თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია კომპანია „Sinohydro“-ს წინააღმდეგ მოქალაქე მაყვალა ჯაფარიძის სარჩელის განხილვას იწყებს. მოქალაქე ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის პროცესში დაზარალდა, უნებართვოდ იქნა გამოყენებული მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი ქობულეთის მუციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, ჭაინათის დასახლებაში და დაზარალებული ოჯახის მიმართ, კომეპენსაციის გადახდა, არ მომხდარა. დამდგარი ზიანი, მათ შორის მიუღებელი შემოსავლის სახით, 60,000 ლარს აღემატება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება, რომ მოქალაქე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, კერძოდ მდ. კინტრიშზე, ჭაინათის დასახლებაში ფლობს მიწის ნაკვეთს, რომელის დანიშნულებაცაა სასოფლო-სამეურნეო და ფართობი გამოიყენებოდა საყანე სარგებლობისთვის. აღნიშნულზე მიუთითებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის თემის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 27 დეკემბრის ცნობა. ამასთან, 2014 წლის 19 აგვისტოს შესრულებული აზომვითი ნახაზი და დაზუსტებულია უძრავი ქონების ადგილმდებარეობა, მოსაზღვრე ნაკვეთების მართლზომიერი მფლობელები/მესაკუთრეები. კომპანიამ, რომელმაც უზრუნველყო ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა, ოჯახთან შეთანხმების გარეშე, ისარგებლა კუთვნილი მიწის ნაკვეთით, ამოიღო ინერტული მასალა, რაზედაც არც ერთ ეტაპზე, ოჯახის არც ერთ წევრს, თანხმობა არ გაუცია. კომპანიის თვითნებური მოქმედება დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტებით. მხარისთვის ცნობილი გახდა, რომ სხვა მიწის ნაკვეთის მოსარგებლეთა მიმართ გაცემული იქნა ნაკვეთის შესყიდვისა და კომპენსაციის თანხები, თუმცა არა - მოსარჩელისთვის, რომლის საყანე ტერიტორია მთლიანად ინერტული მასალისთვის იქნა გამოყენებული. მიწა გახდა გამოუსადეგარი, ღრმა თხრილებით, რომელიც მოიცვა ჭაობმა, რაც დღემდე ასეთ მდგომარეობაშია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2016-2019 წლებში, არაერთი წერილობითი მოთხოვნა გაიგზავნა, როგორც კომპანიის მიმართ კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით, ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ საკითხზე დახმარებისა და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების მოთხოვნით. კომპანიამ ყველა ეტაპზე დუმილი ამჯობინა, ხოლო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოქალაქის წინაშე სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოიხსნა და ვალდებულებების შესრულება კომპანიის უფლებამოსილებად მიიჩნია. დგინდება, რომ კომპანიის მიერ საქართველოს გარემოზე მიყენებულმა მნიშვნელოვანმა ზიანმა კოლოსალური თანხა - 233,241.06 ლარი შეადგინა. ორგანიზაციამ შეისწავლა კომპანიის მიმართ დაკისრებული სახდელის ფინანსური მოცულობაც, რამაც, 2013 წლის 6 ივნისიდან 2017 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით, 46 სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა 62,686,98 ლარი, სასამართლოში წარმოდგენილი პოზიციით კი, კომპანია „სინოჰიდრო“ მოთხოვნას არ აღიარებს და სარჩელს არ ცნობს.
დაზარალებული მოქალაქის საკითხის შესწავლის პროცესში დგინდება, რომ როგორც კომპანია, ასევე დეპარტამენტი მიუთითებენ, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს, მაყვალა ჯაფარიძის კუთვნილი მიწის ნაკვეთების გამოყენება ნამდვილად მოხდა, თუმცა დღემდე მოქალაქე სამართლებრივი უფლების დაცვის გარეშეა. ორგანიზციამ ადგილზე მოამზადა დაზარალებული მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მდგომარეობის თაობაზე ფოტო-მასალაც, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გავერანებულია. აღნიშნულზე სდუმს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურიც.
ცნობისთვის: ორგანიზაციამ საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში „სინოჰიდროს“ საქმიანობაზე კვლევა 2018 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით, სასამართლოში წარადგინა მაყვალა ჯაფარიძის სარჩელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მესამე პირები: „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ და კომპანია „DOHWA Cansulting Engineers Co. Ltd"-ის მიმართ. ახალი სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყების საფუძველზე, სასამართლომ ადმინისტრაციული წარმოება შეაჩერა. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თეონა ეპიტაშვილი განიხილავს, რომელმაც, მოქალაქი სოციალური მდგომარეობის გამო მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზეც. სწორედ ამ საფუძვლებიდან გამომდინარე, მხარე არ გამორიცხავს დავა კომპანიასთან დაასრულოს მორიგებით.
საქმეზე პირველი სხდომა 2022 წლის 21 ივნისს გაიმართა. მხარეებმა დავის მორიგებით დასრულების შესაძლებლობა განიხილეს, რაც არ გამორიცხა კომპანიის წარმომადგენელმა. სწორედ ამ მიზნით, მომდევნო სხდომა 2022 წლის 27 სექტემბერს გაგრძელდება. მაყვალა ჯაფარიძის კანონიერ ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს.