, მუსიკალურ პედაგოგთან ყოველკვარი კომუნიკაცია. 2022 წლის 24 იანვარს, მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, ფარული და კორუფციული შეთანხმებების ზედაპირზე გამოვლენის გამო, საზოგადოებამ მოისმინა ბავშვების ბებიის ოჯახისა და „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთობლივი განცხადება, რომლითაც ორი სოციალური მუშაკი მოქმედი პროკურორის მფარველობაში იქნა მხილებული. კანონიერმა წარმომადგენელმა - მამამ 2022 წლის 29 მაისს სოციალური ქსელის პირად გვერდზე საჯარო წერილი გამოაქვეყნდა და საქმისწარმოების გაჭიანურების გამო, დასახელებული დავის განმხილველი მოსამართლე, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, კორუფციული გარიგებების თანამონაწილედ გამოაცხადა. საკითხზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს შესწავლა.

რაც შეეხება ახალგაზრდა კომპოზიტორის საზღვარგარეთ დაგეგმილ ღონისძიებებს - იგი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენში საქველმოქმედო გალა-კონცერტში. შემდეგ, ციხე-სიმაგრე ელმაუსში, ხოლო დამასრულებელი გამოსვლები დაგეგმილია ჰოენემის სასახლეში. კონცერტების პერიოდი მოიცავს 2022 წლის 2 ივნსიიდან 15 ივნისის ჩათვლით პერიოდს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, გააგრძელებს ახალგაზრდა კომპოზიტორის საქმეზე დაცვის სტრატეგიის განხორციელებას, ყოველთვის დაიცავს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, ნებისმიერი ფორმით ამხელს უკანონო და სწორედ ფარულ გარიგებებს, იმოქმედებს და იხელმძღვანელებს მტიცებულებებითა და იმ სინამდილით, რომელიც სახეზეა.



კომენტარები